"რეზონანსი "
# 38
სამშაბათი, 12 თებერვალი, 2008 წელი

"იმედი" მარტში იხსნება?! პატარკაციშვილმა "იმედის" 100%-იანი წილი "ნიუსკორპს" მიჰყიდა

ლანა ბერიძე

"ტელეიმედის" 100%-იანი წილი ბადრი პატარკაციშვილმა რუპერტ მერდოკის "ნიუსკორპს" უკვე მიჰყიდა. "რეზონანსის" ინფორმაციით, "იმედი" მაუწყებლობას მარტში განაახლებს, თუმცა მანამდე გასარკვევია ყადაღისა და ლიცენზიის შეჩერების საკითხი. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ტელეკომპანიისთვის ლიცენზიის შეჩერების საკითხის განხილვას 15 თებერვალს აპირებს.

ტელერადიოკომპანია "იმედის" არც ამერიკელი და არც ქართველი გენდირექტორი ლუის რობერტსონი და ბიძინა ბარათაშვილი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

"ინტერპრესნიუსთან" საუბარში რობერტსონმა გავრცელებული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო. განაცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტარის ჯერჯერობით გაკეთება არ სურს.

კულუარული ინფორმაციით, პატარკაციშვილმა "იმედი" "ნიუსკორპს" გამოსყიდვის უფლებით მიჰყიდა, მაგრამ ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს არავინ აკეთებს. მთელი დღის მცდელობის მიუხედავად, "იმედის" გენდირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა "რეზონანსის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

შეგასხენებთ, რომ შპს "ი-მედიას" 100%-იანი წილი "ტელეიმედში", გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დააყადაღდა.

ასევე, "რეზონანსის" ინფორმაციით, პატარკაციშვილმა "ნიუსკორპს" აქციები იმ პირობით მიჰყიდა, რომ მას ხელისუფლებას არ მიჰყიდის.

ამის შესახებ "რეზონანსს" გასულ კვირას ლონდონიდან დაბრუნებულმა გოჩა ჯოჯუამაც განუცხადა.

"გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული. არსებობდა საშიშროება, რომ თუ ტელეკომპანიის მეპატრონე კვლავ ბადრი პატარკაცშვილი იქნებოდა, მაშინ "იმედი" დღის სინათლეს ვეღარ იხილავდა, ამიტომ იმ პირობით, რომ ხელისუფლება ვერ იყიდის "იმედს", ის "ნიუსკორპს" გადაეცემა და ძალიან მალე გაიხსნება ტელევზია," - აცხადებდა ლონდონიდან დაბრუნებული გოჩა ჯოჯუა.

რაც შეეხება ყადაღის მოხსნის საკითხს, ა-ო "კანონი ხალხისათვის" იურისტს, ზაქარია ქუცნაშვილს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება უჭირს, რადგან, როგორც ამბობს, მისთვის საქმის მასალები ცნობილი არ არის, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. უცნობია, კონკრეტულად რას ადევს ყადაღა - წილის საკუთრებას, წილის გასხვისებას თუ წილის რეგისტრაციას.

ქუცნაშვილის თქმით, თუ ყადაღა დადებულია ქონებით სარგებლობაზე, მისი მესაკუთრის შეცვლა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ყადაღა წილის გასხვისებას აქვს დადებული, მაშინ მყიდველი სერიოზულ პრობლემებს წააწყდება და გაუჭირდება ქონების გადაფორმება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com