"რეზონანსი "
# 38
სამშაბათი, 12 თებერვალი, 2008 წელი

შალვა რამიშვილი შეწყალებაზე უარს ამბობს - თევდორაძე: "ძალით ხომ ვერ გამოიყვანენ ციხიდან ?"

სოფო ქვლივიძე

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი შეწყალებაზე კვლავ უარს ამბობს. ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძის განცხადებით, მან 8 თებერვალს რამიშვილისაგან წერილი მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეწყალების მოთხოვნა მასთან შეთანხმებული არ ყოფილა. წერილი თევდორაძემ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს გადასცა.

რამიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტს წერილი გაუგზავნეს. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ პატიმრების შეწყალების პროცესი დაიწყო. ამის შედეგად საპატიმროები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მუხლით გასამართლებულმა ადამიანებმა დატოვეს.

ჟურნალისტების მიერ წამოწყებული კამპანიის შემდეგ, რამიშვილის შეწყალება მოითხოვეს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, პარლამენტარმა ელენე თევდორაძემ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. ხელისუფლებაში ეს საკითხი თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, თუმცა რამიშვილის წერილმა ყველაფერი უკუღმა შემოაბრუნა.

პატიმარი კიდევ ერთხელ კატეგორულად აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. შესაბამისად, პრეზიდენტს შეწყალებას არ სთხოვს და ოპოზიციის მიერ მომზადებულ გასათავისუფლებელ პოლიტპატიმართა სიაში მისი შეყვანა პირადად მასთან არავის შეუთანხმებია.

თევდორაძის თქმით, რამიშვილი პოზიციას არ ცვლის მიუხედავად იმისა, რომ კანონი აძლევს შესაძლებლობას ვადაზე ადრე გათავისუფლდეს და სასჯელი პირობითი ფორმით შეეცვალოს.

"თვითონ არ ითხოვს შეწყალებას. პრაქტიკულად წინააღმდეგიც კია. წერილის მიხედვით მისი პოზიციაა, რომ საკითხი ჯერ მასთან უნდა შეეთანხმებინათ და ისე დაეყენებინათ," - ამბობს თევდორაძე.

პარლამენტარის თქმით, ის, რომ რამიშვილი დანაშაულს არ აღიარებს, ეს საკითხი შეწყალების პროცედურას ხელს ვერ შეუშლიდა.

"ირაკლი ბათიაშვილმაც არ აღიარა დანაშაული, თუმცა ის შეიწყალეს. ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. ლაპარაკია იმაზე, თვითონ თანხმდება თუ არა შეწყალებას. ეს მისი უფლებაა და პატივი უნდა სცე მის ამ უფლებას. ძალით ხომ ვერ გამოიყვანენ ციხიდან." - აღნიშნავს თევდორაძე.

შეწყალების მთავარი ინიციატორი, რამიშვილის მეუღლე თეა აბაშმაძე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და აღნიშნავს, რომ საკუთარ პოზიციას პრესის ფურცლებზე რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com