|
|
"რეზონანსი "
პურის გაძვირების მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო: მთავრობისა და მეწარმეების მოსაზრებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება მაკა ხარაზიშვილი
პურის გაძვირებას ისევ გვაპარებენ. მეპურეები პურზე ფასის გაზრდას ითხოვენ, მთავრობა კი მათ ამაზე ფიქრსაც უკრძალავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში დარწმუნებით აცხადებენ, რომ პური არ გაძვირდება. ამ განცხადების ფონზე მეწარმეები წუწუნებენ, რომ მათი ბიზნესი ინგრევა და ურჩევნიათ წარმოება ან შეამცირონ, ან საერთოდ გააჩერონ. ბიზნესმენები ერთმანეთში დაუფარავად საუბრობენ, რომ ამჟამად პურის რეალური ფასი 0,9-1 ლარი უნდა იყოს. ბოლოდროინდელი ტენდენცია სწორედ ამისი დადასტურებაა. შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული პური 15-20 თეთრით გაძვირდა და ახლა ყველგან 70 თეთრი ღირს. ძნელი სათქმელია, რამდენად გარისკავენ მეწარმეები წინასაარჩევნოდ პროდუქციის გაძვირებას. თუკი სიტუაცია არ შეიცვალა, არჩევნების შემდეგ პურის გაძვირებას წინ აღარაფერი დაუდგება. უკვე რამდენიმე დღეა, საზოგადოებაში პურის მოსალოდნელი გაძვირების გამო პანიკა შეინიშნება. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ალეკო ცინცაძის განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან პური არ გაძვირდება. ამ განცხადების ფონზე, მეწარმეები შიდა საუბრებში ამბობენ, რომ გარე თუ შიდა ფაქტორების გათვალისწინებით, მეპურის საქმიანობა არარენტაბელური ხდება. მთავრობისაგან დაშინებული ბიზნესმენები ამ პრობლემაზე ღიად ვერ საუბრობებენ. ეს გასაგებიცაა, მთავრობისთვის არასასურველი ერთი სიტყვის გაჟღერებაც და მეორე დღესვე მათ კომპანიებში ფინანსური პოლიცია გამოჩნდება. მათ ისიც იციან, რომ არსებული სასამართლო სისტემის პირობებში მთავრობასთან დაპირისპირებას აზრი არ აქვს. ასე რომ, თუ პური ისევ გაძვირდა, საქართველოში ადამიანს არსებობისთვის ყველა გზა ესპობა. ტრანსპორტის ღირებულება გაორმაგდა, კომუნალური გადასახადებიც ლამის 100%-ით გაიზარდა, სასურსათო პროდუქტზე ფასები თითქმის ყოველთვე იცვლება. გაზის, დენისა და ტრანსპორტის გაძვირებული ტარიფები საქართველოს მოქალაქეებს არა მარტო გადასახადების სახით დააწვა, არამედ სამომხმარებლო კალათაში ფასების ავტომატური ზრდაც გამოიწვია. ამ ეტაპზე კი საერთო სიძვირეს პურის გაძვირებაც თუ დაერთო, ექსპერტები დიდი სოციალური მღელვარების დაწყებას ვარაუდობენ. ალეკო ცინცაძის განცხადებით, ცოტა ხნის წინ პურის გაძვირებაზე მსოფლიოში არსებულმა ფაქტორებმა იმოქმედა. ხორბლის იმპორტიორ ქვეყნებში, საიდანაც საქართველო იმპორტს ახორციელებს, მცირე მოსავალი მოვიდა და შესაბამისად პროდუქცია გაძვირდა. ცინცაძის თქმით, რომ არა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიება პური უფრო მეტად გაძვირდებოდა. "პურზე ამჟამინდელი ფასის შენარჩუნებას ხელი შეუწყო იაფი ხორბალის შემოტანამ. ეს პროგრამა ამჯერადაც გაგრძელდება. იმპორტიორები და მეწისქვილეები პურის გაძვირებაზე განცხადებების იმიტომ აკეთებენ, რომ ხორბალი მთელს მსოფლიოში გაძვირდა. იმპორტისთვის ალტერნატიული გზა უნდა მოვძებნოთ. მაგალითად, შესაძლებელია იმპორტი არგენტინიდან განხორციელდეს, სადაც დიდი მოსავალი მოვიდა და ფასიც ნაკლებია", - ამბობს ცინცაძე. "რეზონანსი": თუ მიმდინარეობს ამ ქვეყანასთან მოლაპარაკებები და რამდენად შესაძლებელია ხორბლის მოკლე ხანში შემოტანა. ალეკო ცინცაძე: ამ ეტაპზე საქართველოში ხორბლის საკმარისი რაოდენობის მარაგია, დაახლოებით, 84 ათასი ტონა. ხორბალი რუსეთიდან და ყაზახეთიდან შემოვიდა. არგენტინაში მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ჩვენ ხელს ვუწყობთ კომუნიკაციის დამყარებას, დანარჩენი ჩვენს იმპორტიორებზეა დამოკიდებული. მეპურეების განცხადებით, პურის გაძვირებაში დიდი წილი ხორბალზე ფასის მომატებას უჭირავს, თუმცა ამ პროცესზე შიდა ფაქტორებიც მოქმედებს. მზარდი ინფლაციის პირობებში მხოლოდ პურის ფასის შენარჩუნება შეუძლებელი ხდება. "ხორბლის ფასი მატულობს, შესაბამისად, ფქვილიც გაძვირდა. ენერგეტიკული რესურსი და წყალი თითქმის 80%-ით გაგვიძვირდა, ასევე მოიმატა მარილისა და ზეთის ფასმა. თუ ვინმე პურის გაძვირებას უარყოფს, ის, უპირველესად, მომხმარებელს ატყუებს, მერე საკუთარ თავს. სხვანაირად პურის საცხობები ვერ იმუშავებენ. ამ პირობებში აღნიშნული ფასის შენარჩუნება სადამდე შეიძლება. მაშინ წონა უნდა შევამციროთ. წონადაკლებული პური კი დამახინჯებულია, ვინაიდან ტექნოლოგია ირღვევა და პურის ხარისხი მცირდება. ქვეყანაში, როდესაც ყველაფერი ძვირდება, ბუნებრივია, ეს ნებისმიერი პროდუქტის წარმოებაზე მოქმედებს და მისი ფასის პერმანენტული ზრდა აუცილებელი ხდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში ერთ-ერთი მეპურე. საქართველოს სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის კვების რაციონში ყველაზე მეტი წილი პურს უჭირავს. ამიტომაც მათ ბიუჯეტზე ყველაზე მძიმედ გაძვირებული პურის აისახება. ელექტროენერგიის ტარიფის 17,6 თეთრამდე გაზრდის გამო ადგილობრივი წარმოების პროდუქცია ერთხელ უკვე გაძვირდა. პურპროდუქტებში ენერგეტიკის საერთო წილი 10-12%-ს შეადგენს. ამჯერად პურისა და პურფუნთუშეულის გამოსაცხობად საჭირო მასალების სიძვირე, ამ პროდუქტის გაძვირებას ხელს უწყობს. ყველაფერთან ერთად, ორგანიზაციათა ხელმძღვანელები ფულის გაუფასურების გამო თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის აუცილებლობის წინაშეც დგანან. მეპურეებმა მრავალნაცადი ხერხი უკვე გამოიყენეს და ხარჯების დასაბალანსებლად პურის წონა შეამცირეს. ამ ეტაპზე ერთადერთი გზა გაძვირებაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ მთავრობა პურის გაძვირებას არ დაუშვებს, ამიტომ მათი ვარაუდით პური ზაფხულში გაძვირდება.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |