|
|
"რეზონანსი "
დეპუტატის მეუღლეს ყოფილი თანამშრომლები უპირისპირდებიან: განხეთქილება ეროვნულ ბიბლიოთეკაში მარი ოთარაშვილი
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში განხორციელებულმა რეორგანიზაციამ და ოპტიმიზაციამ 40-მდე თანამშრომელი უმუშევრად დატოვა. თანამშრომლების თქმით, დირექტორმა ბორის გაგუამ სამსახურიდან მათი დევნა მაშინ დაიწყო, როცა აწ უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა არაერთ დარღვევებზე მიუთითეს. ისინი გაგუას, რომელიც პარლამენტარ ნინო ნაკაშიძის მეუღლეა, ნეპოტიზმში სდებენ ბრალს და დაუყოვნებლივ მოითხოვენ სამსხურში აღდგენას. ბიბლიოთეკის დირექტორი ამ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ ყოფილი თანამშრომლების კაპრიზის გამო ბიბლიოთეკის რეფორმასა და სტრუქტურაში ვერაფერს შეცვლის.
ასმათ სანიკიძე, წამყვანი ბიბლიოთეკარი, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი: "ბორის გაგუა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორია, თუ ბიბლიოთეკა პრივატიზებულია მის მიერ, ვეღარ გაგვიგია. თუ ეს მართლა ასეა, მაშინ ჩვენ საჩივრის უფლება აღარ გვაქვს. ჩვენს შემთხვევაში გამოდის, რომ მას ბიბლიოთეკის პრივატიზაცია აქვს გაკეთებული, რადგან ეს პიროვნება თავისი ნება-სურვილით სამსახურიდან ათავისუფლებს ან ნიშნავს თანამდებობაზე იმათ, ვინც თავად მოესურვება. "მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიო ელექტრომედიაზე დგას. ჩემი განყოფილება, რომელსაც ადრე ეწოდებოდა საინფორმაციო ცენტრი, აბსოლუტურად ყველა საჭირო რესურსს ფლობდა. შემდეგ ეს განყოფილება გადაკეთდა ეროვნული ბიბლიოთეკის არქივად. აქ ვმუშაობდით 25 თანამშრომელი. ჩვენ შევქმენით კომპიუტერული ცენტრის დეპარტამენტი და ვაკეთებდით ძალიან კარგ საქმეს."
ირმა დოლიძე, წამყვანი ბიბლიოთეკარი, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი თანმაშრომელი: "გაუქმების შემთხვევაში არ არის სავალდებულო, ყველა შტატი გააუქმო. ჩვენ მიმართ სწორედ აქ დაირღვა კანონი. გასული წლის 15 მარტს ატესტაცია რომ ჩატარდა, 15 მარტამდე ძველი სტრუქტურა მოქმედებდა, შესაბამისად არანაირი გაუქმება არ მომხდარა. გაუქმება მოხდა 15 მარტის შემდეგ, როცა იმ დროს მოქმედი სტრუქტურის ყველა თანამდებობის ატესტაცია ჩატარდა. ამ დროს უნდა შემოწმებულიყო თანამშრომლის პროფესიონალიზმის შესაბამისობა თანამედროვე სტანდარტებთან და დონესთან. არანაირი იურიდიული საფუძველი, არანაირი ახსნა-განმარტება ჩვენთვის არავის მოუცია იმაზე, თუ რატომ გაგვათავისუფლეს სამსახურიდან. ამის არანაირი მტკიცებულება არა აქვთ. სასამართლომ გაამტყუნა კიდეც და გაგუას ბრძანება ბათილად ცნო. გაგუამ არც გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება. მაგრამ, მეორეჯერ გაგვათავისუფლეს თანამდებობიდან ოქტომბერში, ზუსტად იმავე საფუძვლით. სასამართლომ გამოიტანა განაჩენი უკანონოდ ცნობილი ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. რაკი მათ ეს არ გაასაჩივრეს, გამოდის, რომ მათ ეს აღიარეს. მართალია, სასამართლოს ჩვენი აღდგენა არ მოუთხოვია, მაგრამ კანონმდებლობის მიხედვით, ეს უნდა მოხდეს, თუ აღიარებ შენს უკანონო ქმედებას. ეს ლოგიკურად, აზრობრივად თუ იურიდიულად ასეა. ჩვენი გათავისუფლების ოფიციალური დოკუმენტი თუ საფუძველი გაგუას არ აქვს. არსებობს მხოლოდ ზოგადი საფუძველი - პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ბიბლიოთეკის სტრუქტურული რეორგანიზაცია და შტატების ოპტიმიზაცია. ამ რეორგანიზაციასა და ოპტიმიზაციაში კი ჩვენ მოვყევით არასამართლიანად. გაგუამ ჩაატარა ატესტაცია, ჩვენ შტატში ვიყავით, კონკურსზე კი არ დაგვიშვა. წესით, პროცესი უნდა მომხდარიყო ზემდგომი ორგანოს დავალებით, მაგრამ ადმინისტრაციულად უნდა განეკარგა თვითონ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას. როგორ განხორციელდა ეს რეორგანიზაცია - ეს არის სწორედ გასარკვევი. ყველა კანონი დარღვეულია. ამიტომ გავასაჩივრეთ."
ასმათ სანიკიძე: "შტატში ვიყავით, მაგრამ ატესტაციაზე არ დაგვიშვა. საატესტაციო სიაში არ შეგვიყვანა და ეს ჩაატარა სრულიად გასაიდუმლოებულად. ჩვენ მიმართ გაგუამ მიზანმიმართული დევნა გამოაცხადა მხოლოდ იმიტომ, რომ ურჩები ვართ: როცა რეორგანიზაციამდე დარღვევები შევნიშნეთ, ეს მაშინვე დავაფიქსირეთ და ხმა ამოვიღეთ. პიროვნულად გვებრძვის, ამისთვის ატესტაცია გამოიყენა და სამსახურიდან გაგვიშვა."
ირმა დოლიძე: "თუნდაც ადმინისტრაციული სტრუქტურის რომელიმე თანამშრომელს რამე რომ შეეშალოს, არ აქვს უფლება დირექტორს, შენი უფლებები დაარღვიოს და ძალადობრივად დაგითხოვოს სამსახურიდან. მან სამართლებრივ სივრცეში უნდა მოაქციოს თანამშრომლის გაშვებაც და დატოვებაც. ბორის გაგუა, ჩვენი აზრით, ამ თანამდებობის შესაბამისი არ არის. მას არ აქვს იმის გამოცდილება და ინტელექტი, რომ მართოს ბიბლიოთეკა. ეს არის ძალოვანი სტრუქტურების შესაბამისი ადამიანი, სადაც ადრე მუშაობდა კიდეც; ეს არის აფექტური ადამიანი, რომელიც თანამშრომლებს პირად შეურაცხყოფას გვაყენებდა. პირველი და ყველაზე გამაღიზიანებელი იყო ის, რომ ყოველგვარი განმარტების გარეშე გვიწოდა უზნეოები და კატეგორიულად განაცხადა კიდეც: არ დავუშვებ ატესტაციაზეო. რაც ყველაზე ცუდია, ამ ადამიანთან ვერ მოვახერხეთ დიალოგი."
ასმათ სანიკიძე: "რა მიზანი იყო თანამშრომელთა შემცირებისა მაშინ, როცა სახელფასო თანხას იმავე რაოდენობისას იღებს ახლაც. 2007 წლის ბოლომდე მოქმედებდა სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი. კანონში ცვლილებები არ შესულა. მიზანი რა იყო 40 კაცის უსამსახუროდ და უხელფასიდ დატოვებისა, ვერ გაგვვიგია. ამის მთვარი მიზეზი კი რეალურად თანამდებობებზე საკუთარი ხალხის მიყვანაა. სტრუქტურაში მიყვანილი ხალხი ყველა არის პროტეჟეობით მისული. კი ბატონო, იყოს ასე, მაგრამ რატომ მოგვქცა უსამართლოდ.
ასმათ სანიკიძე: "იმას გაიძახის, მე ვარ კანონზე მაღლა, ასე მინდა და ასე გავაკეთებო. მას ამ სფეროში არასოდეს არ უმუშავია. დირექტორი უნდა ყოფილიყო ზაზა აბაშიძე, რომელიც მუშაობდა კიდეც და სწორედ გაგუას დაბეზღების გამო წავიდა. რაც რამე გაკეთდა კარგი, ყველაფერი გააკეთა აბაშიძემ. ბანკის თანამშრომელი შეიძლება იყოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი."
ირმა დოლიძე: "ბორის გაგუა ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოვიდა არა წიგნის და ხალხის სიყვარულით, არამედ ბიბლიოთეკის დანგრევისთვის. გამოაცხადა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში იწყება ძალიან დიდი სარესტავრაციო სამუშაოებიო. არადა ეს საკითხები დღის წესრიგში იდგა ყველა დირექტორის დროს. ამაზე მოლაპარაკება დაიწყო ზაზა აბაშიძემ. სწორედ მის წინააღდეგ მოქმედებდა გაგუა. რატომ მიიწერა ეს თავის დამსახურებად. "გაგუას სურს გადაფაროს 2007 წელს არამიზნობრივად დახარჯული თანხები. თუ მას მართლა არ მფარველობენ პარლამენტიდან, კონტროლის პალატას რატომ არ ავალებენ, გამოიკვლიონ დანაკარგი. როცა 520 ადმიანის სახელფასო თანხას იღებ და უზარმაზარ პრემიებს დირექციას უწერ, როცა საცავებში წიგნები ლპება და ამ დროს ძვირადღირებულ ბელუქსის ავეჯს, ვაზებს, ხელოვნურ ყვავილებს ყიდულობ, ეს არის ბიბლიოთეკისთვის არამიზნობრივი ხარჯვა. დანარჩენი გამოკვლიოს კონტროლის პალატამ: რამდენად ეკუთვნის დირექტორს 200-300%-იანი პრემია, თუ რიგით თანამშრომელს 40%-ზე მეტი არ აქვს."
ასმათ სანიკიძე: "ჩვენმა განყოფილებამ ინტერნეტში რამდენიმე ათეული წიგნი შეიტანა. ღამის 12 საათამდე ვმუშაობდით. ვერ იტყვის გაგუა, რომ უმუშევრად ვატარებდით დროს. მეორეც - უთქვამს, რომ ჩვენი დეპრტამენტი არ შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. კი მაგრამ, მთელი ბიბლიოთეკა შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. უკითხავს ვინმეს ის, რამდენი მკითხველი იყო გაგუამდე და რამდენია მის შემდეგ. დაინტერესებულა ვინმე, რა წიგნები დევს დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში. გაგუამ ინვენტარიზაცია არც ჩაატარა, ისე დაიწყო ბიბლიოთეკის რესტავრაცია. მან შესაბამისად არც იცის, რა წიგნებია."
ირმა დოლიძე: "არსებობს ასეთი პიროვნება, კოლექციონერი - მერაბ ვეკუა, რომელიც ბიბლიოთეკაში ჩვენს დროს მუშაობდა. არსებობს მისი წერილი ბურჯანაძესთან იმის შესახებ, რომ ბიბლიოთეკაში 10 000 წიგნია დაკარგული. რატომ არ გამოიძია ეს გაგუამ. ინვენტარიზაცია კი რემონტის წინ აუცილებლად უნდა ჩატარდეს იმის გასაგებად, რა დაიკარგა.
ასმათ სანიკიძე: "ამის გამო მოინდომა ჩემი გაგდება, რომ ვუთხარი, ინვენტარიზაცია ჩასატარებელია-მეთქი. შენ ვინ გეკითხებაო. რატომ არ მეკითხება, 28 წელი საჯარო ბიბლიოთეკაში გამიტარებია და ახლა არ მეკითხება. მაშინ ვის ეკითხება. ვაცხადებ, რომ დღეს ბიბლიოთეკაში პოლიციური რეჟიმია. რახან ცოლი მუშაობს პარლამენტში, ამის გამო გაგუა არ უნდა მუშაობდეს ბიბლიოთეკაში. საქართველოში მწიგნობარი კაცი დაილია, რომ ბორის გაგუა ყოფილიყო დირექტორი.! ნუ გამაკეთებინებს იმას, რომ მეგაფონების საშუალებით დავატოვებინო ბიბლიოთეკა. სანამ პირში სული მიდგას, ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. ნუ გამხდის იძულებულს ბურჯანაძე, რომ ეს გავაკეთო."
ყოველივე აღნიშნულის გასარკვევად "რეზონანსი" ბორის გაგუას დაუკავშირდა.
"რეონანსი": როგორ მოხდა თქვენი დანიშვნა ბიბლიოთეკის დირექტორად. ბორის გაგუა: ქალბატონი ნინო (ბურჯანაძე) ჩემი მეგობარია და ამით ძალიან ვამაყობ. იგივე გრძნობა აქვს ჩემ მიმართ ქალბატონ ნინოსაც და არც მალავს. თუ მან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ და როგორც მეგობარმა, მთხოვა დავხმარებოდი ბიბლიოთეკასთან მიმართებაში (რადგან მოგეხსენებათ, ეს არის პარლამენტის ბიბლიოთეკა), ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. "რ": თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ბურჯანაძის მეგობარია თქვენი მეუღლე - ნინო ნაკაშიძე და სწორედ ამ გზით შეგარჩიათ პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად... ბ.გ: რომ ამბობენ, ქალბატონი ნინო და ჩემი მეუღლე დაქალები არიანო, სიმართლე გითხრათ, მე სიტყვა "დაქალი" არ მესმის. "რ": "მეგობარს" ნიშნავს. ბ.გ: "მეგობარი" მომწონს, "დაქალი" - არა. ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ და ნინო ნაკაშიძემ ერთმანეთი გაიცნეს ჩემი საშუალებით. მე დავინიშნე ეროვნულ ბიბლიოთეკაში გენერალური დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად. ბატონი ზაზა აბაშიძის წასვლის შემდეგ დავინიშნე გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, შემდეგ კი 2006 წლის აპრილში ამირჩიეს დირექტორად. "რ": რატომ წავიდა ბატონი ზაზა. ბ.გ: საიდან უნდა ვიცოდე. ასეთი კითხვები ახასიათებს "რეზონანსს". პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე, არ უნდა მეკითხებოდეთ მაგას. "რ": რატომ, თქვენ ხომ მისი მოადგილე ბრძანდებოდით. ბ.გ: რამდენადაც ვიცი, ბატონი ზაზა გადავიდა სხვა სამსახურში, მეცნიერებათა აკადემიაში და ასევე მუშაობს საქართველოს საპატრიარქოში. "რ": ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე თქვენი დანიშვნის შემდეგ რა შეცვალეთ. ბ.გ: ბევრი რამ გაკეთდა. "რ": მართალია, რომ ბევრი წიგნი დაიკარგა. ბ.გ: ბიბლიოთეკის არსებობის მანძილზე ბევრი წიგნია დაკარგული. ეს არის ამ ადამიანების ბრალი, რომლებსაც გაჰქონდათ წიგნები და აღარ აბრუნებდნენ. "რ": კი მაგრამ, როდის ხდებოდა ეროვნული ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანა. ბ.გ: უკვე გითხარით - ბიბლიოთეკის არსებობის ისტორიის მანძილზე, 2006 წლამდე. "რ": რას ბრძანებთ, საჯარო ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანა არავის შეეძლო. სწორედ ამიტომ ათენებდნენ ხოლმე სტუდენტები (მათ შორის მეც) აქ ღამეებს. ბ.გ: გააჩნია - რომელ წიგნზეა საუბარი. არსებობს წიგნების კატეგორია, რომლის ეგზემპლარის მინიმალური რაოდენობა გააჩნდა ბიბლიოთეკას. ასეთებს, ცხადია, არ გაგატანდნენ. "რ": როგორც მახსოვს, საკმაოდ ბევრი ეგზემპლარი არსებობდა მხატვრული ლიტერატურისა, მაგრამ წიგნის გატანა მაინც კატეგორიულად იკრძალებოდა... ე.ი. ამბობთ, რომ თქვენს მოსვლამდე წიგნების გატანა შეიძლებოდა და სწორედ ამ გზით დაიკარგა. ბ.გ: დიახ, ასე ხდებოდა ბიბლიოთეკის დაარსების დღიდანვე. წიგნები გაჰქონდათ თვითონ ბიბლიოთეკის თანამშრომლებსაც და, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციებსაც. არ აბრუნებდნენ. მაგალითად, თსუ-ს აქვს გატანილი რამდენიმე წიგნი და არ დაუბრუნებია. "რ": რატომ გაათავისუფლეთ თანამშრომლები სამსახურიდან. ბ.