"რეზონანსი "
# 39
ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2008 წელი

სამეგრელო დამოუკიდებელი პრესის გარეშე რჩება: რეგიონებში ჟურნალისტებზე სატელეფონო მუქარიდან ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდნენ

ლანა ბერიძე

რეგიონებში ჟურნალისტებზე ზეწოლა გრძელდება. 2 თვის წინ სამეგრელოში გამომავალი ჟურნალ "ღია ბოქლომის" გამოცემა შეწყდა. ამას ერთი თვის წინ ფოთში გამომავალი გაზეთ "თავისუფალი სიტყვის" დროებით დახურვაც მოჰყვა. რამდენიმე დღის წინ კი ასევე სამეგრელოში გამომავალი ჟურნალ "დისკუსიას" რედაქცია, გამგებელ ალექსანდრე ქობალიას გადაწყვეტილებით, ოფისის გარეშე დარჩა. გასულ კვირას ზეწოლა განხორციელდა "რეზონანსის" რეგიონალურ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზეც, ამჯერად კახეთში. ჟურნალისტები მათ მიერ განხორციელებულ ზეწოლას მწვავე სტატიებს უკავშირებენ და დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვენ.

ურედაქციოდ დარჩენილი ჟურნალ "დისკუსიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი სოსო ხოფერია დახმარებას კოლეგებისგან ითხოვს: "გამგეობის შენობიდან გამოგვასახლეს. ამ დრომდე ქუჩაში ვმუშაობთ, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ. ამჟამად ერთ-ერთ შენობაში ვართ შეკედლებული, რომელსაც შეგნებულად არ დავასახელებ. ზეწოლის შედეგად "დისკუსიის" რედაქტორმა მარინა დამენიამ რედაქცია დატოვა, რადგან სამსახურში დარჩენის შემთხვევაში ძმის დაჭერით დაემუქრნენ.

"სანამ გამგეობის შენობას დავტოვებდით, მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალია იმასაც გვეუბნებოდა, ოთახს გაგიტეხავთ და ჩემი ხელით გაგიყრით ტექნიკას ქუჩაშიო. მუქარის შემდეგ ღამეს რედაქციაში ვათევდით. ამის შემდეგ გვითხრეს, რომ სპეცრაზმის დახმარებით გაგვყრიდნენ გარეთ, ამიტომ სპეცრაზმის შემოსვლას ვარჩიეთ თავად დაგვეტოვებინა შენობა."

მისივე თქმით, ბოლო ნომერში ზაზა გოროზიას მისამართით იმდენად მწვავე სტატიები იყო დაბეჭდილი, რომ გამგებელმა მათი გაჩუმება გადაწყვიტა: "სტატიაში აღწერილი იყო თუ როგორ გაყალბდა არჩევნები სამეგრელოში. თუ კოლეგები მხარში არ დაგვიდგებიან, და არ გამოეხმაურებიან ამ საკითხს, სამეგრელოში თავისუფალი მედიასაშუალება აღარ დარჩება. რამდნიმე დღის წინ ადგილობრივ გაზეთ "კოლხურ ვერსიაში", ფინანსური პოლიცია შევიდა და ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ, მათი ოფისი სამხარეო ადმინისტრაციის შენობაშია და ემუქრებიან, თუ არ დაგვიჯერებთ, ოთახიდან თქვენც გაგყრითო. ასე თუ გაგრძელდა, ჩვენი ჟურნალიც მალე დაიხურება და ასპარეზს სამთავრობო გაზეთებს დავუთმობთ."

ხოფერიას თქმითვე, "კოლხურ ვერსიაში" ფინანსური პოლიციის შესვლას გაზეთის ჟურნალსიტები ღიად არ ადასტურებენ. გაზეთის რედაქტორი ნანა ფირცხელავა ამბობს, რედაქციამ მხოლოდ წლიური ანგარიში ჩააბარა ფინანსურ პოლიციასო. ხოფერიას აზრით, ჟურნალისტებს ეშინიათ და ამიტომ ზეწოლის ფაქტებზე ხმამაღლა ვერ საუბრობენ.

ასევე პრობლემები აქვს ფოთში გამომავალ "თავისუფალ სიტყვას". გაზეთი უკვე ერთი თვეა ფინანსური პრობლემების გამო აღარ გმოდის. გაზეთის რედაქტორის, ელისო ჯანაშიას განცხადებით, ისინი უკვე რამდენიმე წელია რეგიონის მთავრობისგან ინტენსიურ წნეხს განიცდიან, რის გამოც მათ ფინანსური პრობლემები ხშირად ექმნებათ და გამოცემაც რამდენჯერმე შეაჩერეს.

"ბიზნესმენები რეკლამას აღარ აკეთებენ, ამბობენ, რომ რეკლამას თუ გააკეთებენ, მეორე დღეს მათ ოფისში ფინანსური პოლიცია შევა. დროებით შევაჩერეთ გამოცემა, მაგრამ ფინანსურ კრიზისს დავძლევთ თუ არა, განვაახლებთ მუშაობას. ჩვენ გაზეთს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსისა და მისი მეუღლის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარიც აქვს შეტანილი, მაგრამ საქმე ერთი ადგილიდან არ იძვრება. საჩივარი "ღია ბოქლომში" ფეკალურ მასებზე დაბეჭდილ სტატიას ეხება. როდესაც ეს ფაქტი ჩვენც გავაშუქეთ, პრესსამსახურის უფროსის მეუღლემ დამირეკა და დამემუქრა. ამის შესახებ სახალხო დამცველსაც ვაცნობე, მაგრამ ეს საქმე კვლავ თაროზე დევს და ჯერ არავის გამოუძიებია," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ელისო ჯანაშია.

მისივე თქმით, სამეგრელოს რეგიონში დარჩენილი მედიასაშუალებები, რომლებიც უპრობლემოდ აგრძელებენ მუშაობას, გუბენატორის მიერაა კონტროლირებადი.

"ღია ბოქლომის" გამოცემაც ორი თვეა შეჩერებულია. ჟურნალმა მას შემდეგ შეწყვიტა ფუნქციონირება, რაც მის რედაქტორს გოროზიას პრესცენტრმა სასამართლოში უჩივლა, ხოლო მოსამართლემ რედაქტორს 2 160 ლარის გადახდა დააკისრა.

"რეზონანსი" ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქტორ ილია ჩაჩიბაიას დაუკავშირდა. ჟურნალისტმა ჯერ გადაამოწმა მართლა "რეზონანსის" ჟურნალისტი ურეკავდა თუ არა და მხოლოდ ამის შემდეგ გაგვესაუბრა. "სხვადასხვა სააგენტოების სახელით მირეკავენ, ხოლო როდესაც კომენტარს ვაკეთებ, მაგინებენ და მემუქრებიან, ამიტომ გადავამოწმე მართლაც "რეზონანსიდან" რეკავდით თუ არა.

"ჩვენი ჟურნალის დაპირისპირება ზაზა გოროზიასთან გასულ წელს დაბეჭდილი სტატიით დაიწყო, რომელშიც ნათქვამი იყო თუ როგორ დაუდეს გოროზიას მაგიდაზე ფეკალური მასები. ამ სტატიის დაბეჭდვის შემდეგ გამიტაცეს, გამომამწყვდიეს სამხარეო ადმინისტრაციის ოთახში და 3 საათი მიდიოდა ჩემზე ფიზიკური ზეწოლა. გუბერნიის პრესცენტრის უფროსი ლალი გელენავა და გუბერნატორის დაცვის უფროსი უმოწყალოდ მცემდნენ. მაიძულებდნენ დამესახელებინა ინფორმაციის წყარო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჟურნალის დახურვით მემუქრებოდნენ.

"ამ გასაიდუმლოებული ფაქტის გამოაშკარავების შემდეგ გოროზია გადამეკიდა. მისი დავალებით, პრესსამსახურმა სასამართლოში საჩივარიც შეიტანა იმ სტატიის გამოქვეყნებისთვის, სადაც გუბერნიის გაქურდვაზე იყო საუბარი. გოროზია და მისი პრესმდივანი ამ ქურდობის ფაქტს მალავდნენ, ჩვენ კი ვიცოდით, რომ გუბერნიიდან აპარატურა და სხვა ნივთები გაქრა. ამ სტატიის გამო იჩივლეს. სასამართლომ კი ჩვენს ჟურნალს 2 160 ლარის გადახდა დააკისრა, თანხა არ გაგვაჩნია და ვართ გაწვალებულ მდგომარეობაში," - უთხრა "რეზონანსს" ილია ჩაჩიბაიამ.

რედაქტორის თქმით, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მას ეშინია, რომ იგივე საფრთხე მის ჟურნალისტებსაც ემუქრებათ: "რამდენიმე დღის წინ მთელი ზუგდიდი აჭრელებული იყო პლაკატებით, სადაც შიშველ ქალს თავზე ჩემი სურათი ჰქონდა მიმაგრებული, პლაკატზე კი ეწერა: ინტიმ მომსახურეობა შეღავათიან ფასებში. ფასი შეთანხმებით." ასევე პლაკატზე მითითებული იყო ჩემი ტელეფონის ნომერი, სახელი და გვარი. კუდ-ის თანამშრომლები, კერძოდ კი ვახო გაბელია ამას გუბერნატორის და როლანდ ახალაიას დავალებით ასრულებს. ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეშ გვიწვს მუშაობა. სიმართლე გითხრათ, ძალიან შეშინებული ვარ."

ჩაჩიბაიას განცხადებით, მას რამდენჯერმე სახლშიც შეუვარდნენ და სასიკვდილოდ სცემეს: "გუბერნატორის თვალწინ მისივე დაცვამ სასიკვდილოდ მცემა. მას შემდეგ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. გამუდმებით რეკავენ ჩვენთვის უცნობი პიროვნებები და მემუქრებიან. მეუბნებიან, რომ ყველა კრიტიკულ გამომცემლობას დახურავენ და მედიაზე კონტროლს მთლიანად კუდ-ი აიღებს."

"თავს მოგაჭრი, პარკში ჩავდებ და შენს ოჯახს გავუგზავნი. დედას მოგ... - გაჩერდი. მუშაობას თავი დაანებე, თორემ უეჭველი მოგკლავთ. ბიჭო, შენ იცი ვის გვიმეტებ. ხომ იცი, რომ ჩვენთვის პრობლემა არ არის შუბლი გაგიხვრიტოთ. საბარგულში ჩაგტენით და შენს გვამს ნადირს შევაჭმევთ, ვერც კი დაგიტირებენ," - ასეთი სახის მუქარა "რეზონანსის" კახეთის რეგიონალურმა კორესპონდენტმა გელა მთივლიშვილმა 3 თებერვალს ღამის 2 საათზე ტელეფონით მიიღო ნომრიდან 899 61-62-78.

მომხდარის შესახებ 4 თებერვალს გაზეთ "მთელ კვირაში" დაიწერა. სტატიის დაბეჭდვის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა მუქარის ავტორი ჯერ გამოვლენილი არ არის.

"3 თებერვლის შემდეგ ასეთ სატელეფონო მუქარებს ადგილი აღარ ჰქონია. მომხდარის შესახებ მეორე დღესვე აღიძრა სს საქმე, მაგრამ არაფერი გარკვეულა. მაქვს ინფორმაცია, რომ პოლიციამ სატელეფონო ზარების დეტალური ამონაწერი გააკეთა, მაგრამ გაუგებარია რატომ დასჭირდა ამდენი დრო იმ პიროვნების ვინაობის დადგენას, რომელიც სიკვდილით მემუქრებოდა. როგორც ჩანს, პოლიციასთან კავშირი აქვს, სხვა შემთხვევაში, როცა სურთ, უცებ გამოიძიებენ ხოლმე და ახლა რა დაემართათ. ალბათ მას შემდეგ მიუდგებიან ამ საქმეს უფრო სერიოზულად, როდესაც ვინმეს მართლაც მოკლავენ," - ამბობს გელა მთივლიშვილი.

სამეგრელოში ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე შს სამხარეო და რაიონულ განყოფილებებში არაერთი საქმეა აღძრული, მაგრამ როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, პოლიციაში საქმეები სპეციალურად ჭიანურდება და გამოძიების რეალური შედეგი ჯერ არავის უნახავს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com