|
|
"რეზონანსი "
"8 წელი მობილურის ქურდობისთვის, რომელიც არ მოუპარავს": საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური
"რეზონანსის" 11 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით "8 წელი მობილურის ქურდობისთვის, რომელიც არ მოუპარავს". სათაურის და თავად სტატიის შინაარსის მიხედვით, ჟურნალისტი მკითხველს არწმუნებს, რომ თბილისის საქალაქო სასამათრლოს სს კოლეგიის მოსამართლის განაჩენი ბრალდებულ მიხეილ ლეჟავას მიმართ უკანონო იყო. თავისუფალი და მიუკერძოებელი მედიის მიმართ ღრმა პატივისცემის მიუხედავად, აუცილებლად მიგვაჩნია რამდენიმე არსებითი და მნიშვნელოვანი განმარტება შემოგთავაზოთ, რომლის გაცნობის შემდეგ ჟურნალისტსაც და საზოგადოებასაც, ვფიქრობთ, აღნიშნულ საქმეზე უფრო სრულყოფილი წარმოდგენა შეექმნება. თქვენი გაზეთის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია მხოლოდ ერთი მხარის პოზიციას ეყრდნობა. ჟურნალისტი სტატიაში აღწერს, რომ სასამართლომ 27 წლის მიხეილ ლეჟავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მობილურის ქურდობისთვის ისე მიუსაჯა, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ იყო. ერთადერთი მტკიცებულება, რაც ბრალდებას გააჩნდა, ეს იყო დაზარალებულის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, თუმცა დაზარალებულმა მოგვიანებით ეს ჩვენებაც უარყოო - წერს ჟურნალისტი. სტატიის ავტორს პოზიციის დასაფიქსირებლად სასამართლოს პრესსამსახურისთვისაც რომ მოემართა, მკითხველს უფრო სრული და ობიექტური წარმოდგენა შეექნებოდა საქმესთან დაკავშირებით. კერძოდ, მიხეილ ლეჟავამ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრდების პერიოდში ანუ ამ დანაშაულის ჩადენამდე 2005 წელს მას უკვე ჰქონდა ჩადენილი სხვა დანაშაული - ქურდობა და სასამართლოს მიერ განსაზღვრული ჰქონდა სასჯელი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც სასამართლოს მიერვე შეეცვალა პირობით 3 წლით გამოსაცდელი ვადით. სწორედ ამ გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ლეჟავამ ახალი დანაშაული. ასეთ შემთხვევაში, კანონით, სასჯელის მოუხდელი ნაწილი უნდა დაემატოს იმ სასჯელს, რომელიც პირს ახალი დანაშაულის ჩადენისთვის მიესაჯა. თქვენს გაზეთში აღწერილი დანაშაულის - მობილურის ქურდობის გამო, კანონით გათვალისწინებულია 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. მოსამართლემ ლეჟავას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ სასჯელს სრულად დაემატა ძველი დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მიხეილ ლეჟავას საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წელი. რაც შეეხება სასამართლოს მისამართით გამოთქმულ სხვა "ბრალდებებს", თითქოს-და საქმეში მტკიცებულებების არ არსებობის გამო, ამჯერად გვსურს მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შევაჩეროთ მკითხველის ყურადღება: გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სასამართლო დაეყრდნო წინასწარი გამოძიებისას მოპოვებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებს. კერძოდ, მოწმის სახით დაკითხული საპატრულო პოლიციელის ჩვენებით დადასტურდა, რომ ლეჟავა დააკავეს უშუალოდ დაზარალებულის მითითებით, ხოლო დაზარალებულის ტელეფონი ამოღებული იქნა დაკავების ადგილას მდებარე ნაგვის ურნასთან. დაკავების მომენტში ლეჟავასთან იმყოფებოდა მეორე პიროვნებაც, მაგრამ დაზარალებული კატეგორიულად მიუთითებდა ლეჟავაზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. აღსანიშნავია ისიც, რომ დაზარალებულმა აღიარა მის მიერ ჩვენების შეცვლის ფაქტი და დღეისთვის იგი მსჯავრდებულია არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში მაინც სასამართლოს პოზიციის დაფიქსირება ჟურნალისტის მიერ მომზადებულ სტატიაშივე მოხდება და მას არ ექნება მომდევნო ნომერში გამოქვეყნებული გამოხმაურების ან განმარტების სახე. ჩვენი სურვილი - დამოუკიდებელ მედიასთან ჯანსაღი ურთიერთობა და არა ჟურნალისტებთან კონფრონტაცია
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |