"რეზონანსი "
# 39
ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2008 წელი

მიგრანტები საზღვარზე მკაცრ კონტროლს აპროტესტებენ: "უცხოელებისთვის საქართველოში შრომითი ლიმიტები უნდა შეიზღუდოს"

ეკა გულუა

საქართველოს ის მოქალაქეების, რომელთაც საზღვარგარეთ ვიზიტი ხშირად უწევთ, პრეტენზიებს გამოხატავენ, რომ საზღვარზე მკაცრად აკონტროლებენ და სხვადასხვა, მათთვის მიუღებელ კითხვებს უსვამენ. მათი პრეტენზიები კი განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებს უკავშირდება, სადაც საქართველოს მოქალაქეებზე სავიზო რეჟიმი არ ვრცელდება. მაგალითად, უკრაინასთან. ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ეს ჩვეულებრივი პროცედურაა და სავიზო რეჟიმის არარსებობის მიუხედავად, მესაზღვრეს უფლება აქვს, მიგრანტი გამოკითხოს.

პრეტენზიული მგზავრები

"რეზონანსს" რამდენიმე პრეტენზიული მგზავრი დაუკავშირდა, რომელმაც გვთხოვა, ამ თემისთვის ყურადღება მიგვექცია და გაგვეშუქებინა. ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, მათ გვთხოვეს, რომ მათი ვინაობა არ დაგვესახელებინა, რადგან, შესაძლოა, საზღვარზე დამატებითი პრობლემები შეექმნათ. თემაზე მუშაობისას რამდენიმე კომპეტენტური პირი ჩავწერეთ, რომლებიც ამბობენ, რომ საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში ნაციონალური ნიშნით გამორჩევა არ ხდება და ნებისმიერი მესაზღვრე ვალდებულია, საზღვრის გადამკვეთს ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ის ჰკითხოს, რასაც საჭიროდ ჩათვლის.

ლადო, ერთ-ერთი მგზავრი: "მოგზაურობა ხშირად მიწევს. როგორც კი მებაჟეს ქართულ პასპორტს მივაწვდი, სხვადასხვა უხერხულ კითხვას მისვამს. განსაკუთრებით იმიტომ ვარ შეშფოთებული, რომ ეს ისეთ ქვეყნებსაც ეხება, სადაც ვიზა არც გვჭირდება, მაგალითად, უკრაინაში. თუ თავისუფალი მიმოსვლა გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემების გარეშე უნდა გადავკვეთოთ საზღვარი. რაღაც მგონია, რომ ქართველებს არ გვენდობიან და ყველგან ცუდი თვალით გვიყურებენ.

მესმის, რომ არალეგალებმა ქვეყანას სახელი გაუტეხეს და პრობლემები შეუქმნეს, მაგრამ ყველა მგზავრი ხომ ერთნაირი არ არის. მაგალითად, არაერთხელ უკითხავთ, რამდენი მაქვს ფული, დღეში რამდენის დახარჯვას ვაპირებ და როგორ უნდა გავანაწილო ეს თანხა; ვისთან ვრჩები და მისამართი; რა მიზნით შევდივარ ამ ქვეყანაში; საქართველოში როდის დავბრუნდები და ოჯახში ვინ მყავს და სხვა. ჩემთვის მსგავსი დაკითხვები შეურაცხმყოფელია და არ უნდა ხდებოდეს.

კარგი იქნება, თუ ჟურნალისტები ამ თემით დაინტერესდებით და გაგვირკვევთ, რა არის ამის მიზეზი. გარდა ამისა, ჩემი ინფორმაციით, დეპორტირებულთა რიცხვი საკმაოდ გაიზარდა და თუ მესაზღვრეს კითხვებზე პასუხები არ დააკმაყოფილებს, თავისუფლად შეუძლია ქვეყანაში არ შეგიშვას. მსგავს ფაქტს პირადად ორჯერ შევესწარი".

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით და იმის გასარკვევად როგორია დეპორტირებულთა მაჩვენებელი, "რეზონანსი" საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. საკონსულო დეპარტამენტმა აღნიშნულ თემაზე საუბარი არ ისურვა და არც დეპორტირებლთა მონაცემები მოგვაწოდა. მათგან განსხვავებით, საუბარზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები დაგვთანხმდნენ.

"კონტროლი ჩვეულებრივი პროცესია"

როგორც საგარეო ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილმა გვითხრა, მართალია მას დეპორტაციის ზუსტი მაჩვენებელი არ გააჩნია, თუმცა ეს რიცხვი გაზრდილი არ არის.

კოტე გაბაშვილი: "ის, რასაც თქვენ მეკითხებით, ნებისმიერი სასაზღვრო სამსახურის ჩვეულებრივი, კანონით მინიჭებული უფლებაა. უცხო ქვეყნის მოქალაქე მის ქვეყანაში ვიზით შედის თუ უვიზოდ, მათ უფლება აქვთ კითხვები მაინც დაუსვან. მესაზღვრეებმა უნდა გაარკვიონ, ვინ არის, რა უნდა და რატომ შედის ქვეყანაში. მსგავს კითხვებს უცხოელებს ჩვენი მესაზღვრეებიც უსვამენ. მაშ საბაჟო რისთვის არსებობს. ამ კითხვების დასმის უფლება ყველა აქვს. ქართველები არაფერ შუაშია, ეს ყველა ქვეყნის მოქალაქესთან ხდება. ნაციონალური ნიშანი აქ არაფერს ნიშნავს.

დეპორტირებულთა რიცხვი არ მატულობს, ისეთია, როგორიც იყო. რეადმისიის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ კი დეპორტაცია ბუნებრივი პროცესია. მაგალითად, გერმანიასთან ეს გაფორმებულია და გასაკვირი არ არის, მისი ამოქმედების შემდეგ არალეგალთა დეპორტაცია მოხდეს".

დეპორტირებულთა მაჩვენებლის ზრდას სწორედ რეადმისიის ხელშეკრულებას უკავშირებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ნაკაშიძე. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ყველა ქვეყნის საელჩოს, საკონსულოს თუ მესაზღვრეს უფლება აქვს, გამოკითხოს თითოეული ემიგრანტი ვიზიტის მიზანზე და მოითხოვოს მატერიალური გარანტიები, რომ მას საშუალება ექნება, იქ იცხოვროს.

"თუმცა, რიგ შემთხვევებში საკონსულოები ზედმეტ ზომებს ღებულიბენ და შესაძლოა, ჩვენ ეს საკითხი ამ საელჩოებთან დავაყენოთ კიდეც. რაც შეეხება დეპორტაციას, რეადმისიის ხელშეკრულება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებთან ვაფორმებთ, სწორედ იმას გულისხმობს, რომ არალეგალები ქვეყანაში დააბრუნონ. ამის შესაბამისად ხდება მათი დეპორტაცია. ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, რომ ნებისმიერი არალეგალი დააბრუნოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველების მიმართ განსაკუთრებული კონტროლი არსებობს".

ხელისუფლებისგან განსხვავებით, დეპორტირებულთა მაჩვენებლის ზრდას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ოპოზიციონერი მანანა ნაჭყებია ადასტურებს. მისი თქმით, ამის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ უცხოელთა თვალში საქართველო ჯერ კიდევ არ არის დემოკრატიული ქვეყანა და მათთვის სახელმწიფო ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ქვეყნის პირველ პირთან მეგობრობა.

მანანა ნაჭყებია: "ვფიქრობ, საზღვრებზე ქართველების მიმართ განსაკუთრებული მიდგომა და შესაბამისად მკაცრი კონტროლი არსებობს. დარწმუნებილი ვარ, რომ არც უკრაინასა და არც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში ევროპის დემოკრატიული ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ასეთ უხერხულობებს არ შეუქმნიან. ეს სამწუხარო რეალობაა, რადგან საქართველო არც უკრაინელებისა და არც ბევრი სხვა ქვეყნის თვალში ჯერჯერობით დემოკრატიული სახელმწიფო არ არის. ჩვენ გვაქვს ძალიან არამყარი ეკონომიკური მდგომარეობა და აქედან გამომდინარე, ყველა ფიქრობს, რომ საქართველოს მოქალაქეები ცდილობენ თავი დააღწიონ თავიანთ ქვეყანაში ცხოვრებას და ცდილობენ სხვა ქვეყნებში იშოვონ სამსახური. აქედან გამომდინარე, ხდება ეს ყველაფერი. კარგი იქნება, თუ ანალოგიური ქვეყნების მიმართ ჩვენც იგივეს განვახორციელებთ.

სამწუხაროდ, ჩვენ კარი ყველას ღიად გავუღეთ და ჩინელები საქართვველოში ბევრად უკეთესად გრძნობენ თავს, ვიდრე ქართველები. ისინი დაუბრკოლებლად ხსნიან მაღაზიებს და სამუშაო ადგილებს ართმევენ ქართველებს. ასე რომ, კარგი იქნება, თუ ჩვენც ასეთი პოლიტიკა გვექნება. "ახალი მემარჯვენეები" ვაპირებთ, პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მივმართოთ და უცხოელებისთვის საქართველოში შრომითი ლიმიტები შეიზღუდოს. ყველას შეუძლია ქართული სამზარეულოთი ისიამოვნოს და ჩვენი ქვეყანა დაათვალიეროს, მაგრამ აქ დარჩენა და სამუშაოს წამოწყება უნდა შეიზღუდოს. ის, რომ დეპორტირებულთა რიცხვი გაზრდილია, ეს მათი მხრიდან ადეკვატური ქმედებაა. მათთვის სახლემწიფო ინტერესები ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულ ლიდერთან მეგობრობა", - აცხადებს ნაჭყეპია.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com