|
|
"რეზონანსი "
საიდან ჩნდება არარეალური სტატისტიკური მაჩვენებლები: ქვეყნის მოსახლეობის ხარჯები შემოსავალს მნიშვნელოვნად აჭარბებს მაკა ხარაზიშვილი
ადამიანის არსებობისთვის აუცილებელი სასურსათო პროდუქტი მუდმივად ძვირდება. სამომხმარებლო კალათა, რომლის მიხედვითაც თვის ინფლაცია იანგარიშება, 285 საქონელს მოიცავს, აქედან 118 საქონელი, რომლის გარეშეც ადამიანის არსებობა შეუძლებელია პერმანენტულად ძვირდება, 55 საქონლის ფასი მერყეობს და ხშირად გაძვირების ტენდენციით გამირჩევა, 112 საქონლის ფასი კი რომელიც ადამიანის არსებობისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, არ იცვლება. წიწიბურა, ხორბალი, პური, რძის ნაწარმი, ზეთი, ხილი, ბავშვის საკვები მუდმივად იზრდება. ხოლო ბოსტნეულზე ფასები სეზონურად მერყეობს, თუმცა საბოლოო ჯამში ისიც გაძვირებულია. ამას ემატება კომუნალური გადასახადების უსაფუძვლო ზრდა, ანუ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის ხარჯები შემოსავალს მნიშვნელოვნად აჭარბებს. შესაბამისად, ყველაფრის ზრდასთან ერთად, ღარიბების რაოდენობაც იზრდება. სტატისტიკის დეპარტამენტის მიმართ მუდმივად ისმის საყვედური, რომ იგი ქვეყანაში არსებული რეალობის ასახვას ვერ ახერხებს, ვინაიდან ინფლაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე სტატისტიკოსები აჩვენებენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ინფლაციის დასათვლელად მეთოდოლოგია უნდა დაიხვეწოს. ვინაიდან ლარი გამყარდა იმპორტირებული ტექნიკის ფასი ან უცვლელია, ან მცირდება. შესაბამისად, იმ ადამიანებისთვის, რომლის შემოსავალიც სურსათის მოთხოვნებს უზრუნველყოფს და დარჩენილი ფულით ტექნიკის ყიდვასაც ახერხებენ, ინფლაცია ნაკლებად მტკივნეულია. იმ სოციალური ფენისთვის კი, რომელთა შემოსავალიც სურსათის შეძენასაც ვერ სწვდება, ინფლაცია მწვავედ მოქმედებს. "როგორც წესი, სამომხმარებლო კალათის გადასინჯვა და თითოეული საქონლის წონის განსაზღვრა 3 წელიწადში ერთხელ ხდება. წონის განსაზღვრას საფუძვლად უდევს მე-4 და მე-7 დეცილური ჯგუფების ფაქტობრივი მოხმარება - იმის მიხედვით, როგორია სამომხმარებლო ხარჯებში ამა თუ იმ საქონლის შეძენისას ინტენსივობა. სურსათზე დეცილურ ჯგუფებში ხარჯების 35% მოდის. იმის გამო, რომ საზოგადოების დიფერენცირება მიმდინარე შემოსავლებისა და ხარჯების მიხედვით ძალიან დიდია, გარკვეული სოციალური ჯგუფი ფასების ცვლილებას განსხვავებულად განიცდის. ბოლო წლებში სასურსათო კალათა ინფლაციის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით სწრაფად იზრდება. ამ ცვლილებას განსაკუთრებით მწვავედ დაბალშემოსავლიანი ოჯახები განიცდიან. ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს, ის გარკვეული თანხით სურსათზე მოთხოვნილებას იკმაყოფილებს, ხოლო დანარჩენი თანხა სამრეწველო, ხანგრძლივი მოხმარების საქონლის შესაძენად მიემართება. ამერიკულ დოლართან ლარი მყარდება. ტექნიკის ფასი, რომელიც საქართველოში, ძირითადად, დუბაიდან შემოდის არ იზრდება, ან კლებულობს. ანუ იმ ოჯახისთვის, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ სურსათი იყიდოს და დარჩენილი თანხით ტექნიკა შეიძინოს, ინფლაცია აღარ არსებობს. ხოლო ვისაც მიმდინარე ხარჯები მხოლოდ სურსათზე ყოფნის, იგი ფასების მატებას მწვავედ აღიქვამს. მისთვის სტატისტიკის დეპარტამენტის პუბლიკაციაც არადამაკმაყოფილებელია", - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე. ინფლაციური პროცესები ჯაჭვური რეაქციით მიმდინარეობს. ენერგომატარებლებისა და ძირითადი საკვები პროდუქტების გაძვირება სხვა დანარჩენი პროდუქტის გაძვირებასაც უწყობს ხელს. "ფასების გაძვირების რამდენიმე შესაძლო მიზეზი არსებობს. ხორბლის გაძვირება ჯაჭვური რეაქციით სხვა პროდუქტის ფასებზე გავლენას ახდენს. გარდა ამისა, არსებობს მოთხოვნა-მოწოდების კანონი - პროდუქციის დაგვიანებით მოწოდება, შეფერხება, რაც ასევე გავლენას ახდენს ფასებზე", - აცხადებენ ექსპერტები. ფასების სწრაფი ზრდა, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზებით აიხსნება: მაღალი ინფლაცია ხელისუფლების მიერ გატარებულ არასწორ პოლიტიკას უკავშირდება, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ მილიონობით დაუმსახურებელი ფულის მიმოქცევაში გაშვებას, დენისა და გაზის ტარიფის არარეალურ ნიშნულამდე ზრდას. გარდა ამისა, ფასების მატებაზე მოსახლეობის შიშნარევი მოლოდინიც მოქმედებს, რამდენიმე დღეა გავრცელდა ინფორმაცია, რომ პური 1 ლარამდე გაძვირდება. არადა, სოციალურად დაჩაჩანაკებული მოსახლეობა ცოტა ხანში ფასების ამგვარ ცვლილებებს ვეღარ გაუძლებს. მთავრობაში თავს იწონებენ, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად არის. ქართველ მოსახლეობას მარტო ლამაზი შადრევნები, პარკები და გზები სჭირდება, რომელიც თვეში ერთხელ შესაკეთებელია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მთავრობის ამ პათოსს საერთაშორისო ორგანიზაციებიც კვერს უკრავენ. მთავრობის მიერ, საარჩევნო მარათონისთვის მილიონების ფლანგვამ ეკონომიკური ექსპერტები სერიოზულად შეაშფოთა. მათი ვარაუდით, 2008 წელს ინფლაციის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება და სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას 200-ლარიანი პენსიაც ვეღარ უშველის. ამ ეტაპზე სტატისტიკის დეპარტამენტის ფინანსთა მინისტრის ნიკა გილაურის გათვლებით, საქართველოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი (2007 წლის იანვრიდან 2008 წლის იანვრის ჩათვლით) 10,7%-ს შეადგენს. გილაურის თქმით, წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი, მთავრობა მონეტარული და ფისკალური ბერკეტების გამოყენებით იმუშავებენ, რათა არ დაუშვან ინფლაციის გაძლიერება და შენარჩუნდეს სიტუაციაზე კონტროლი. ახალმა პრემიერმა პირობა დადო, რომ ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შეთანხმებული განხორციელებით, შესაძლებელი გახდება, რომ 2008 წლის განმავლობაში ფასების ზრდის წლიური დონე 8%-ის ფარგლებში მოექცეს. ინფლაციის შესაჩერებლად მთავრობამ ახალი ხერხიც მოიფიქრა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი "შეაშინა", ანუ თუ ინფლაცია გაიზრდება ბანკის პრეზიდენტი სავარძელს უკანმოუხედავად დატოვებს. მთავრობაში ინფლაციის გაზრდას, მხოლოდ გარე ფაქტორებს აბრალებენ - მსოფლიოში ნავთობსა და სასურსათო საქონელზე ფასების რეკორდულ ზრდას.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |