|
|
"რეზონანსი "
პატარკაციშვილის პარტიის ოფისიდან პერსონალური კომპიუტერები გაიტაცეს: "ეს არ იყო ძარცვა, ეს იყო სპეცოპერაცია" ია აბულაშვილი
გრიბოედოვის ქუჩა 23-ში მდებარე პოლიტიკური ორგანიზაცია "ჩვენი საქართველოს" ოფისი გაქურდეს. როგორც "რეზონანსს" პარტიის საინიცატივო ჯგუფის წევრმა და ბადრი პატრაკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით შუკაკიძემ განუცხადა, წაღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, რომელსაც "ჩვენი საქართველო" აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში წარსადგენად ამზადებდნენ. წინასწარი მონაცემებით, ოფისიდან წაღებულია 4 კომპიუტერი, მათ შორის თავად დავით შუკაკიძის, ნონა გაფრინდაშვილის და პარტიის პრესმდივნის ნანა ავალიშვილის. "დღეს დილით თანამშრომლებმა შემატყობინეს, რომ ოფისი გაძარცვული იყო. თავდაპირველად მომხდარი უბრალო ქურდობა მეგონა, შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს დაინტერესებულმა პირებმა გააკეთეს. ჩვენ დაცვის ფუფუნება არ გვაქვს და სავარაუდოდ ძარცვა გვიან ღამით მოხდა. წაღებულია სწორედ ის კომპიუტერები, სადაც ინახებოდა ყველა ის საიდუმლო დოკუმენტაცია, რომელიც გამოქვეყნებას არ ექვემდებარება და შიდა პარტიული მოხმარებისათვის იყო გამიზნული. ასევე, წაღებულია მნიშვნელოვანი აუდიო და ვიდეო ჩანაწერების სრული ვერსიები - კოდუას საუბრები პატარკაციშვილთან და სხვებთან, სულ 8 ჩანაწერი. წაღებულია ყველა ნაბეჭდი და ხელნაწერი მასალა, თანაც შერჩევით. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის გახლავთ, რომ ჩვენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში წარსადგენად ვამზადებდით სერიოზულ მამხილებელ მასალებს - 5 იანვრის არჩევნების შედეგებთან დაკაშირებით. ვფიქრობდით, რომ ამ მასალების გამოქვეყნებას საქართველოში აზრი არ ჰქონდა, მითუმეტეს იმ ინსტანციებში, ვისაც ამის განხილვა უშუალოდ ევალება. ამიტომაც გადავწყვიტეთ მასალები ამერიკაში გაგვეგზავნა. "რაც შეეხება სამართალდამცავებს, ისინი უკვე იყვნენ შემთხვევის ადგილზე, კერძოდ "ძველი თბილისის" რაიონის კრიმინალური სამსახურის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, გადაჭრით ვერაფერი გვითხრეს, მხოლოდ ღიმილი ჰქონდათ სახეზე. კარგი იქნება კომპიუტერებს მაინც თუ დაგვიბრუნებენ, რადგან მასალები რომ განადგურებულია, ამაში ეჭვი აღარ გვეპარება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის განადგურებულია. მასალების მთლიანად აღდგენა ალბათ ვერ მოხერხდება, მაგრამ შევეცდებით ნაწილობრივ მაინც აღვადგინოთ. "მომხდართან დაკავშირებით დაბეჯითებით ვერაფერს გეტყვით და ვერც ვინმეს დავადანაშაულებ. ერთი შეიძლება ითქვას, რომ ეს არ იყო ძარცვა, ეს იყო სპეცოპერაცია," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას დავით შუკაკიძე და არც იმას გამორიცხავს, რომ "დაუპატიჟებელ სტუმრებს" ოფისში მოსასმენი აპარატურაც დაემონტაჟებინათ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |