"რეზონანსი "
# 38
სამშაბათი, 12 თებერვალი, 2008 წელი

ლეიბორისტები "ეროვნულ შეურიგებლობას" აცხადებენ

ელზა წიკლაური

ლეიბორისტული პარტია ხვალ ეროვნული შეურიგებლობის შესახებ დეკლარაციას გამოაქვეყნებს. "მთავარია, რომ დე ფაქტო ხელისუფლებისადმი გამოცხადდეს ეროვნული შეურიგებლობა," - აცხადებს კირთაძე და მიაჩნია, რომ "ქართველი ხალხი შედეგს აუცილებლად მიაღწევს."

ნესტან კირთაძე: ეროვნული შეურიგებლობის გამოცხადება მხოლოდ ერთდღიანი პოლიტიკური აქცია არ იქნება. მას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც გავაცნობთ. პირველად დეკლარაციას ხელს პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი თბილისში დაბრუნების შემდეგ მოაწერს, შემდეგ კი ხელისუფლებისთვის ეროვნული შეურიგებლობის გამოცხადების თაობაზე ხელმოწერების შეგროვება ხალხში დაიწყება.

"რეზონანსი": რა წერია დეკლარაციაში?

ნ.კ: ეს არის პოლიტიკური დოკუმენტი და ყოველი პოსტულატი ერთმანეთისგან დინამიკურად გამომდინარეობს. მთავარი გახლავთ ის, რომ უნდა გამოცხადდეს ეროვნული შეურიგებლობა დე ფაქტო ხელისუფლებისადმი. საუბარია იმ სისტემაზე და იდეოლოგიაზე, რომელსაც ეს ხელისუფლება 2003 წლის ნოემბრიდან ახორციელებს.

"რ": დაუმორჩილებლობა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებთ.

ნ.კ: როდესაც პარტია აცხადებს, რომ მას პროცესების პოლიტიკურად შეცვლა სურს, ნიშნავს, რომ ჩვენ არჩვენებში მონაწილეობასაც მივიღებთ. არჩევნებში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და ძალიან ამბიციური მიზნებით - საარჩევნო გზით მოქმედი ხელისუფლება შევცვალოთ.

"რ": 15 თებერვალს ეროვნული საბჭო დიდი მიტინგისთვის ემზადება. მიიღებს თუ არა თქვენი პარტია ამ აქციაში მონაწილეობას.

ნ.კ: 15 თებერვლის აქციაზე ლეიბორისტები მოწინავე პოზიციებზე დადგებიან. ჩვენ მივიღებთ ყველა აქციაში მონაწილოებას, სადაც საუბარი იქნება ეროვნულ დაუმორჩილებლობაზე და სადაც იქნება გამოხატული პროტესტი ამ ხელისუფლების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული ოპიზიციის მიერ შემუშავებულ მემორანდუმს ხელი არ მოვაწერეთ, "ერთიან ეროვნულ საბჭოსთან" თანამშრომლობის პრობლემა არ შეგვქმნია. მემორანდუმს არ შევუერთდით, რადგან მიგვაჩნდა, რომ დიალოგზე ხელისუფლების თანხმობა უმრავლესობის მორიგი ფარსი იყო. ჩვენი პროგნოზი ამ შემთხვევაშიც გამართლდა, რადგან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი ლოგიკური მარცხით დასრულდა.

საერთოდ, გაზაფხული ძალიან აქტიურია და მით უმეტეს ახლა, როდესაც უფრო აქტიურად დგას საკითხი, ვიდრე ოდესმე. ქართველი ხალხი ბევრად უფრო რადიკალურია, ვიდრე ძალიან რადიკალური პარტია და მისი ლიდერი. ამდენად, ქართველი ხალხი თავის შრომას უკან არ წაიღებს და საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, საზოგადოება მათ ვეღარ აიტანს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com