"რეზონანსი "
# 39
ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2008 წელი

პურის ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის

(ინტერპრესნიუსი) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მტკიცებით, ქვეყანაში პურის ფასზე ზრდა მოსალოდნელი არ არის. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ალეკო ცინცაძემ განაცხადა, ქვეყანაში ამ დროისთვის 90-100 ათასი ტონა ხორბლის მარაგია, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში პურპროდუქტებზე ფასის ზრდას არ გამოიწვევს.

"ბოლო თვეებში მსოფლიო ხორბლის ბაზარზე ფასებმა აიწია, რამაც იმპორტიორები შეაშინა და ფასები ზრდისკენ წავიდა. სამინისტრო აქტიურად მუშაობს მარაგის შევსებაზე. პურზე ფასი არ გაიზრდება", - აცხადებს ცინცაძე.

მისი თქმით, მსოფლიოში ხორბლის ფასის ზრდასთან დაკავშირებით, საქართველოში მსხვილ ფერმერებს უკვე ინტერესი აქვთ ხორბლის მოყვანა რომ დაიწყონ, რაშიც წვრილი მეწარმეებიც მიიღებენ მონაწილეობას თავიანთი მიწის ფართობებით. შეიქმნება კოოპერატივები და ქვეყნის ფქვილის რესურსს ქართული ხორბალიც მიემატება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, კერძო სადაზღვევო კომპანიები უკვე დაინტერესებულები არიან იმ მეწარმეებით, რომლებიც ხორბლის მოყვანას აპირებენ. სავარაუდოდ, ქვეყანაში ხორბალი უახლოეს პერიოდში რუსეთის გარდა, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და არგენტინიდან შემოვა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com