"რეზონანსი "
# 39
ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2008 წელი

მთავრობამ მეწარმეებისაგან ფულის ამოქაჩვა დაიწყო: ფინანსთა სამინისტრომ სალარო-აპარატების შეცვლის აბსურდული გეგმა წარმოადგინა

მაკა ხარაზიშვილი

მთავრობა მეწარმეებს იაფიანი სალარო აპარატების ძვირიანით ჩანაცვლებას აიძულებს. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება მეწარმეებზე მეტისმეტი ზრუნვის გამო მოხდა. კერძოდ, იმპორტიორებს არსებული აპარატები და მათი ნაწილები აღარ შემოაქვთ და მეწარმეებს პრობლემები ექმნებათ. სხვათა შორის, ძნელი აღმოჩნდა ისეთი მეწარმის მოძებნა, რომელსაც მოქმედი აპარატის გამო პრობლემა შეექმნა.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერებმა არსებული სალარო აპარატების ახლით ჩანაცვლება უკვე გააპროტესტეს. ფინასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის #8000 ბრძანებულებით, საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრიდან 17 დასახელებისა და მოდელის სალარო აპარატია ამოსაღები, რომლის ნაცვლად მცირე თუ საშუალო მეწარმემ ახალი აპარატები უნდა შეიძინოს.

ლეიბორისტების: იოსებ შატბერაშვილისა და პაატა ჯიბლაძეს მტკიცებით, ეს აპარატები ქვეყანაში უკვე შემოტანილი და დასაწყობებულია. "აღნიშნული ბრძანებით, საგადასახადო ინსპექციებმა აღარ უნდა მოახდინონ სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებული საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაცია 2008 წლის 15 იანვრიდან, რაც დროებით შეჩერებულია, მაგრამ დე ფაქტო მთავრობა 15 თებერვლის საპროტესტო აქციის დასრულებას ელოდება, რომლის შემდეგაც მეწარმეებს ახალი აპარატების შეძენა მოუწევთ. ვინც აპარატებს არ შეცვლის, მას ჯარიმა დაეკისრება. სალარო აპარატების შეცვლიდან მიღებული მოგება ხელისუფლებისთვის მილიონობით ლარს შეადგენს, რომელსაც საქართველოს დე ფაქტო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოიყენებს", - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.

ამ ფაქტის გამო, "ლეიბორისტული პარტია" ფინანსთა მინისტრ ნიკა გილაურის გადადგომას მოითხოვს. "ცრუპენტელა ე.წ. ფინანსთა მინისტრმა გილაურმა ლეიბორისტები აღნიშნული ბრძანებულების დოკუმენტის გაყალბებაში დაგვადანაშაულა. ჩვენ რა უფლება გვაქვს, გერბიან-ბლანკიანი ბრძანებულება გავაყალბოთ და თუ გილაურს მაინც ეჭვი ეპარება, სასამართლოში გვიჩივლოს და იქ დაამტკიცოს თავისი ფანტაზიები და თუ მტყუანია, გადადგეს", - აღნიშნა ჯიბლაძემ.

იოსებ შატბერაშვილის ინფორმაციით, სალარო აპარატების თვითღირებულება 40 აშშ დოლარია, მაგრამ ინდმეწარმეებსა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებზე სააკაშვილთან დაახლოებული სახელისუფლებო გარემოცვა "ჯიბეების გასასქელებლად და საარჩევნო კამპანიიის ბიუჯეტის შესავსებად" ახალ სალარო აპარატებს 300-400 ლარად გაყიდის.

"არსებული აპარატების 80 პროცენტი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაა შემოტანილი და ახლა რატომ გახდა უვარგისი, საკვირველია. მეწარმეებს ახალ აპარატებს იძულებით შეაძენინებენ. მე ვამხელ სააკაშვილს ცრუ დაპირებების გამო, რომელიც არჩევნებამდე ხალხს სალარო აპარატების გაუქმებას ჰპირდებოდა", - განაცხადა შატბერაშვილმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ლეიბორისტების ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, 2010 წლის 1-ლ იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ვაჭრობენ ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე განლაგებულ არასტაციონალური სავაჭრო ადგილებიდან, მათ შორის, დახლებიდან. "უკვე კანონის ძალით მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა, აღნიშნული კატეგორიის მოვაჭრეთათვის შეღავათის დაწესების თაობაზე და ამ თვალსაზრისით, ჩვენი მოქალაქეებისათვის არაფერი შეცვლილა", - აღნიშნავენ პრესსამსახურში.

რაც შეეხება, რეესტრიდან ამოღებულ სალარო აპარატებთან დაკავშირებულ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 25 დეკემბრის ბრძანებას, პრესსამსახურის ინფორმაციით, სამინისტრომ მეწარმეებს 1-წლიანი ვადა მისცა დაჯარიმების გარეშე, ეტაპობრივად ამოიღონ ხმარებიდან რეესტრიდან ამოღებული სალარო აპარატები. იმ ობიექტების მესაკუთრეებს, რომლებიც ამჟამად აპირებენ შეიძინონ სალარო აპარატები, ფინანსთა სამინისტრო რეკომენდაციით მიმართავს, რომ "ისეთი ტიპის სალარო აპარატები აღარ იყიდონ. ამასთან, 2008 წლის განმავლობაში პრობლემები არ შეექმნებათ იმ მეწარმეებს, რომლებიც ამგვარი ტიპის სალარო აპარატებით სარგებლობენ", - აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი მომხმარებლებთან გამართული კონსულტაციები გახდა, ვინაიდან სალარო აპარატების იმპორტიორები დღეისათვის კონკრეტული სახეობის სალარო აპარატებისა და სათადარიგო ნაწილების იმპორტს ვეღარ ახორციელებენ. ასევე მოქმედი აპარატების პატრონებს ტექნიკური მომსახურებით ვეღარ უზრუნველყოფენ.

"შედეგად, პირველ რიგში, სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები ზარალდებიან. ფინანსთა სამინისტრო თხოვნით მიმართავს ყველა დაინტერესებულ გადამხდელს, ნებისმიერ საგადასახადო ორგანოში დეტალურად გაეცნოს აღნიშნული ბრძანების შინაარსს და ნუ დაუჯერებს, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის იაფფასიან სპეკულაციას, რომლის მთავარი მიზანია, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, საკუთარი, არაკომპეტენტური ინტერპრეტაცია გაუკეთოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მეწარმეთა ინტერესების დასაცავად მიღებულ გადაწყვეტილებას", - აცხადებენ სამინისტროში.

"რეზონანსი" რამდენიმე მსხვილ მეწარმეს დაუკავშირდა (მეწარმეთა ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ), რომლებმაც განაცხადეს რომ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს მათთან არანაირი კონსულტაციები არ გაუმართავთ. ისინი არც მოქმედ სალარო აპარატებს უჩივიან და ამბობენ, რომ თუ აპარატს რაიმე დეტალი დაუზიანდა, მის შეძენას იმპორტიორების დახმარების გარეშეც მოახერხებენ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com