"რეზონანსი "
# 38
სამშაბათი, 12 თებერვალი, 2008 წელი

"თუ სააკაშვილს რევოლუცია უნდა, მიიღებს"

ეკა ბასილაია

ხელისუფლება საუბრობს, რომ მემორანდუმის 13 (სხვა ვერსიით - 14) მოთხოვნაზე შეთანხმება მიღწეული იყო. ოპოზიცია საპირისპიროს ამტკიცებს. "მემორანდუმის არც ერთი პუნქტი არ შესრულებულა, ამის მაგივრად ხელისუფლება პოლიტპატიმრებს კრიმინალებს და ნარკომანებს უწოდებს," - აცხადებს კახა კუკავა.

სწორედ ეს თემა - ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილი 44-კაციანი სია გახდა მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ყველაზე დიდი განსჯის და ქილიკის საგანი.

"13 პირი მხილებულია ნარკოტიკულ დანაშაულებში. მათგან 2 ადამიანი სხვადასხვა დანაშაულებებისთვის სამჯერაა ნასამართლევი..." - ამ ბრალდებას უყენებს ლევან ბეჟაშვილი "ერთიან ეროვნულ საბჭოს". კუკავა კი ამას ცილისწამებას უწოდებს და ბეჟაშვილისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას კარვების გაშლითა და რევოლუციით ემუქრება.

რატომ ჩაიშალა მოლაპარაკებები. ამ თემაზე "ერთიანი ეროვნული საბჭოს" წევრი და მოლაპარაკებების აქტიური ფიგურა კახა კუკავა საუბრობს.

"რეზონანსი": ხელისუფლების მხრიდან საუბარია იმაზე, რომ მემორანდუმის 14 პუნქტზე შეთანხმება უკვე მიღწეული იყო...

კახა კუკავა: არ ვიცი, რის შესრულების თანხმობაზე საუბრობენ ხელისუფლების მხრიდან. რა, ვანო მერაბიშვილის გადადგომაზე, კოდუას, ახალაიას და ეკა ტყეშელაშვილის დათხოვნაზე თანახმა არიან. ან ხმების გადათვლაზე თანახმა არიან.

კინწურაშვილი გადადგებაო, ეს ჯერ კიდევ იანვარში გამოაცხადეს. სად არის კინწურაშვილის გადადგომა. ის კი არა, ქალი ჭკუაზე არ არის, ხელმეორედ უნდა შევიტანო საბუთები უფროსობაზეო.

მოყევით ასე და ნახავთ, რა 14 შეთანხმებაც არის მიღწეული. ტყუილია, არანაირი შეთანმება არ ყოფილა.

"რ": დავიწყოთ პირველი პუნქტით. ხელისუფლებიდან აცხადებენ, რომ ვიდეოთვალის ინფორმაცია ოპოზიციას მიეცემა...

კ.კ: იქ არის ვიდეოთვალი, სამაგიდო სიები და ხმების გადათვლა. ვიდეოთვალი იმისთვის გვინდა, რომ ხმები გადავითვალოთ, ისინი კი კატეოგორიულად გვიცხადებენ, არ გადავითვლითო.

მეორე პუნქტით, იმ პირების დასჯას ვითხოვთ, ვინც სარჩევნო დარღვევებში არიან მხილებულნი.

"რ": მათი განცხადებით, 4 ადამიანი უკვე მიეცა სს პასუხისგებაში...

კ.კ: არ ვიცი, ვინ არის ის 4 ადამიანი, მაგრამ არც ერთი ძირითადი თანამდებობის პირი - მარნეულში, ბოლნისში, ქობულეთში, ბათუმში - იქ, სადაც ოქმების გადაწერა მოხდა, არც ერთი არ არის პასუხისგებაში მიცემული.

ჩვენ რომ გადაწერილ ოქმებს ვაფრიალებთ, სადაც ჯერ სააკაშვილს 175 ხმა უწერია და მერე 575 - არც ერთ ამ ოქმზე გამოძიება არ დაწყებულა.

რაც შეეხება მესამე პუნქტს - მათ უწერიათ, მთავრობა უფლებამოსილებას არ იხსნის და ძველი მთავრობა ნდობის მისაღებად შედის ახალ პარლამენტში. ანუ, ჩვენს მოთხოვნას ახალი მთავრობის დაკომპლექტებაზე, არ ეთანხმებიან. პოლიტიკური ცინიზმია. თურმე ახალმა პარლამენტმა ვანო მერაბიშვილს ნდობა უნდა გამოუცხადოს და ამას შეთანხმებას ეძახიან.!

"რ": ბეჟაშვილი ამბობს, 5%-იან ბარიერზე შევთანხმდითო...

კ.კ: ეს მოთხოვნა მემორანდუმში საერთოდ არ ყოფილა.

"რ": 7 ნოებრის გამოძიებაზე შეთანხმება მოხდა.

კ.კ: ისინი ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისია იმ პირობით შეიქმნება, თუკი იმ ძველ მოვლენებს არ შეისწავლის. სწორედ 7 ნოემბრის გამოძიებაზე არიან კატეგორიული წინააღმდეგნი.

რომ არ გაწვალოთ და 17-ვე პუნქტი რომ არ გავიაროთ, შედეგი ასეთია: შეთანხმება არც ერთ პუნქტში არ მიგვიღწევია.

"რ": დიდი განსჯის საგანი გახდა თქვენ მიერ გაკეთებული პოლიტპატიმრების სია. ბეჟაშვილი ამტკიცებს, რომ 44 ადამიანიდან 11 პირი უკვე თავისუფალია, 3 პირი ქრთამის აღებისთვის იყო დაკავებული...

კ.კ: ეს ადამიანები გათავისუფლებული კი არიან, მაგრამ გამოძიება არ არის შეწყვეტილი. ძალიან სასაცილოა ისიც, რომ ადამიანებზე, რომლებიც 2003-04 წლებში მუშაობდნენ სახელმწიფო სამსახურში, 2007 წლის 7 ნოემბერს დაიწყო გამოძიება და თანამდებობის გადამეტებაზე არიან დაჭერილნი. და, აქ არ არის პოლიტიკური მოტივი.!

"რ": ბეჟაშვილი აცხადებს, რომ 13 პირი ნარკოტიკულ დანაშაულშია მხილებულია და ყველაზე დიდი ვნებათაღელვა ამ პირების პოლიტპატიმრების სიაში ყოფნამ გამოიწვია.

კ.კ: არც ერთი მათგანი არ არის ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული. ხვალ ჩვენს ინტერნეტგვერდზე დაიდება ამ ადამიანების სია, მათ მიმართ შეფარდებული სასჯელები და თქვენ ნახავთ, რომ არც ერთი მათგანი არ არის ნარკოტიკების გამო დაკავებული. ჩვენ ამის დოკუმენტაცია გვაქვს. მთელი მსოფლიოს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა იმსჯელონ, ისინი პოლიტპატიმრები არიან თუ ნარკომანები.

ბეჟაშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოვითხოვთ და ის ცილისწამებისთვის სასამართლოში მიეცემა.

"რ": საუბარია, რომ ოპოზიცია კარვების გაშლას აპირებს...

კ.კ: ეს არის ერთადერთი გზა. ხელისუფლებას მოლაპარაკებების ენა არ ესმის, როგორც ჩანს, მათ მარტო ძალის ენა ესმით.

თუ მათი იძულება ქუჩის გზით არ მოხდა, არაფერს შეასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცოდით, ამ მოლაპარაკებების უშედეგობა, მაინც მოვახდინეთ ჩვენი კეთილი პოლიტიკური ნების დემონსტრირება და ამ მოლაპარაკებებზე წავედით.

15 თებერვლამდე კომპრომისი ადვილია, მაგრამ 15-ში რომ 200 ათასი ადამიანი იყვირებს: ვანო წადიო, კომპრომისის გაკეთება გაგვიჭირდება.

"რ": რევოლუციას ველოდოთ.

კ.კ: თუ სააკაშვილს რევოლუცია უნდა, მიიღებს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com