გ: მოხდა სტრუქტურული რეორგანიზაცია და შტატების ოპტიმიზაცია. სწორედ ამიტომ გაუქმდა რამდენიმე შტატი. რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ერთ მაგალითს გეტყვით: ამიხსენით, რაში სჭირდებოდა ეროვნულ ბიბლიოთეკას 2 დეპარტამენტი, რომელიც ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებს. "რ": სამსახურიდან თქვენ მიერ გათავისუფლებულები ამბობენ, რომ პროფესიონალიზმი საერთოდ არ დაფასდა. ბ.გ: მაგალითად, ერთ-ერთი, თინა ბეგიაშვილი იყო საგეგმო-საფინანსო განყოფილების უფროსი. მთელი დღე მხოლოდ თანამშრომელბისთვის პრემიების გამოწერით იყო დაკავებული. პრემიების წერა კი ბუღალტერიასაც შეუძლია. მისი განყოფილება გაუქმდა; ირმა დოლიძე იყო სინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან. მას უნდა გაეკეთებინა ბიბლოთეკის სტრუქტურის ავტომატიზაცია, თანამედროვე ინფრა-სტრუქტურის შეცვლა. დეპარტამენტი ვერაფრით ვერ განახორციელებდა ანუ მოხდა ოპტიმიზაცია. ჩვენ მათ კონკურსში მონაწილეობა მაინც შევთავაზეთ და უარი თქვეს. "რ": როგორც ამბობენ, თქვენ ისინი ატესტაციაზე არ დაუშვით. ბ.გ: თუკი სადაც მუშაობდი, ის განყოფილება გაუქმებულია, შესაბამისად განაცხადი უნდა შეიტანო სხვა დეპარტამენტში. არც ბეგიაშვილმა, არც დოლიძემ, არც სანიკიძემ ასეთი განაცხადი არ შემოიტანეს. ქალბატონი თინა დღემდე მოითხოვს, აღდგეს საფინანსო განყოფილება და იყოს მისი დირექტორი. ამის ალტერნატივა კი არ არსებობს. მათ პროტესტი გამოუცხადეს ბიბლიოთეკას. თავიდანვე იჩივლეს სასამართლოში და მოითხოვდნენ ნინო ბურჯანაძისგან და ჩემგან სტრუქტურის შეცვლას, ძველი სტრუქტურის შენარჩუნება მათი კაპრიზის გამო კი ეს არ მოხდება. "რ": ამბობენ, რომ მას შემდეგ დაითხოვეთ სამსახურიდან, რაც ფინანსურ დარღვევებზე მიგითითეს. მათ შორის წიგნების დაკარგვზეც. ბ.გ: ქალბატონ თინასთან დაპირისპირება ჯერ კიდევ სექტემბერში მომივიდა. მაშინ არანაირ სტრუქტურულ ცვლილებაზე ლაპარაკი არ ყოფილა. მისი ქალიშვილი მუშაობდა დროებით მოვალეობის შემსრულებლად. მან ეს მოახერხა კონკურსგარეშედ. მე ეს ბრძანება გავაუქმე. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი დაპირისპირება ამ ქალბატონთან; დაპირისპირება ქალბატონ ასმათთან მაშინ დაიწყო, როცა ვიღაც-ვიღაცებს ადანაშაულებდნენ წიგნის მოპარვაში. არადა, სწორედ ქალბატონი ასმათის ქალიშვილი იყო პირველი, რომელმაც მოიპარა ბიბლიოთეკიდან წიგნები და გათავისუფლდა კიდეც სამსახურიდან ჯერ კიდევ ლევან ბერძენიშვილის დირექტორობისას და ა.შ. ნებისმიერ თემას აქვს თავისი დრო. უსაქმური ადამიანებით ბიბლიოთეკა სავსე აღარ უნდა იყოს. ვთვლი, რომ ამ ქალბატონების პრობლემებმა თავისი დრო მოჭამა. მით უმეტეს დღეს, როცა ბიბლიოთეკაში ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემებია. "რ": კონკრეტულად. ბ.გ: თუნდაც ის, რომ ბიბლიოთეკის ფართის უმეტესობა გასხვისებულია. ეს არის საშინელება, რაზეც, სამწუხაროდ, არავინ ფიქრობს. "რ": ვინ გაასხვისა. ბ. გ: ამას არა აქვს მნიშვნელობა, მით უმეტეს, რომ ის ადამიანები თავს პატიოსან მყიდველებად მიიჩნევენ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |