|
|
"რეზონანსი "
მოროშკინა საზოგადოებრივ არხზე ძველი კადრების დაბრუნებას აპირებს მარი ოთარაშვილი
ჟურნალისტ ლალი მოროშკინას აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელმა ტელეარხზე მისვლისთანავე არხის ბუჯეტის გადასინჯვისთვის მიუკერძოებული აუდიტი უნდა მოიწვიოს. მისივე თქმით, მაშინ, როცა ჟურნალისტების ადგილი ფაქტობრივად არც ერთ ტელეარხზე აღარ დარჩა, პროფესიონალი ჟურნალისტების ადგილსამყოფელი სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გახდეს. თუმცა ეს - სამომავლოდ, ამჯამად კი ჟურნალისტი მაუწყებლის ახლანდელ ხელმძღვანელობას ბიუჯეტის არაკეთილსინდისიერ განგარგვაში ადანაშუალებს. როგორც მოროშკინამ "რეზონანსს" განუცხადა, მისი აღშფოთება "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრის, თეა თუთბერიძის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის გარიგების საფუძველზე გენერალური დირექტორის ან მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევა არ უნდა ხდებოდეს. ლალი მოროშკინა: მაუწყებლის შენობაში - ნატყვიარებით დაწყებული, ტელევიზიის გადამცემით დამთავრებული - არაფერია მოწესრიგებული. ელემენტალურად, 60-70-იანი წლების გამოსახულება აქვთ. ძალიან დიდი ფულია დახარჯული, რეალურად კი არაფერი გაკეთებულა. არადა მაუწყებლის ბიუჯეტი დღეს საქართველოში არსებულ ყველა ტელევიზიის საერთო ბიუჯეტზე უფრო დიდია. თუმცა დღევანდელი პრესკონფერენცია ძირითადად გამართული იყო თუთბერიძის მიერ გაკეთებული განაცხადის საპასუხოდ, რომლის თქმითაც, საჭირო არ არის არჩევნების ჩატარება. ეს იყო ჩემთვის სრულიად მიუღებელი. "რ": თქვენი აზრით, რატომ არ სურს "თავისუფლების ინსტიტუტს" არხის ხელმძღვანელის კონკურსით შერჩევა. ლ.მ: მაშინ, როცა 100-ზე მეტ ადამიანს უკვე შეტანილი აქვს სამეურვეო საბჭოს წევრობაზე განაცხადი და 19 თებერვალს განაცხადების მიღება სრულდება, "თავისუფლების ინსტიტუტი" ურცხვად აცხადებს, რომ ამდენი ხალხი სულ ტყუილად გაისარჯა, რადგან ხელისუფლებას და ოპოზიციას არა აქვს მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევის უფლებაო. მათ კარგად ესმით, რომ ნებისმიერი ახალი დირექტორი, უპირველეს ყოვლისა, გარე აუდიტს მოიწვევს, რომელიც არამიზნობრივად განკარგულ თანხებს აღმოაჩენს. ეს კი, ცხადია, მათ წისქვილზეც წყალს არ დაასხამს. "რ": კონკურსში გამარჯვების შემთხევაში რის შეცვლას აპირებთ. ლ.მ: სამწუხაროდ, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ბორდის ადგილების გადანაწილებაზე ფიქრობენ და სრულიად არ საუბრობენ პროფესიონალიზმზე. იმ შემთხევაში, თუ მე მოვედი ტელევიზიის ხელმძღვანელად, ტელევიზიას დაუბრუნდებიან ჟურნალისტები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, თუ რას ნიშნავს აქ მუშაობა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |