"რეზონანსი "
# 38
სამშაბათი, 12 თებერვალი, 2008 წელი

"დინამო" არ იყიდება": ბუბა ტყავაძეს მიაჩნია, რომ ქართველი ფეხბურთელები უცხოეთში ჩალის ფასად არ უნდა მიდიოდნენ

მარი მგალობლიშვილი

ბოლო ხანებში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ბადრი პატარკაციშვილის მიერ თბილისის "დინამოს" გაყიდვასთან დაკავშირებით. თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, ასეთი რამ სავსებით რეალურად აღიქმება.

უკანასკნელ ხანს "დინამოს" თემა იმ მიზეზითაც გახდა აქტუალური, რომ კლუბმა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების გარემარბი სანდრო კობახიძე უკრაინულ "დნიპროს" 800 ათას დოლარად მიჰყიდა.

ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ თბილისის "დინამოს" მმართველ დირექტორს, ბუბა ტყავაძეს.

ბუბა ტყავაძე: ეტყობა, ეს ხმები თქვენამდე უფრო მოდის. რატომ გაჩნდა ეს მოსაზრება, არ ვიცი. შეიძლება ვიღაცამ ახსენა, რომ აქვს სურვილი შეიძინოს კლუბი და, ეს სულ სხვა ამბავია. არასოდეს არ დამდგარა საკითხი, რომ ბადრი პატარკაციშვილი "დინამოს" ყიდის. თუ ვინმეს სურვილი აქვს, ეს მათი ნებაა. სურვილის ქონა არ ნიშნავს, რომ კლუბი იყიდება.

"რეზონანსი": კობახიძის ტრანსფერთან დაკავშირებით ერთი პერიოდი რაღაც პრობლემები შეიქმნა...

ბ.ტ: კობახიძე "დნიპროში" იმყოფებოდა. ჩვენ ვიცოდით, რომ ის უნდა ჩასულიყო და გარკვეულ პირობებზე ეწარმოებინა მოლაპარაკება. სანდროს უკრაინულ კლუბში ყოფნა გადაცდა იმ ვადებს, რა დროც ჩვენ გვქონდა მიცემული.

ამის შემდეგ მოვითხოვეთ ფეხბურთელის უკან დაბრუნება, რადგან მოლაპარაკება რეალურად არ მიმდინარეობდა. კარგია, რომ "დნიპრო" აფასებს ისეთ ურთიერთობას კლუბებს შორის, როგორც ითვალისწინებს ამას ფიფა და უეფა.

მას შემდეგ, რაც კობახიძე იმყოფებოდა თბილისში, ჩვენ დაგვიკავშირდა "დნიპროს" დირექტორი - ვისაუბრეთ და ყველაფერი მარტივად გადაწყდა. არანაირი პრობლემები არ შექმნილა. ტელეფონით მოხდა შეთანხმება და თანხა, რომელიც იყო დასახელებული, ორივე მხარისთვის მისაღები აღმოჩნდა.

სატრანსფერო თანხა შეადგენს 800 000 დოლარს. როდესაც ეს ფული გადმოირიცხება, ამის შემდეგ გავუგზავნით "დნიპროს" ფეხბურთელის სატრანსფერო ფურცელს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ახლაც ვიმეორებთ - ფეხბურთელი, რომელიც "დინამოში" თამაშობს, მხოლოდ და მხოლოდ კარიერას უნდა აგრძელებდეს უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში. ამ დროისთვის "დნიპრო" იმ კლუბებს განეკუთვნება, რომელიც ჩვენს ყველა მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

კარგია, რომ სანდრომ უკრაინულ გუნდში შეძლო ქართული ფეხბურთის და "დინამოს" კარგად წარმოჩენა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართველი მოთამაშეები არ უნდა იყიდებოდნენ ჩალის ფასად. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ევროპული მასშტაბებით დიდი თანხა, ცხადია, რომ საქართველოდან ამ ბოლო დროს ამ ფასად არც ერთი ფეხბურთელი არ გაყიდულა.

"რ": როგორც ცნობილია, ტრანსფერზე არიან დაყენებული გრიშიკაშვილი და ფეიქრიშვილი. მათი საკითხი როგორ გადაწყდა.

ბ.ტ: ჯერ მათი საკითხი არ არის გადაწყვეტილი. ველოდებით შემოთავაზებას. რა თქმა უნდა, ვეძებთ საუკეთესო ვარიანტებს და ამის შემდეგ შედგება მოლაპარაკება.

"რ" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "დინამომ" არც ერთი ფეხბურთელი არ დაიმატა. რატომ იპასიურეთ.

ბ.ტ: "დინამო" არ პასიურობდა. დღესდღეობით კლუბში ექვსი უცხოელი ფეხბურთელი გვყავს. ჩვენ ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად დავიცვათ ბალანსი. ის დარჩენილი ფეხბურთელები, რომლებსაც ერთად თამაში უწევთ, არ არიან იმ დონის მოთამაშეები, რომ აუცილებელი გახდეს მათი შეცვლა.

"დინამოში" როგორც უცხოელები, ასევე ქართველები თამაშობენ და ჩვენ თუ გავაგრძელებდით ლეგიონერების შეძენას, გამოვიდოდა ისე, რომ ქართველებს აღარ უნდა ეთამაშათ. შეიძლება ზოგისთვის ასეთი რამ მისაღები იყოს, რომ მთავარია გუნდის გაძლიერება და არ მიაქციოს ყურადღება ეროვნულ საკითხებს. კობახიძის ტრანსფერმაც დაადასტურა, რომ ქართველ ფეხბურთელებს აქვთ დიდი მომავალი. პირიქით, თუ შევძლებთ ლეგიონერების შემცირებას, ეს უფრო კარგი იქნება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com