"რეზონანსი "
# 39
ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2008 წელი

გელბახიანის თანაგუნდელი აცხადებს, რომ პატრულმა პროვოკაცია მოუწყო

ნინო მიქიაშვილი

პარლამენტარ მერაბ ხურციძის შვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით გაასამართლეს და 400 ლარით დააჯარიმეს. თავად დეპუტატს კი ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო 300 - ლარიანი ჯარიმა გადაახდევინეს.

მერაბ ხურციძე კვირა საღამოს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან მომხდარ ინციდენტს პოლიტიკას უკავშირებს და ამბობს, რომ ამგვარი რამ არ მოხდებოდა, საპარლამენტო უმრავლესობა რომ არ დაეტოვებინა და ვალერი გელბახიანის თანაგუნდელი რომ არ გამხდარიყო.

მერაბ ხურციძე: 11 თებერვალს ღამის თერთმეტიდან თორმეტ საათამდე, დიდუბის ეკლესიასა და დინამოს სტადიონს შორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გაგვაჩერეს. მე საჭესთან ვიჯექი, ჩემი შვილი გიორგი ხურციძე გვერდით მეჯდა. ნასვამი ვიყავი, ჩემი შვილიშვილის დაბადების დღეზე ორი ჭიქა დავლიე. მანქანა საჯარიმოზე უნდა გადავიყვანოთო, - მითხრეს. მათთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია - აგერ მანქანა, აგერ გასაღები, მზად ვარ ჯარიმა გადავიხადო-მეთქი, ვუთხარი. მანქანა საჯარიმოზე უნდა წაეყვანათ და ამ დროს მათი მხრიდან რაღაც პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, რასაც ახალგაზრდა ბიჭი ადვილად წამოეგო. აი, ეგ იყო, მეტი არაფერი.

"რეზონანსი": რა სახის პროვოკაციას გულისხმობთ.

მ.ხ: ცოტა უხეშად ნათქვამს, უხეშად მოქცევას, როგორც გიორგისთან, ისე ჩემთან მიმართებაში.

"რ": პოლიციელები ორნი იყვნენ.

მ.ხ: თავიდან ორნი, მაგრამ შემდეგ იქ საპატრულო პოლიციის 7-8 მანქანა წამებში გაჩნდა, რადგან მე ვიყავი იქ.

"რ": თქვენი შვილი იქვე დააკავეს.

მ.ხ: დიახ, იქიდან წაიყვანეს; ორშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში პროცესი ჩაატარეს, 400 ლარით დააჯარიმეს და გამოუშვეს.

"რ": რა მუხლით გაასამართლეს, პროცესს თქვენც ესწრებოდით. გავრცელებული ინფორმაციით, მას ბრალად სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება.

მ.ხ: რა მუხლი მიუყენეს, არ ვიცი, ალბათ, ეგ იქნებოდა. მე პროცესს არ დავსწრებივარ, რადგან მითხრეს: თუ საჭიროდ ჩავთვლით, მოწმედ დაგკითხავთო. მოწმედ არავის დავუკითხივარ; დეპუტატი კაცი ვარ და მოსამართლეს იმის ღირსად არ ჩავუთვლივარ, ელემენტარულად ეკითხა ჩემთვის რა და როგორ იყო. ვიმეორებ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აშკარა პროვოკაცია მოაწყვეს.

"რ": და რას უკავშირებთ სამართალდამცავების მხრიდან პროვოკაციას.

მ.ხ: იმას, რომ უმრავლესობიდან წამოვედი. ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ. მით უმეტეს, ჩვენ მათთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაგვიწევია.

"რ": ამ წუთში ხართ რომელიმე ფრაქციის წევრი.

მ.ხ: ჩვენი ფრაქცია დაიშალა.

"რ": მაგრამ ვალერი გელბახიანის თანაგუნდელად ითვლებით, არა.

მ.ხ: დიახ და სწორედ მაგაშია საქმე. უკაცრავად და ჩემს ადგილას სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი რომ ყოფილიყო, ვითარება არ გართულდებოდა.

"რ": მანქანა საჯარიმოდან თუ გამოიყვანეთ და საინტერესოა რამდენლარიანი ჯარიმა გადაიხადეთ.

მ.ხ: მანქანა ორშაბათს გამოვიყვანე და 300-ლარიანი ჯარიმა გადავიხადე.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com