|
|
"რეზონანსი "
შეწყვეტილი დიალოგი რუსიკო მაჩაიძე
გაერთიანებული ოპოზიცია დიალოგს წყვეტს. ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ მეორე ნაწილი - "ახლები" და "მრეწველები" - მაინც გააგრძელებს დაწყებულ დიალოგს. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მემორანდუმის საკითხები ოპოზიციის გარეშეც შესრულდება. ვიცე-სპიკერი კი ეჭვობს, რომ დიალოგის გარეშე ბევრი საკითხი ვერ შეიცვლება. ისიც ცნობილია, რომ 15 თებერვალს საპროტესტო აქცია ყველაფრის მიუხედავად გაიმართება. ამის შემდეგ მოვლენები როგორ გაგრძელდება, ამაზე არავინ ფიქრობს. პარლამენტის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე გოგა ხაინდრავამ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებაში დღეს არ არსებობს ადამიანი, ვისაც სააკაშვილის გარეშე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. მისივე თქმით, მოლაპარაკებების წინა ორ რაუნდზე ბურჯანაძესთან შეხვედრისას ოპოზიციამ მიაღწია ზეპირ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებას ნოემბრის აქციების დროს დაკავებული ადამიანები პატიმრობიდან 8 თებერვლამდე უნდა გაეთავისუფლებინა, ასევე თანამდებობიდან უნდა გადაეყენებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი და ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი. ეროვნული საბჭოს წევრები ეჭვობენ, რომ მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმების შესრულების უფლება ბურჯანაძეს სწორედ სააკაშვილმა არ მისცა. უმრავლესობას იმედი აქვს, რომ დიალოგის შეწყვეტა ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს არ სურს. პალიკო კუბლაშვილი დარწმუნებულია, რომ "პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსები დიალოგს არ შეწყვეტენ." 15 თებერვლამდე დიალოგის შეწყვეტას არ აპირებენ "ახლები" და "მრეწველები". "ჩვენ დრო მივეცით 15 თებერვლამდე და, თუკი ამ დროისთვის არ მოხდა მოთხოვნების შესრულება, მაშინ შევუერთდებით აქციას," - აცხადებს "ახლების" წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე. ხელისუფლების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმებები არ დაურღვევიათ და "მათი მოთხოვნები უსაფუძვლო და გაუგებარია." "ვერ ვხსნი, ამ თემამ რატომ წამოიწია. ეს თემა არის შეთანხმებული, გადაწყვეტილი და გავლილი. ახლა სწორედ იმაზე მიმდინარეობს მსჯელობა, როგორ შესრულდეს," - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი. მისი განმარტებით, "მაუწყებელთან დაკავშირებით მემორანდუშმი წერია, რომ აუცილებელია, შეირჩეს სამეურვეო საბჭო. ვადა მთავრდება 21 თებერვალს და ერთ-ერთ მუხლში სწერია ორივე მხარისთვის მისაღები კანდიდატურის შერჩევაზე. რაც შეეხება პატიმრებს, პოზიცია ცნობილია და აქედან ბევრი საერთოდ არ არის ნოემბრის მოვლენების გამო დაკავებული." ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება გარკვეულ საკითხებს მაინც შეასრულებს, იმის მიუხედავად, გაგრძელდება თუ არა დიალოგი: "რაღაც საკითხებზე ახლავე შეიძლება ვთქვათ, რომ შესრულება გადაწყვეტილია. მაგრამ არის საკითხები, რომლის რეალიზება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი შეთანხმება მოხერხდება." როგორც ჩანს, ხელისუფლება თანახმაა, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული საკითხები შეასრულოს, მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ არა დიალოგი. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ განცხადება ბურჯანაძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მაინც მხოლოდ ხელისუფლების კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული. "ჩვენ გვქონდა შეხვედრა ეუთოს მისიის წარმომადგენლებთან და სერიოზულად ვფიქრობთ საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფაზე. ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის საკითხი. ეს არის სადამკვირვებლო მისიების მემორანდუმში ასახული საკითხები და ჩვენ გვინდა, რომ საარჩევნო პროცესი იყოს მაქსიმალურად დახვეწილი," - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიუროს გადაწყვეტილებით გუშინ უკვე მოხდა მემორანდუმის ერთ-ერთი საკითხის საკანონმდებლო ინიცირება, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას გულისხმობს. ამ ცვლილებით ახლადარჩეული პარლამენტი მთავრობას ნდობას გამოუცხადებს. თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ "ინიცირება მიღებას არ ნიშნავს და გამორიცხული არ არის, რომ ამის შეცვლა არც კი მოხდეს."
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |