"რეზონანსი "
# 38
სამშაბათი, 12 თებერვალი, 2008 წელი

ოჯახური კრიმინალების რიცხვი გაიზარდა: ფსიქოლოგები ამას სოციალური ფონის გაუარესებას მიაწერენ

მაკა ქობალია, სალომე გოგოხია

დედამ შვილი მოკლა, მამამ - შვილი, შვილმა - დედა, ქმარმა - ცოლი. მსგავს ტრაგიკულ ისტორიებს ხშირად ისმენს საზოგადოება. ბოლო პერიოდში ოჯახური კრიმინალის რიცხვი გაიზარდა. ამის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. თუმცა სასამართლოებში ასეთი საქმეების განხილვა და მასმედიის საშუალებებით კონკრეტული შემთხვევების გაშუქება ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ პრობლემა მწვავდება.

მკვლელობა თავისთავად საზარელი ფაქტია. თუმცა გაცილებით უფრო შემზარავია იმის მოსმენა, როცა დაზარალებული და ბრალდებული ერთი ოჯახის წევრები არიან. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი სოციალური პრობლემების გაუარესებამ გამოიწვია.

"უმეტესწილად განპირობებულია სოციალური პრობლემებით. როცა სოციალური პრობლემები არსებობს და პერსპექტივა არ ჩანს, მაშინ ადამიანს აქვს თვითგაუფასურების განცდა და გარემოს მტრულად აღიქვამს. აქედან გამომდინარეობს დაძაბულობა. როცა ადამიანი პროდუქტიული და წარმატებულია თავისი თავის გამოხატვაში, მაშინ მას ეს პრობლემები არ აქვს. რა თქმა უნდა, თუ არ არის ენდოგენური (მემკვიდრეობითი) პრობლემა. თუ ფიზილოგიური პროცესები არ არის ანუ ორგანული დარღვევა არ არის, ამ შემთხვევაში ეს გარემო პირობებიდან არის გამოწვეული. ადამიანი არჩევანს ვერ აკეთებს. მასში კრეატულობის ნაკლებობაა. კრეატულობა ისეთი ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც ადამიანს სიტუაციის მოდიფიცირება, შეცვლა შეუძლია. ახლის შექმნა და არსებული სიტუაციიდან ახლის აგება," - აცხადებს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა.

მამამ შვილი მოკლა

2007 წლის 3 აგვისტოს ბახტრიონზე, 78 წლის ალექსანდრე ხოშტარიამ საკუთარი შვილი, 38 წლის გიორგი ხოშტარია იარაღით მოკლა. მოკლული მეზობლებმა სამი დღის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში იპოვეს. გარდაცვლილს ტყვია ბეჭებში ჰქონდა მოხვედრილი. მამამ დანაშული აღიარა. მკვლელობა სახლში გვიან ღამით მოხდა, რის შემდეგ მამამ შვილის გვამი სარდაფში ჩაათრია და ნაგავი მიაყარა. მეზობლების თქმით, გვამი ისე იყო მიმალული, რომ ვერავინ ნახავდა.

მამა-შვილი ერთად ცხოვრობდა. მოკლული მეუღლესთან განქონწინებუდი იყო. ის მხატვარ-კერამიკოსი იყო და ერთ-ერთ დაწესებულებაში მუშაობდა. მეზობლების თქმით, მამა-შვილს შორის უსიამოვნება ბინის საკითხს უკავშირდებოდა. მოკლული ბინის წილს ითხოვდა, რაზეც მამა უარზე იყო.

ნანა ჩაჩუა: "ეს არის თვითაგრესია, თვითგანადგურების ინსტიქტი, რომელსაც სიკვდილის ინსტიქტი ჰქვია. როცა მამა შვილს კლავს, ის მომავლის პერსპექტივაზე იმპულსურად უარს ამბობს."

ევთანაზია თუ მკვლელობა?

შემთხვევა 2007 წლის 21 მარტს თემქის დასახლებაში მოხდა. 51 წლის თეიმურაზ თუთბერიძემ საკუთარი დედა, 84 წლის რუსუდან მანჯავიძე ბალიშით გაგუდა. დაკავებული თუთბერიძე ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ მკვლელობა დედის თხოვნით ჩაიდინა.

"ერთ საღამოს, როცა თეიმურაზი სახლში მოვიდა, ნახა, რომ დედამისი ლოგინიდან იყო გადმოვარდნილი და როგორც თვითონ ამბობს, თვითმკვლელობაც უცდია. დედამ შვილს ისევ დაუწყო ვედრება - მომკალიო. თეიმურაზმა დედა ხელით აიყვანა, ლოგინზე დააწვინა და ბალიშით გაგუდა," - ამბობს თუთბერიძის ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა.

"მოკვლის შემდეგ დედასთან დარჩა. მეორე დილით კი ბებიის სახლში მისულ შვილს მომხდარის შესახებ უამბო - "ბებიაშენი მეხვეწებოდა, მევედრებოდა და დავასვენეო". შვილმა კი პოლიციაში განაცხადა, რომ მამამ მისი ბებია მოკლა," - ამბობს ჯანჯღავა.

ადვოკატის განცხადებით, თუთბერიძე არამდგრადი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს და იგი შეიძლება ფსიქიკურად არ იყოს გაწონასწორებული. თუმცა, კანონმდებლობით ევთანაზია კანონით გათვალიწინებულ ჩარჩოებში უნდა განხორციელდეს მომაკვდავი ავადმყოფის მიმართ - ანუ შიდსის, ანემიის, სიმსივნის შემთხვევაში. შესაბამისად, პროკურატურამ თუთბერიძის მიმართ სს საქმე განზრახ მკვლელობით აღძრა და სასამართლომ 15 წელი მიუსაჯა.

ნანა ჩაჩუა: "ფსიქიკური პრობლემები თუ ჰქონდა, ეს არის ის შემთხვევა, როცა ენდოგენური ანუ ორგანული საფუძველი არსებობს. ამ შემთხვევაში შეიძლება შეურაცხადობის მდგომარეობა გვქონდეს."

სიძის მკვლელი სიდედრი?

31 იანვარს სანზონაში, თიანეთის ქუჩაზე, 67 წლის დოლორეს ნადირაძემ დანით 39 წლის ყოფილი სიძე არტიომ დუდაევი დანის რამდენიმე დარტყმით მოკლა. პოლიციამ სიდედრი იმავე დღეს დააკავა. მან დანაშაული აღიარა.

მოკლული ცოლთან განქორწინებული იყო. საქმე სასამართლომ განიხილა და დუდაევს ყოფილ ცოლთან ურთიერთობა აუკრძალა. თუმცა იგი სისტემატურად მიდიოდა ყოფილი მეუღლის სახლში და, ახლობლების განცხადებით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

გამოძიების მასალების მიხედვით, მკვლელობის დღეს დუდაევი ნასვამ მდგომარეობაში მივიდა ყოფილი ცოლის საცხოვრებელ სახლში და მას რამდენიმე საათის განმავლობაში აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემდეგ ცემა დაუწყო, რა დროსაც სიდედრმა ყოფილ სიძეს დანა გულის არეში დაარტყა. მკვლელობის შემდეგ დანაშაულის იარაღი გარეცხა. სიდედრის თქმით, ყოფილი სიძე იმიტომ მოკლა, რომ მის შვილს მოკვლას უპირებდა.

"საერთოდ, ასეთი რაღაც ხდება მაშინ, როცა დეპრესიულობას აქვს ადგილი," - აცხადებს ჩაჩუა.

დედამ 2 წლის შვილი მოკლა

2007 წლის 11 ივნისს ლოტკინის დასახლებაში საზარელი ფაქტი მოხდა. 25 წლის ნადეჟდა საბომ საკუთარი შვილი, ორი წლის მიხეილი მოკლა. დედამ მცირეწლოვანს ძლიერი ფსიქოტროპული წამლის ორი აბი დაალევინა. პოლიციამ დედა მეორე დღესვე დააკავა.

ქალმა მკვლელობის მოტივად ბავშვის ტირილი დაასახელა. პატარა მიხეილის მკვლელობის შესახებ მეზობლებმა სასწრაფო დახმარების ექიმებისაგან შეიტყვეს. დროული დახმარების აღმოჩენის შედეგად მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა. თუმცა სასწრაფო დახმარება დროულად არ იქნა გამოძახებული.

"სასწრაფო რომ მოვიდა, ჩვენც მაშინ გავიგეთ ბავშვის სიკვდილის შესახებ. თვითონ დაურეკავს სასწრაფოსთვის. როგორც ექიმებმა გვითხრეს, ფსიქოტროპული წამალი დაულევინებია ბავშვისთვის, თვითონ კი სადღაც წასულა. სახლში დაბრუნებულს ბავშვი მკვდარი რომ დახვდა, სასწრაფოს გამოუძახა. ალბათ შეეშინდა," - აცხადებენ საბოს მეზობლები.

სასამართლომ ნადეჟდა საბოს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნანა ჩაჩუა: "ეს არის პასუხისმგებლობის ნაკლებობა, პასუხისმგებლობის ვერ აღება საკუთარ თავზე, სიცოცხლის ტენდენციაზე უარის თქმა. არის ასეთი მექანიზმი, რომელსაც ჰქვია ჩვეულებრივად განდევნა..."



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com