|
|
"რეზონანსი "
"ქართველი ლეგიონერი" საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ლეგენდას - დიმიტრი ამილახვარს ეძღვნება: ამ ფილმის გადაღება არამარტო ქართველების, არამედ ფრანგების ღირსების საქმეცაა ლელა ოჩიაური
კინოს სახლში გაიმართა გოგი თორაძის ახალი დოკუმენტური ფილმის "ქართველი ლეგიონერი" ჩვენება. ამ ფილმის შექმნის იდეა დიდი ხანია არსებობდა, მაგრამ მხოლოდ ახლა განხორციელდა. ალბათ, ამიერიდან, პიროვნება, რომელსაც ის ეძღვნება, ისევე სამაგალითოდ იქცევა ქართული საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით, სამხედრო პირებისთვის, როგორც ფრანგებისთვის იქცა. ფილმი დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანეშია" შექმნილი, სცენარის ავტორები არიან გოგი თორაძე და ნონა ღამბაშიძე, ოპერატორი - რევაზ მახათაძე, რეჟისორის ასისტენტი - ნინო ონოფრიშვილი. შემოქმედებით ჯგუფს გადაღებებში დახმარება გაუწიეს საფრანგეთის საელჩომ და სამხედრო ატაშემ ამიერკავკასიაში; საფრანგეთის საელჩომ და სამხედრო მისიამ ეგვიტეში; უცხოურმა ლეგიონმა საფრანგეთში და სენ-სირის სამხედრო სკოლამ პარიზში. საქართველოს მხრიდან ფილმი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფონდმა და "თი ბი სი" ჯგუფმა, მამუკა ხაზარაძემ დააფინანსეს. დიმიტრი ამილახვარი, საფრანგეთის ეროვნული გმირი, ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა საფრანგეთის ისტორიაში, რომლის სამხედრო ტაქტიკას რამდენიმე ათეული წლის შემდეგაც კი ასწავლიან საფრანგეთის სამხედრო აკადემიის კურსანტებს და რომელიც საფრანგეთის ეროვნულ ღირსებას წარმოადგენს - 1906 წლის 12 ნოემბერს, გორში დაიბადა, საქართველოს სამეფო გვირგვინის მხედრის ტიტულის მფლობელის, ზედგენიძეების შთამომავლების ოჯახში; 1921 წელს კი, ოჯახთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ამის შემდეგ იწყება დიმიტრი ამილახვარის სამხედრო კარიერა და გმირობით აღსავსე ცხოვრება - სენ-სირის სამხედრო აკადემიის კურსანტიდან, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მე-13 პოლკის პოდპოლკოვნიკამდე, თავისუფალი ფრანგული ბრიგადის დაჯგუფების ხელმძღვანელობამდე - რომელიც 1942 წლის 24 ოქტომბერს, ბრძოლის ველზე, ეგვიპტეში გმირული სიკვდილით დასრულდა. დიმიტრი ამილახვარს უცხოური ლეგიონის მითურ ფიგურას უწოდებენ. არის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, მიღებული აქვს გათავისუფლებისთვის თანამებრძოლის მედალი (რომელიც უშუალოდ, გენერალმა დე გოლმა გადასცა), მედლები საბრძოლო დამსახურებებისთვის, მათგან ერთი - პალმის რტოთი და 2 - მადლობით და კიდევ რამდენიმე მადლობა. სწორედ ამ ლეგენდარული პიროვნების ბიოგრაფია, გმირული ცხოვრება და მასთან ერთად საფრანგეთის ლეგენდარული უცხოური ლეგიონის ისტორიაა ასახული გოგი თორაძის "ქართველ ლეგიონერში". როგორც ფილმიდან შევიტყობთ, დიმიტრი ამილახვარი საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა და ბევრისგან განსხვავებით, არამხოლოდ ოცნებობდა, არამედ მისი სამხედრო კარიერის უმთავრესი მიზანი, სწორედ ბოლშევიკებისგან სამშობლოს გათავისუფლება იყო, მაგრამ სიცოცხლე საფრანგეთის თავისუფლებას და ნაცისტებთან ბრძოლას შესწირა. თანამედროვე საფრანგეთში მის სახელს ნაპოლეონისა და დე გოლის გვერდით ახსენებენ და ადგილს, საფრანგეთის ისტორიაში, მათ გვერდით მიუჩენენ. სენ-სირის სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელები, პედაგოგები კურსანტებს რამდენიმე ათეული წლის შემდეგაც დიმიტრი ამილახვარის საგმირო საქმეებზე ზრდიან. სწორედ ეს ადამიანები - სამხედრო პირები - მონაწილეობენ გოგი თორაძის ფილმში და დიმიტრი ამილახვარის სამყაროში გვიწევენ მეგზურობას. ინტერვიუებს ქართველი ლეგიონერისა და მისი ოჯახის მხოლოდ რამდენიმე (არსებული) ფოტო და ომის ქრონიკა ცვლის, ბრძოლის კადრები, სამყაროს სხვადასხვა წერტილში, რომლებშიც დიმიტრი ამილახვარი უშუალოდ მონაწილეობდა, მაგრამ მისი გამოსახულების გარეშე. არსებობს მხოლოდ ერთადერთი "ცოცხალი" კადრი, თუმცა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ დანაკლისს ფარავს. ქრონიკა სწორედ იმ მომენტს ასახავს, როდესაც გენერალი დე გოლი პოდპოლკოვნიკ ამილახვარს გათავისუფლებისთვის ბრძოლაში გამარჯვებისთვის თანამებრძოლის მედალს გადასცემს. გადამღები ჯგუფი ფეხდაფეხ მიჰყვება დიმიტრი ამილახვარის გზას. გადაღებები საქართველოში, გორში, საფრანგეთსა და ეგვპიტეში მიმდინარეობდა და სრულად წარმოაჩენს დასახულ მიზანს. სადადგმო ელემენტები, რაც ფილმის დოკუმენტურ ნაწილს ეჯაჭვება, პირველ რიგში, სწორედ საარქივო მასალის, დოკუმენტური, ქრონიკის კინოკადრების არარსებობითაა გამოწვეული, მაგრამ ორგანულად ერგება საერთო კომპოზიციას, იდეის გამოკვეთას უწყობს ხელს და მხატვრული დატვირთვა, ლირიზმი და სიღრმე შეაქვს ნაწარმოებში. იმის შესახებ, თუ როგორ გადაწყდა "დიმიტრი ამილახვარის" გადაღება, როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი და რა ნახა შემოქმედებითმა ჯგუფმა საფრანგეთსა თუ ეგვიპტეში, "რეზონანსი" ესაუბრა ფილმის რეჟისორს გოგი თორაძეს. "რეზონანსი": როგორ დაიბადა დიმიტრი ამილახვარზე ფილმის გადაღების იდეა. გოგი თორაძე: იცით, ალბათ, რომ ტელეფილმების სტუდიაში მუშაობდა ოპერატორი ირაკლი ონოფრიშვილი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, რომელსაც ძალიან დიდი საქმეები აქვს გაკეთებული. ფილმის გადაღების იდეაც მას ეკუთვნოდა და მისი გადაღების სურვილიც ჰქონდა. სულ მეუბნებოდა, გოგი, როგორი ქართველი კაცი გვყავდა იქ და რა კარგი იქნებოდა, მის შესახებ რაღაც გაგვეკეთებინაო. მაგრამ, ჯერ ერთი, დიმიტრი ამილახვარი სამხედრო პირი იყო და მაშინ გადაღება არ შეიძლებოდა, მეორეც, იდეა ფინანსების არქონის გამო, ვერ განხორციელდა. შემდეგ, გარდაცვლებამდე რამდენიმე თვით ადრე, ირაკლიმ მითხრა, ეს თემა ხომ არ ამოგვეწია თავიდან, იქნებ, ამაზე მუშაობა დავიწყოთ, მინდა, რომ ფილმი შენ გადაიღოო. ვერც კი მოვასწარით ორგანიზაციულ საკითხებში ჩართვა, რომ ირაკლი ონოფრიშვილი მოულოდნელად ხელიდან გამომგვეცალა. პროექტზე მუშაობა, პრინციპში, მე დავიწყე. ვინაიდან, იმ დროისთვის მოხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელეფილმების სტუდიის ოკუპაცია (რომელმაც, ფაქტობრივად, შეწყვიტა არსებობა), მივედი დოკუმენტური ფილმების სტუდიაში ჩემს კოლეგებთან, ვუთხარი, ასეთი პროექტი მაქვს-მეთქი. მათ ეს თემა მიიღეს და საქმეში შემოქმედებითი ჯგუფი ჩაერთო: დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი რედატორი ნონა ღამბაშიძე, რომელიც ფილმის პროდუსერი და ამავე დროს, სცენარის ავტორია ჩემთან ერთად და სტუდიის დირექტორი, ოპერატორი რევაზ მახათაძე. ჩემი ასისტენტი იყო ირაკლი ონოფრიშვილის შვილიშვილი ნინო ონოფრიშვილი. გადაღებებში ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია საფრანგეთის საელჩომ და სამხედრო ატაშემ ამიერკავკასიაში; საფრანგეთის საელჩომ და სამხედრო მისიამ ეგვიტეში, უცხოურმა ლეგიონმა საფრანგეთში და იმ აკადემიამ, სამხედრო სკოლამ პარიზში, სადაც დიმიტრი ამილახვარი სწავლობდა. შემდეგ ნონა ღამბაშიძემ დაიწყო თანხის ძიება ბიზნესმენებთან. რამდენიმე მათგანი დახმარებას გვპირდებოდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ როდესაც ჩვენ საფრანგეთიდან, გენერლებისგან თანხმობა მოგვივიდა, გვითხრეს, რომ საშუალება ახლა არა გვაქვს და იქნებ გადაღებების ვადები გადაწიოთო. რა მოგვივიდოდა, დაახლოებით, ხომ ხვდებით. 5 თვის განმავლობაში საფრანგეთში ვამზადებით ნიადაგს, რომ გადაღებები ერთმანეთს დამთხვეოდა და ბოლოს აქ, უარი გვითხრეს. "რ.": მერე, როგორ მოახერხეთ თანხის შოვნა. გ.თ.: გამოუვალი სიტუაცია შეიქმნა. ძალიან დიდი სირცხვილის წინაშე აღმოვჩნდებოდით. წერილი საქართველოს პრეზიდენტს მივწერეთ, ავუხსენით, რა მდგომარეობაშიც ვიყავით და ვთხოვეთ, რომ აუცილებული იყო ფილმის გაკეთება. მისი ფონდიდან თანხა გამოიყო და ასე გადავრჩით. გადარჩა ფილმი. შემდეგ, ეგვიპტეში გამგზავრებაში, "თი ბი სი" ჯგუფი, მამუკა ხაზარაძე დაგვეხმარა. "რ.": როგორ მიგიღეს საფრანგეთში. გ.თ.: რამაც დიდი სიამაყის გრძნობა გამიჩინა, როგორც ქართველს, ის იყო, რომ ვხედავდი, ფრანგი გენერლები, სამხედრო აკადემიის კურსანტები, როგორი პატივით გვეგებებოდნენ, ყველა სამხედრო ნაწილში სადილი გაგვიმართეს, რადგან დიმიტრი ამილახვარის - ისტორიული სამშობლოდან ვიყავით. გამაოცა და გამახარა იმანაც, რომ ყველა სამხედრო ნაწილს, სამხედრო აკადემიას, უცხოურ ლეგიონს მუზეუმები აქვს, სადაც არის ნაპოლეონის, გენერალ შარლ დე გოლის, კიდევ ერთი ფრანგი ოფიცრისა და პოდპოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარის კუთხეები, პარიზშიც მარსელშიც და გერშიც. მის საბრძოლო ტაქტიკებს, აკადემიაში ამდენი ხნის შემდეგაც ასწავლიან. იმ პერიოდის საარქივო მასალის ერთი წამი 1500 ევრო ღირს, ჩვენ კი, საფრანგეთის მხარემ 23 წუთის მასალა მოგვცა, სრულიად უსასყიდლოდ, ერთი ევროც კი არ გადაგვიხდია. საქართველოში არავის სჯეროდა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადავუხადო - საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, სამხედრო ატაშეს ამიერკავკასიაში, საფრანგეთის საელჩოსა და სამხედრო მისიას ეგვიპტეში, უცხოურ ლეგიონს და სენ-სირის აკადემიას. ერთმა გენერალმა, საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში შეხვედრის დროს, გვითხრა, ფილმის გადაღება არამარტო თქვენი, ქართველების, არამედ ჩვენი, ფრანგების, ღირსების საქმეცაა და დიდი მადლობა, რომ ამას აკეთებთო.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |