"რეზონანსი "
# 38
სამშაბათი, 12 თებერვალი, 2008 წელი

ბეჟაშვილი: 17-დან 13 პუნქტზე შეთანხმება მიღწეულია - "აღსრულება კი მათი პასუხის შემდეგ დაიწყება"

ეკა გულუა

ოპოზიციის მემორანდუმის 13 პუნქტზე შეთანხმება მიღწეულია, - აცხადებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი. მათივე თქმით, სადავო პუნქტებად პოლიტპატიმრების, ასევე ცესკოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარეების საკითხები რჩება.

ლევან ბეჟაშვილი: მემორანდუმის 17- პუნქტიანი მოთხოვნიდან 13-ზე შეთანხმება მიღწეულია. დავიწყოთ პირველი პუნქტით, რომლის მიხედვითაც ვიდეოთვალის მონაცემები საჯარო უნდა იყოს. ეს ასეა, შევთანხმდით და ჩვენ მათ ამ ინფორმაციას სრულად ვაძლევთ. მათ შუძლიათ გაეცნონ მათ, შესაბამისი დასკვნებიც გააკეთონ და თუ რაიმე დარღევებს აღმოაჩენენ, მათი გამოძიება მოხდეს. 4 ადამიანის მიმართ სს გამოძიება უკვე მიმდინარეობს და სასამართლო მათ კონკრეტულ გამამტყუნებელ განაჩენს შეუფარდებს;

შეთანხმება მიღწეულია მესამე პუნქტეზეც, რომ მოხდეს კონსტიტუციური ცვლილებები და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალ მთავრობას პარლამენტმა ხელახალი ნდობა გამოუცხადოს;

ასევე შევთანხმდით 5%-იან ბარიერზე;

რაც შეეხება მეხუთე პუნქტს, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ თანახმანი ვართ, ახალ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც 7 ნოემბრის დარღვევებს შეისწავლის, ისევე როგორც მასობრივი არეულობის ორგანიზების და კონსტიტუციური ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის საკითხებს. ნოემბრის მოვლენების გამოძიება კომპლექსურად უნდა მოხდეს. საგამოძიებო კიმისია კი ორივე მხრიდან უნდა დაკომპლექტდეს.

მეშვიდე პუნქტს რაც შეეხება, მიღწეულია შეთანხმება, რომ შეიქმნება მუშა ჯგუფი, რომელიც სამართალდამცავ სისტემაზე მონიტორინგის განხორციელების წესს შეიმუშავებს. შესაბამისად მას შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების რეორგანიზაციაც მოხდება. ამ საკითხზე კანონში შესატან ცვლილებაზე მომავალმა პარლამენტმა უნდა იმუშაოს;

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების აპრილში ჩატარებას, არჩევნების თვე უკვე გადაწყვეტილია, ის მაისში ჩატარდება. რაც შეეხება თარიღს, კონსულტაციები მიმდინარეობს;

ასევე შევთანხმდით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლაზე. ოპოზიციას კონკრეტული კანონპროექტებიც კი წარვუდგინეთ. საუბარია იმაზეც, რომ საარჩვენო ადმინისტრაციებში ოპოზიციის მონაწილეობა გაიზარდოს და ცესკო-სა და საუბნო კომისიების პარალელურად მათ საოლქო საარჩევნო კომისიებშიც მივცეთ წარმომადგენლობის ყოლის უფლება, რაც დღემდე არ არსებობდა. გარდა ამისა, ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაშიც შევა.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ 17-დან 13 მოთხოვნაზე ჩვენი პასუხი დადებითია. ეს საკითხები შეთანხმების საფუძველზე იურიდიულად უნდა გაფორმდეს. ამიტომ, ის განცხადებები, რასაც ოპოზიცია დიალოგთან დაკავშირებით აკეტებს, ღია კარის მტვრებას ჰგავს.

"რეზონანსი": თქვენ პოლიტპატიმრები არ გიხსენებიათ, რომელიც მემორანდუმის მთავარი საკითხია. ერთ-ერთი ინფორმაციით იმ 44-კაციან სიაში, რომელიც ოპოზიციამ გადმოგცათ, ზუგდიდის საკრებულის წევრი ჯიქიაც ფიგურირებს, რომელიც ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს. ოპოზიცია კი ამბობს, რომ მას ნარკოტიკები ისევე ჩაუდეს, როგორც ათასობით სხვას.

ლ.ბ: "პოლიტპატიმრები" შესაფერისი და ადეკვატური ტერმინი ნამდვილად არ არის. მოლაპარეკებების პროცესში ერთ-ერთი საკითხი იმ დაკავებული ადამაინების ბედის გადაწყვეტა იყო, რომელთა საქმიანობა პოლიტიკას უკავშირდებოდა. სიის დეტალური შესწავლისას აბსოლუტირად საპირისპიროს გადავაწყდით. ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილი იყო 44-კაციანი სია, თუმცა სიის შემოწმებისთანავე დადგინდა, რომ მათგან უკვე 11 გარეთ არის და მათ მიმართ სს საქმეები არ მიმდინარეობს; 6 ადამიანი შევარდნაძეზე ტერაქტის გამოა მსჯავრდებული და ისინი ბუნებრივია ოპოზიციის პოლიტიკურ აქტივობას ვერ დაუკავშირდებიან; 3 მათგანი დაკავებულია თანამდებობრივი დანაშაულისთვის - ქრთამის აღება და სხვა; 2 ადამიანი საერთოდ ვერ მოვძებნეთ, ისინი დაკავებულები არ არიან; არის გარკვეული რაოდენობა, რომლებიც მხლებულები არიან კონკრეტულ სს დანაშაულებებში და ეს დანაშაულები მათ პოლიტიკურ აქტივობას არ უკავშირდება. მაგალითად, ქურდული სამყაროს წევრობა არ შეიძლება პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დასახელება მართებული არ არის. ის დაკავებულია 2007 წლის 25 ოქტომბერს ქურდული სამყაროს წევრობის და იარაღის უკანაონო ტარების ბრალდებით; 13 პირი მხილებულია ნარკოტიკულ დანაშაულებში.

ამბობენ, თითქოს ისინი იმიტომ არ დაუკავებიათ, რომ ნარკოტიკები ჩაუგდეს. მაგალითად, 2 ადამიანი სხვადასხვა დანაშაულებებისთვის სამჯერაა სამართლევია. ანუ, ბევრ მათგანს, გარდა ნარკოკტიკების შენახვისა, ისტორიაში ნარკოტიკების მოხმარების ფაქტიც აქვს. სია საკმაოდ ჭრელია და ხშირ შემთხვევაში გაუგებარიც, ვინაიდან მათი კრიმინალურ წარსული აწმყო პოლიტიკურ საქმიანობას არანაირად არ უკავშირდება.

"რ": 7 ნოემბერს დაკავებულთა გათავისუფლების საკითხი როგორ გადაწყდა.

ლ.ბ: 7 ნოემბერთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ 5 ადამიანი იყო დაკავებული. ერთმა ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე მოიხადა და გათავისუფლებულია, 4 ადამიანის მიმართ სს საქმის გამოძიება მიმდინარეობს. აქედან ერთ-ერთი ყველას ახსოვს, სპეცრაზმელს ქვას როგორ ურტყამდა რიყეზე. მისი ქმედებები განსაკუთრებული სისატიკით გამოირჩევა. დანარჩენი 3-ის მიმართ შესაძლებელია უფრო მსუბუქი სს ღონისძიებები გატარდეს, მაგალითად, დაჯარიმება.

"რ": რაზეც თქვენ საუბრობთ, მხოლოდ ზეპირი შეთანხმებაა, მათი იურიდიული გაფორმება როდის უნდა დაიწყოს, რომ კონკრეტული შედეგები ვნახოთ.

ლ.ბ: როცა შეთანხმება მოხდება, აღსრულებაც მერე დაიწყება. ჩვენ უკვე ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ 17-დან 13-ზე თანახმა ვართ. ამის შემდეგ მათგან ველოდებით შესაბამის პოზიციას, თანახმა არიან თუ არა ეს იურიდიულად გავაფორმოთ. აღსრულება კი მათი პასუხის შემდეგ დაიწყება.

ბაღათურია თევზაძეს და ნოდიას სტუდენტების ჩაგვრაში ადანაშაულებს

(ინტერპრესნიუსი) პოლიტიკური პარტია "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ი. ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტის რექტორის გიგი თევზაძის და განათლების მინისტრის, გია ნოდიას წინააღმდეგ თაღლითობისა და გამოძალვის მუხლით სს საქმის აღძრას მოითხოვს.

როგორც გუშინ განათლების სამინისტროს შენობასთან გამართულ პრესკონფერენციაზე ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, გამოძალვის ფაქტს გიგი თევზაძის ბრძანებულება ადასტურებს, თუ სტუდენტები დროულად არ გადაიხდიან გადასახადებს, ისინი ჩათვლებზე არ დაიშვებიან და აკადემიურ შეფასებას ვერ მიიღებენ.

"ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულია, რომ სტუდენტებს ჩათვლებზე, გამოცდებზე გასვლის უფლების მოსაპოვებლად დავალიანების სრულად დაფარვასთან ერთად დამატებით 100 ლარის გადახდა დაეკისრებათ," - ამბობს ბაღათურია.

მისი შეფასებით, ეს არის სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების მიმართ პირდაპირი გამოძალვის ფაქტი: "არცერთ ბანკს, მევახშეს თავის მოვალის მიმართ ასეთი მაღალი საურავი არ დაუწესებია, როგორიც გიგი თევზაძემ სტუდენტებს დაუწესა, ჩვენ შევისწავლეთ ხელშეკრულება და ხელშეკრულების მიხედვით, გადასახადი გათვალისწინებული არ არის."

მისივე თქმით, "ქართული დასი" უახლოეს პერიოდში განათლების სამინისტროდან შესაბამის დოკუმენტაციას გამოითხოვს, რათა თევზაძისა და ნოდიას წინააღმდეგ სს საქმის აღძვრა მოითხოვოს და სასამართლოს აღნიშნული ბრძანების გაუქმების მოთხოვნით მიმართოს. ბაღათურიამ აღნიშნა, რომ სტუდენტებმა დახმარებისთვის მიმართეს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com