"რეზონანსი "
# 39
ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2008 წელი

კახა შარტავა 15-ში კარვების გაშლასა და შიმშილობას არ გამორიცხავს

თამთა ქარჩავა

"არ გამოვრიცხავ არც შიმშილობის აქციის დაწყებას და არც კარვების გაშლას," - აცხადებს საერთო სახალხო მოძრაობის წევრი კახა შარტავა. მისი აზრით, მოვლენების განვითარება იმაზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ მემორანდუმზე.

გაიშლება თუ არა საპროტესტო ტალღა რეგიონებში და ვისი ინიციატივით შეწყდა დიალოგი. ამ საკითხებთან დაკავშირებით "რეზონანსი" კახა შარტავას ესაუბრა.

"რეზონანსი": უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ 15 თებერვლის აქცია მცირემასშტაბიანი იქნება. როგორ ფიქრობთ, მოვა ხალხი აქაციაზე და რა მოხდება 15 თებერვალს.

კახა შარტავა: მოვა. რა მოხდება 15 თებერვალს, ეს ამ წუთას არავინ არ იცის, ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ოპოზიციამ მოსახლოების დაკვეთა შეასრულა. ძირითადი პუნქტები, რის დაკმაყოფილებას მოითხოვს პარლამენტისგან, გადაცემულია. დღეს ხელისუფლებისგან მოვისმინე, რომ 17 პუნქტთან დაკავშირებით აქვთ პასუხი და თავისი შეხედულება. დღეს ან ხვალ გადმოგვცემენ. ამ პასუხებზე და მათდამი დამოკიდებულებაზე აეწყობა 15 თებერვალი და მისი გაგრძელება.

"რ": რატომ შეწყვიტა ოპოზიციამ დიალოგი ხელისუფლებასთან.

კ.შ: დიალოგი შეწყვიტა ხელისუფლებამ. კონკრეტულ საკითხებზე იყო მოლაპარაკება, ვადებიც იყო დათქმული, რომელიც დაირღვა. 29 იანვრიდან 15 თებერვლამდე საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ გაგვეგო პასუხი.

"რ": პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის გარეშე მიიღებდა რაიმე გადაწყვეტილებას. ვადების დარღვევა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, სააკაშვილის საქართველოში არყოფნის გამო ხომ არ მოხდა.

კ.შ: მე არ ვიცი ვის გულისხმობთ პრეზიდენტში. ჩემი აზრით, საქართველოს დღეს პრეზიდენტი არ ჰყავს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ალბათ დამოუკიდებლად არ ღებულობს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ველოდებით პასუხს და ვის მიერ იქნება ეს მიღებული და როგორ შეთანხმდებიან ერთმანეთში, ეს მათი პრობლემაა. თვითონ გამოაცხადეს, რომ ხვალ ექნებათ თავიანთი ვარიანტი მემორანდუმის 17 პუნქტზე. პასუხის მისაღებად დათქმული გვაქვს 15 თებერვალი და 15-ში რა პასუხსაც მიიღებს ხალხი, იმის მიხედვით იმოქმედებს.

"რ": თუ არსებობს ნებართვა მერიისგან აქციის გამართვაზე.

კ.შ: განცხადება აქციის გამართვასთან დაკავშირებით გადაცემულია მერიისთვის. საქმის კურსშია ხელისუფლება. თუმცა ჯერ-ჯერობით ნებართვა არ მიგვიღია. ნებართვის მოცემაზე არაა დამოკიდებული აქციის გამართვა, ეს აქცია მაინც ჩატარდება.

"რ": როდემდე გაგრძელდება.

კ.შ: ბოლომდე. ბოლო გამარჯვებამდე. სანამ საარჩევნო სამართლებრივი სიტუაცია არ შეიცვლება ქვეყანაში. მოსახლეობა ამ აქციების მეშვეობთი და თავისი ნების გამოხატვით მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ვქნათ და როგორ მოვიქცეთ შემდგომში. ჩვენ ვიქნებით მოსახლეობის შეკვეთის შემსრულებელი.

"რ": რამდენად უშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ პარლამენტის შენობის წინ გაიშალოს კარვები.

კ.შ: თუ სხვა გამოსავალი ხელისუფლებამ არ დატოვა, ამის შესაძლებლობას დიდი ალბათობით ვუშვებთ. თუ ხელისუფლება შეეცდება, რომ აქციები და მიტინგებზე მოსვლა გადააქციონ ფარსად, რომ საბოლოო შედეგი არ მოიტანოს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო ინტენსიური უნდა გახდეს წინააღმდეგობა და ეს სხვადასხვა ფორმას მიიღებს, რა თქმა უნდა, მშვიდობიანს. არაა გამორიცხული დაიწყოს შიმშილობის აქცია.

"რ": არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ საპროტესტო ტალღა რეგიონებსაც მოედოს.

კ.შ: მოსახლეობის ჩამოყვანას რეგიონებიდან ამ ეტაპზე არ ვახორციელებთ. აქცია ტარდება თბილისში. ვისაც სურვილი და შესაძლებლობა ექნება, ჩამოვა. შემდგომში საჭიროებისდა მიხედვით ეს ტალღა გაიშლება რეგიონებშიც. თუ საჭირო იქნება თბილისში ყველას შეკრება, ესეც მოხდება.

სუბარი "იმედისათვის" ლიცენზიის

აღდგენას ითხოვს

(მედიანიუსი) "ტელეიმედისათვის" ლიცენზიის მოქმედების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს გიორგი არველაძეს მიმართა თხოვნით, "ტელეიმედის" მიმართ შეწყდეს მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, კომისიის გადაწყვეტილებით არკადი პატარკაციშვილი არის შპს "ტელეიმედის" არაპირდაპირი მფლობელი და "მაუწყებლობის შესახებ" კანონის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტია ან პარტიის თანამდებობის პირი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კომისიის ეს დასკვნა ბუნდოვანია, რადგან მინიშნებული არ არის, თუ რომელი პარტიის წევრია პატარკაციშვილი, რადგან მისი პარტიულობის დამადასტურებელი მტკიცებულება რეალურად არ არსებობს.

გარდა ამისა, სოზარ სუბარის განმარტებით, შპს "ტელეიმედს" 10 წლის ვადით სამაუწყებლო ლიცენზია მიანიჭა არა არკადი პატარკაციშვილმა, არამედ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ. პატარკაციშვილი ტელევიზიის არაპირდაპირ მფლობელად რომ ჩაითვალოს, მას უფლება უნდა ჰქონდეს, რომ 10 წლის გასვლის შემდეგ "ტელეიმედისაგან" სამაუწყებლო ლიცენზია გამოითხოვოს, რაც კანონით აკრძალულია.

2007 წლის ნოემბრიდან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს სახალხო დამცველი აფასებს, როგორც ტელეკომპანია "იმედის" მუშაობის განზრახ შემაფერხებელს, რაც საბოლოო ჯამში, "ხელს უშლის ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას".

სოზარ სუბარის თქმით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ კი ტელევიზიის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების გამო, ლიცენზიის მფლობელს უნდა მიეცეს ჯერ გაფრთხილება, ხოლო ერთი წლის განმავლობაში იმავე ან ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისროს ფულადი ჯარიმა.

როგორც სუბარი ამბობს, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირის მიერ მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობისათვის შპს "ტელეიმედს" არასოდეს ჰქონია დაკისრებული არც გაფრთხილება და არც ფულადი ჯარიმა.

ასეთი სადამსჯელო სანქციები "ტელეიმედს" შეეფარდა მხოლო 2007 წლის 7 ნოემბერს არკადი პატარკაციშვილის განცხადების გავრცელებისათვის, ხოლო ჯარიმა - საინფორმაციო ცენტრ "საერთო ევროპული საქმის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებისათვის, რაც სახალხო დამცველის განმარტებით, არ წარმოადგენს სამაუწყებლო ლიცენზიის შეჩერების საფუძველს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com