"რეზონანსი "
# 39
ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2008 წელი

რას მოგვიტანს პუტინი-სააკაშვილის შეხვედრა: თბილისში ურთიერთობების დათბობას ვარაუდობენ

ელზა წიკლაური

22 თებერვალს დსთ-ს პრეზიდენტების არაფორმალურ სამიტზე, შესაძლოა, სააკაშვილისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა შედგეს. ყოველ შემთხვევაში, სამიტზე დასწრების სურვილი და რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის მზადყოფნა სააკაშვილმა მიუნხენში რუსეთის ვიცე-პრემიერთან სერგეი ივანოვთან საუბრის დროს უკვე გამოთქვა.

"არაფორმალური სამიტი კარგი საშუალებაა ორმხრივი ურთიერთობების განხილვისთვის. ორი ქვეყნის ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანაში კი, რა თქმა უნდა, რუსეთიც დაინტერესებულია," - ეს განცხადება სერგეი ივანოვმა სააკაშვილთან საუბრის შემდეგ გააკეთა.

როგორც ცნობილია, დსთ-ის პრეზიდენტების არაფორმალური სამიტი მოსკოვში 22 თებერვალს გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, ფორუმზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხებსაც განიხილავენ.

"ორ ქვეყენას შორის ნორმალური ურთიერთობების წარმართვისთვის შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ჩამოსვლა საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პოზიტიური სიგნალი იყო. მიმაჩნია, რომ საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობა ნორმალურ ჭრილში უნდა გადავიდეს და ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს აგებული. იმედი მაქვს, რომ შესაბამის ნაბიჯებს რუსეთიც გადადგამს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

ამ შეხვედრის პერსპექტივებს ქართველი ექსპერტები დადებითად აფასებენ და არსებული დაძაბული ვითარების ნაწილობრივ მოგვარებას არ გამორიცხავენ. პოლიტოლოგების თქმით, "სურვილის არსებობა უკვე ბევრის მანიშნებელია."

"ამ შეხვედრის შემდეგ ურთიერთობების დათბობას ველოდები, ვინაიდან უკვე რუსეთშიც ხვდებიან, რომ სიტუაციის გართულება არც ერთი მხარისთვის მომგებიანი არ არის. მართალია, საქართველო რუსეთს ეკონომიკურ ჭიშკარს ბენდუქიძის წყალობით უღებს, თუმცა მოსკოვში ისიც კარგად ესმით, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში შეიძლება ეს ასე აღარ იყოს. დაძაბულობის ფონზე სააკაშვილი დგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც რუსეთის ინტერესებშია, ოპოზიციამ კი შეიძლება არ გააკეთოს. ეს რისკი რუსეთმა აშკარად დაინახა.

"ამას გარდა, სააკაშვილმა დაინახა, რომ რუსეთის განაწყენებულმა ჟესტებმა - ფრენების შეწყვეტა, ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტის აკრძალვა, სავიზო რეჟიმის შეჩერება - არა მარტო რუსეთის, არამედ ქვეყნის შიგნით სააკაშვილის იმიჯზეც იმოქმედა. აქედან გამომდინარე არც სააკაშვილს უნდა რადიკალიზმი, რაც კონსტრუქციული დიალოგისა და დათბობის შესაძლებლობას ნამდვილად ქმნის," - განაცხადა "რეზონანსთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.

"არჩევნების შემდეგ ვითარება შეიცვალა და გაჩნდა შანსი, რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების," - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილ და სააკაშვილი-პუტინის შეხვედრიდან დადებით შედეგებსაც ელოდება.

"მართალია, ერთი შეხვედრით ყველა პრობლემა ვერ მოგვარდება, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი აუცილებლად დადებითად გადაწყდება. რუსეთს ჩვენგან სჭირდება, რომ მსო-ში კარი გავუღოთ, ჩვენ კი გვსურს, რომ "ბორჯომი", ღვინო და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები ისევ გავიდეს რუსულ ბაზარზე. ჩვენ მსო-სთან დაკავშირებით გვაქვს ამ ეტაპზე შეუსრულებელი მოთხოვნები. საჭიროა, რომ ეს მოთხოვნები რეალობასთან მივიყვანოთ და მოსკოვს ეკონომიკურ თემებზე ვესაუბროთ. თუ მხარეებმა ამ თემაზე დაიწყეს საუბარი, ურთიერთობის დათბობა გარდაუვალი იქნება.

"ამერიკა საქართველოს მაინც აიძულებს, რომ მსო-ს საკითხი დათმოს. თითქმის ერთი წლის წინ სააკაშვილმა "ბი-ბი-სი"-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ამერიკა მოითხოვს, საქართველო საკუთარ პირობებს უკან წაიღებსო. ამერიკას დიდი სურვილი აქვს, რომ საქართველოს რუსეთთან ცივილიზებული ვაჭრობის პირობები ჰქონდეს და გამორიცხული არ არის, რომ ვაშინგტონმა აიძულოს ქართული მხარე პირობები უკან წაიღოს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ქართული მხარე ახლა გადადგამს ამ ნაბიჯს და აქედან რაღაც მოგებას ნახავს. ასე რომ, თუ ამ საკითხზე იქნება საუბარი, შეთანხმების მიღწევა აუცილებლად მოხდება. ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ამ 4 წლის განმავლობაში და სჯობს მისი მოგვარება ეკონომიკური საკითხებით დაიწყოს," - დასძინა "რეზონანსთან" საუბარში რამაზ კლიმიაშვილმა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com