|
|
"რეზონანსი "
ბატონი მიშა უსაზღვროდ მიყვარდა... ლიდერი მიხეილ თუმანიშვილი იყო, მაგრამ აუცილებელია, ყველამ თავისი საქმე კარგად აკეთოს და უყვარდეს ლელა ოჩიაური
2008 წლის 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, 30 წელი შესრულდა კინომსახიობთა თეატრის სცენის გახსნიდან. რამდენიმე მომენტს თეატრის ცხოვრებიდან და ადამიანს, რომელმაც ზღვარი წაშალა ქართულ და მსოფლიო თეატრებს შორის, რომელმაც ქართული თეატრი ევროპულს გაუთანაბრა, იხსენებს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე მანანა ანთაძე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების საერთაშორისო ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელიც მრავალი წელი იდგა მიხეილ თუმანიშვილის გვერდით, როგორც თანაშემწე და მეგობარი და რომელსაც, ამ ხნის განმავლობაში, თეატრისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული და კვლავაც აკეთებს, მაესტრო თუმანიშვილის ხსოვნის საცოცხლებლად. "რეზონანსი": რთულია, მოკლედ ჩამოყალიბება, მაგრამ იქნებ მაინც შეაფასოთ "თუმანიშვილის თეატრის" 30-წლიანი ისტორია. მანანა ანთაძე: "კინომსახიობთა თეატრის" სცენა 1978 წლის 14 იანვარს გაიხსნა, მაგრამ თეატრმა 1975 წელს დაიწყო არსებობა, მაშინ, როდესაც ბატონი მიშა და მისი სტუდენტები (ცნობილი მე-11 აუდიტორია) კინოსტუდიაში მიიწვიეს. თეატრის რეპერტუარში სამი სტუდენტური სპექტაკლი - "ახალგაზრდა გვარდიის სახელით", "სისხლიანი ქორწილი" და "კარებს აჯახუნებენ" - მაშინვე შევიდა. რაც შეეხება "თუმანიშვილის თეატრის" მოდელს, იგი ბატონმა მიშამ ჯერ კიდევ რუსთაველის თეატრში მოღვაწეობისას შექმნა, 1963 წელს, როდესაც "შვიდკაცასთან" ერთად, "ჭინჭრაქათი", მცირე სცენა გახსნა. სცენა კულისების გარეშე, ფარდა - პირობითი, გამოიყენა "მსხვილი ხედი" და ა.შ. ანუ ჩვენი თეატრის ყველა მახასიათებელი, იქ უკვე არსებობდა. კინომსახიობთა თეატრის წლები კი, მრავალჯერ ვთქვი უკვე, ჩემთვის სამ ნაწილად იყოფა - პირველი, ესაა გენიალური 10 წელი, არაჩვეულებრივი სპექტაკლები, მჩქეფარე ცხოვრება, ბევრი ემოცია და უსაზღვრო ბედნიერება. მეორე 10 წელი - საოცარი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, დიდი წარმატება, საერთაშორისო აღიარება და თან რამდენიმე კარგი სპექტაკლიც, ჩვენი თეატრის სცენაზე და მესამე 10 წელი - თეატრი ბატონი მიშას გარეშე. მძიმეა. რთულია. თუმცა სპექტაკლები სულ იდგმება. "რ.": თქვენ როდის და როგორ მოხვდით თეატრში. მ.ა.: 1981 წელს. თუმანიშვილის თეატრი უკვე ძალიან პოპულარული იყო თბილისში. დარბაზში ყველა თაობის მაყურებელი იჯდა. ბატონმა მიშამ "დონ ჟუანის" თარგმნა მთხოვა. ვთარგმნე. სულ სხვა გეგმები მქონდა. უნივერსიტეტში ვმუშაობდი, დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე, ნიკო ყიასაშვილის თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ლაბორატორიაში. საფუძვლიან მეცნიერულ მოღვაწეობას ვაპირებდი. დისერტაცია დავწერე. თან ვთარგმნიდი. რადენიმე წიგნიც მქონდა გამოქვეყნებული. თეატრში ქეთი დოლიძის დაჟინებული თხოვნით აღმოვჩნდი. მადლობელი ვარ ამის გამო. თუმცა, ჯერ ისე, სხვათა შორის, მოვედი. ბატონი მიშა უსაზღვროდ მიყვარდა. პირველ კურსზე რომ ვიყავი, ფაკულტეტზე, ინგლისურ ენაზე "ზაფხულის ღამის სიზმარი" დავდგით. მე ჰერმიას "ვთამაშობდი". რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი იყო. აი, იქ დაიწყო ჩვენი მეგობრობა. მერე ყველაფერი მივატოვე, თეატრში მოვედი და დღემდე "ჩავრჩი". "რ.": რატომ. მ.ა.: ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის თეატრი და ბატონ მიშასთან ურთიერთობა ერთი დიდი, გაბმული დღესასწაული იყო. საქმე ბევრი მქონდა და საინტერესო. უნივერსიტეტშიც ხომ ვმუშაობდი და უნდა ვთქვა, იქაც არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო - მიმდინარე ლიტერატურული პროცესების ეპიცენტრი. ჩვენთან მოდიოდნენ - ბუბა ყარალაშვილი, გასტონ ბუაჩიძე, ზურაბ კაკაბაძე. ვატარებდით სემინარებს, საერთაშორისო კონფერენციებს - აი, რა დარჩა იქ! თუმცა ჯერ ბევრი ვიფიქრე. თეატრი მაგნიტივით არის. გიზიდავს. ყოველი სეზონის ბოლოს ბატონი მიშა პირობას მთხოვდა, რომ არ მივატოვებდი (როგორც ბატონი ნიკო ყიასაშვილი მივატოვე!) "რ.": არ მიატოვეთ, ბოლომდე უერთგულეთ. როგორ ფიქრობთ, მაინც რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თეატრში გააკეთეთ. მ.ა.: მეც სულ ვფიქრობ ამაზე. არ ვიცი. უფრო ზუსტად, არ ვიცი, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრისთვის ან ბატონი მიშასთვის. თეატრი კოლექტიური საქმეა. (ორკესტრი!). მართალია, ლიდერი ბატონი მიშა იყო, მაგრამ, აუცილებელია, ყველამ თავისი საქმე კარგად აკეთოს და უყვარდეს ეს საქმე. ალბათ, მაინც, გასტროლები. ბატონი ნიკო ყიასაშვილი მეხმარებოდა. 1982 წელს მან თბილისში გლაზგოს მსახიობების ჯგუფი ჩამოიყვანა. ჩვენ გასტროლზე, მგონი, ერევანში მივდიოდით. ჩალაგებული ბარგი ამოვალაგეთ და სტუმრებს "ბაკულას ღორები" ვაჩვენეთ. სპექტაკლი ისე მოეწონათ, რომ გლაზგოს საფესტივალო ჟურნალ "მეიფესტში" დაიბეჭდა საოცარი წერილი სპექტაკლზე და ჩვენს თეატრზე. იმავე წელს, ედინბურგის ფესტივალიდან "ბაკულას ღორებზე" მოწვევა მოგვივიდა. ვერ წავედით. ჩვენი თეატრი არ იყო საბჭოთა კავშირის მოგასტროლე თეატრთა ნუსხაში. და მგონია, არავითარ ნუსხაშიც არ ვიყავით. საერთოდ, ეს დიდი პრობლემა იყო. ბევრმა წელმა ჩაიარა, ვიდრე მოსკოვის ნებართვა მივიღეთ. ჰკითხეთ ბატონ რეზო ჩხეიძეს, რამდენჯერ წავყევი მოსკოვში, მას, როგორც კინოსტუდიის დირექტორს ხშირად უწევდა იქ ჩასვლა და მეც ყოველ წასვლაზე, მივყვებოდი! ხან "გოსკინოში" მივდიოდით, ხან კულტურის სამინისტროში, ხან "ესტედეში" და რა ვიცი, სად არა. ათასი კედელი იყო, რომელიც ნებართვის მისაღებად უნდა გაგვერღვია. ბევრჯერ უნდა დააკაკუნო და გაიღება! ის დღე არასოდეს დამავიწყდება - ბატონი რეზო, მე და ერთი დიდი ფურცელი, რომელზეც სულ ორი ფრაზა ეწერა, რომ შეგვიძლია წავიდეთ! მაშინვე დავურეკე ბატონ მიშას. მითხრა, ნამდვილი ტეტჩერი ხარო! ბატონ მიშას გასტროლების მიმართ ორგვარი დამოკიდებულება ჰქონდა: ხმამაღალი - გასტროლი ანგრევს თეატრს, არ არის საჭირო და ჩუმი - გასტროლი აუცილებელია, როგორც ჰაერი (ეს ჩვენი საიდუმლო იყო! - "ყველა სხვა საქმე დატოვე და ამას მიხედე!"). ყოველი წარმატებული გასტროლის შედეგ სულ რაღაცას მჩუქნიდა, მაგალითად, ფესვისგან გაკეთებულ ულამაზეს შველს - წარწერით ან საინტერესო წიგნს - განსაკუთრებული წარწერით. "რ.": რომელი იყო თქვენი პირველი გასტროლი. მ.ა.: პირველი საერთაშორისო გასვლა მადრიდის ფესტივალი იყო, სადაც გიორგი ტოვსტონოგოვის რეკომენდაციით მოვხვდით. "დონ ჟუანს" ისეთი ფანტასტიკური წარმატება ჰქონდა, რომ პიტერ ბრუკი სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში მის სანახავად. სპექტაკლი არცთუ მომგებიან სიტუაციაში ნახა. ჩვენს სცენაზე რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა და კავშირგაბმულობის მუშაკთა სახლში ვთამაშობდით. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ბრუკი აღფრთოვანდა. შემდეგ უკვე მისი "პიარით" მოვიარეთ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფესტივალი და აი, ასე დაიწყო ჩვენი მსოფლიო ტურნე. განსაკუთრებით მინდა გამოვყო 1994 წელი. ლონდონი. შექსპირის საერთაშორისო (პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი) ფესტივალი. მიხეილ თუმანიშვილის "ზაფხულის ღამის სიზმარი" - საუკეთესო სპექტაკლი! იქვე, ბანკეტის შემდეგ, შექსპირის თეატრმა ბატონ მიშას შესთავაზა დაედგა სპექტაკლი, რომელიც გახსნიდა "როუზს", შექსპირისდროინდელ ერთ-ერთ თეატრს, რომელიც ის-ის იყო, მშვნებლობის დროს, აღმოაჩინეს და ორ წელიწადში უნდა ამოქმედებულიყო. ბატონმა მიშამ თქვა, "ქარიშხალს" დავდგამო. პიტერ ბრუკმა უთხრა, სადადგმო თანხის მოპოვებაში მე მოგეხმარებითო; გოგი მესხიშვილმა ორ კვირაში, ამერიკიდან, ესკიზები გამოგზავნა, მაგრამ ბატონი მიშა უკვე ცუდად იყო და პროექტი არ შედგა. ამის შემდეგ იგი მალე გარდაიცვალა. "რ.": ვინ დააფინანსა ეს გასტროლი. მ.ა.: გახსოვთ, როგორი იყო 1994 წელი - უშუქო, უსახსრო, ბევრი უ... შექსპირის თეატრთან რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ გამგზავრების პრობლემა ასე გადაწყდა: ჩარტერით უნდა ჩამოვრენილიყო უელსის საფეხბურთო ნაკრები, თვითმფრინავი ჩვენ წაგვიყვანდა ლონდონში, შემდეგ წამოგვიყვანდა და უელსის ნაკრებს უკან დააბრუნებდა. გაფრენის წინა დღეს ფეხბურთის ფედერაციიდან დამირეკეს - ჩარტერი მოიხსნაო (რაღაც გაუგებრობის გამო). შექსპირის თეატრმა (რომელიც მთელ ხარჯს თავის თავზე იღებდა!) მოსკოვში ჩაფრინდით ხვალ დილით და მოსკოვი - ლონდონის შუადღის რეისზე ბილეთებს გამოგიგზავნითო; თბილისი - მოსკოვის ბილეთების ფული მანდ იშოვეთ და თანხას აქ ჩვენ მოგცემთო. იშოვე! 10000 დოლარი! ბილეთები მოსკოვზე (35 კაცზე)! წინ სულ ერთი ღამეა. თან რისკია, რომ შეიძლება დააგვიანო, რეისს ასცდე... ნასესხები ფული.! მაგრამ ყველაფერი მოვაგვარე და წავედით. "რ.": როდის და რა მიზნით დააარსეთ ფონდი. მ.ა.: 1998 წელს. თავიდან სხვა მიზეზი გვქონდა. ჩვენი თეატრი კინოსტუდიის ბაზაზე არსებობდა. "ქართული ფილმი" იშლებოდა. ვიფიქრე, თუ რაიმე საფრთხე დაგვემუქრებოდა, თეატრს ფონდის სახით მაინც შევინარჩუნებდით. ეს საჭირო არ გახდა, თუმცა ფონდი დაფუძნდა. რამდენიმე საგასტროლო და სადადგმო პროექტი განვახორციელეთ და გავჩერდით. 2006 წლის გაზაფხულზე განახლებული ფონდის პრეზენტაცია ჩავატარეთ. ჯერ არ ვიცი, პროექტებიდან რომელი განხორციელდება, ვიცი მხოლოდ ის, რომ ისევ მაინტერესებს რაღაცის კეთება. დავიწყეთ კონკურსებით. დღეს ჩემთან, ფონდში, თაროზე 70-ზე მეტი ახალი პიესა დევს, ზოგი - ქართული, ზოგი - თარგმნილი. ჩემი თანაშემწე ლელა არაბიძე მათ ახალგაზრდა რეჟისორებს აკითხებს. "რეზონანსმა" წინა კონკურსის შედეგები თავის მკითხველებს გააცნო. ახალ გამარჯვებულებს დავასახელებ, მაგრამ მანამდე მინდა სპონსორებს მადლობა ვუთხრა. 2007 წლის სპონსორები იყვნენ: ნინო დარასელი და მისი ჟურნალი "ანაბეჭდი"; ბატონი ზურაბ ტყემალაძე; დათო დოიაშვილი და მისი, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი; ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირი - დათო ოქიტაშვილი და ნინელი ჭანკვეტაძე; შორენა შავერდაშვილი და მისი ჟურნალი "ცხელი შოკოლადი"; მხატვარი ზურა გომელაური. მინდა მადლობა ვუთხრა ჟიურის წევრებს, რომლებმაც უანგარო დახმარება გაუწიეს ფონდს და დრო არ დაიშურეს. გამარჯვებულები კი არიან - გია ჭუმბურიძე, რომელმაც ჯონ ბოიტონ პრისტლის "31 ივლისი თარგმნა"; გიორგი ეკიზაშვილი, ანკა ვისდეის პიესის "მუდამ ერთად" თარგმანისთვის; ქეთი კვანტალიანი ერიკ ემანუელ შმიტის "სტუმარის" და ჯემალ ჭელიძე სლავომირ მროჟეკის "პოლიციას" მთარგმნელები. სპეციალური პრიზი, "ცხელი შოკოლადის" ერთწლიანი ხელმოწერა, მიიღო ნინო ახვლედიანმა პიტერ შეფერის "შრაივინგსის" თარგმნისთვის და "ანაბეჭდის" ხელმოწერა, ||| კურსის სტუდენტმა, ანა დავითაშვილმა, რომელმაც ედუარდ ოლბის "ზოოპარკის ამბავი" თარგმნა. "რ.": კონკურსი გაგრძელდება. მ.ა.: დიახ, თუმანიშვილის ფონდი კვლავ აცხადებს კონკურსს "ახალ ქართულ პიესაზე" და "პიესის ახალ თარგმანზე", რომელიც შემოდგომაზე გაიმართება. იმასაც გეტყვით, რომ მაისში "ბაკულას ღორებს" 30 წელი უსრულდება. ქართულ თეატრში უფრო ასაკოვანი სპექტაკლებიც გვაქვს, მაგრამ 30 წელი, უწყვეტად, არცერთს არ გაუვლია. თეატრთან ერთად ფონდიც ეცდება ეს იუბილე აღნიშნოს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |