"რეზონანსი "
# 39
ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2008 წელი

ყაზახეთს საქართველოში გაზსადენის მშენებლობის სურვილი აქვს: "ბათუმი და კონსტანცა, ევროპისათვის ენერგეტიკული ხიდი უნდა გახდეს"

ქეთი ბერიკაშვილი

საერთაშორისო არენაზე საქართველოს მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება. ყაზახეთს ევროპის "დღის გმირობა" სურს. ამ გეგმებში კი ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. ასტანა გეგმავს, ბათუმის პორტი და რუმინული პორტი კონსტანცა ყაზახეთსა და ევროპას შორის "ენერგეტიკული ხიდად" აქციოს. "ყაზმუნაიგაზის" მფლობელობაში აღმოჩენილი კომპანია "რომპეტროლის" წარმომადგენლობა თვლის, რომ ევროპისათვის ეს მარშრუტი, რეალური ალტერნატივა იქნება. ამასთანავე, ყაზახეთს სურვილი აქვს ევროპასთან ერთად საქართველოში გაზსადენის მშენებლობაც წამოიწყოს, რომელიც პროექტ "ნაბუკოზე" ბევრად პერსპექტიული იქნება.

საქართველო უკვე მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს ასრულებს კასპიისა და ცენტრალური აზიის ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფნის სახით. აზერბაიჯანული პრესის ცნობით, "ყაზმუნაიგაზი" აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ახალი ნავთობსადენის მშენებლობასაც არ გამორიცხავს. ყაზახების მტკიცებით, ეს პროექტი, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის დიდი რაოდენობის ტრანსპორტირების მიზნით უნდა განხორციელდეს.

"ბათუმის პორტი და რუმინული პორტი კონსტანცა, ყაზახეთსა და ევროპას შორის, შესაძლოა, ენერგეტიკული ხიდი გახდეს", - ეს განცხადება კომპანია "რომპეტროლის" გენერალურ დირექტორს, დინუ პატრიჩიუს ეკუთვნის. მისი თქმით, "ყაზმუნაიგაზის" მიერ ბათუმის ნავთობტერმინალის შესყიდვის შემდეგ, ამ ობიექტის განვითარება კონსტანცაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარებასთან ერთად დაიწყო.

"დღეისათვის, ბევრს საუბრობენ გაზსადენ "ნაბუკოს" პროექტზე, თუმცა მე ვთვლი, რომ უფრო რეალური პერსპექტივები რუსულ პროექტს, "სამხრეთ დინებას" გააჩნია. ნებისმიერ კომპანიას, რომელიც ევროპას ალტერნატიულ გზებს განუხორციელებს, შანსი ეძლევა ევროპისათვის "გმირი" გახდეს. ყაზახეთს ასეთი პოტენციალი აქვს, შესაბამისად, დასათვლეთთან ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეიძლება ვისაუბროთ. ეს, შესაძლოა, იყოს ყაზახური ნავთობის ტანკერული გადაზიდვები ბათუმისა და კონსტანცას პორტიდან ევროპის მიმართულებით და ასევე გაზსადენის მშენებლობა შავი ზღვის სანაპიროს ან მის ფსკერზე გავლით", - განაცხადა პატრიჩიუმ ასტანაში ვიზიტისას.

აზერბაიჯანული პრესა წერს, რომ "ყაზმუნაიგაზი" სამომავლოდ ფიქრობს, საქართველოზე გამავალი გზით, ყაზახური და აზერბაიჯანული ენერგორესურსის ევროპაში დიდი რაოდენობით გატანისათვის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ახალი ნავთობსადენის მშენებლობა წამოიწყოს. პარალელურად, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ საქართველოზე გამავალი გზით, იგი იტალიას გაზს თურქეთისა და საბერძნეთის გავლით მიაწვდის.

აღნიშნული მარშრუტით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპულ ქვეყნებში 2012 წლისთვის 8 მილიარდ კბ-მ-ის ოდენობით იგეგმება. პიერლუიჯი ბერსანის თქმით, აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ტარნსპორტირება ენერგომატარებლების ალტერნატიულ წყაროს შექმნის. აზერბაიჯანს კი ევროპის საგაზო მოთხოვნილებების გარკვეული ნაწილის დაკმაყოფილება შეუძლია. როგორც ადრე აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა, "შაჰ-დენიზის" საბადოზე გაზის ყოველწლიური მოპოვება 2012 წლისთვის 12 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, ხოლო 2015 წლისთვის 20 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს.

როგორც ვხედავთ, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი ევროპაში გასვლას რუსეთის გვერდის ავლით მხოლოდ საქართველოს საშუალებით ცდილობს. ამავე დროს ჩვენს კეთილგანწყობას ცუდად იყენებს და გაზის საფასურის გაძვირებას გვიპირებს. მეზობელს ალბათ ავიწყდება, რომ ენერგორესურსების ევროპაში გატანას სომხეთიდან ვერ შესძლებს, რადგანაც მასთან კავშირი შეწყვეტილი აქვს, ირანის მარშრუტი კი ევროპისათვის ჯერჯერობით მიუღებელია.

ევროპაში გაზის ექსპორტის სურვილი, სადაც მნიშვნელოვანი როლი საქართველოს ენიჭება, ირანმაც გამოთქვა. ირანის ნავთობის მინისტრის მოადგილემ ნავთობის გადამუშავების დარგში, მოჰამადრეზა ნემათზადემ, რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპაში ირანული გაზის ტრანსპორტირება, შესაძლოა, განხორციელდეს სომხეთის, საქართველოს, უკრაინის, ასევე თურქეთის გავლით. ოფიციალური თეირანი მიიჩნევს, რომ ევროპისათვის ირანული ენერგორესურსების მნიშვნელობა დრო და დრო იზრდება და, შესაბამისად, აღნიშნული პროექტი დასავლეთისთვის მისაღები უნდა იყოს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com