|
|
"რეზონანსი "
"ახლებსა" და "მრეწველებს" ეროვნული საბჭოს სტილი "უცნაურად" ეჩვენებათ: "გამოაცხადეს, რომ დიალოგი შეწყვიტეს, არადა შეხვედრა გვიან ღამით გაუმართავთ" ეკა გულუა
გაერთიანებული საბჭოს მიღმა დარჩენილი ოპოზიციური ძალები საბჭოს ფარული მოლაპარაკებებითა და გადაწყვეტილებებით განაწყენებულნი არიან და ამბობენ, რომ მათი ქმედებები უცნაურობაში გადაიზარდა. პრობლემა იმან შექმნა, რომ საბჭო ხელუსულებასთან მოლაპარაკებებს ისე მართავს, რომ "მემარჯვენე ოპოზიციამ" და "მრეწველებმა" მის შესახებ არაფერი იციან. მათ განაწყენებაზე საბჭოს პოზიცია ასეთია: ყველა ფეხის ნაბიჯი მათთან ვერ შეთანხმდება. საბჭოს გარეთ დარჩენილი ოპოზიციის პირველი განაწყენება იმან გამოიწვია, რომ საბჭომ ხელისუფლებასთან დიალოგი ისე შეწყვიტა, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს ჟურნალისტებისგან გაიგო. მეორე მიზეზი კი ის გახდა, რომ მიუხედევად იმისა, რომ საბჭო დიალოგის შეწყვეტაზე ლამის ფიცს დებდა, იმავე საღამოს ნინო ბურჯანაძესთან ფარული შეხვედრა გაიმართა. დანარჩენმა ოპოზიციამ კი ამის შესახებ მეორე დღეს თავად ნინო ბურჯანაძისგან შეიტყო. მან ეს ინფორმაცია პარლამენტის სხდომაზე გაახმოვანა. "მემარჯვენე ოპოზიციის" წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეროვნული საბჭოს ფარული შეხვედრები მისთვის გაუგებარია: "დიალოგთან დაკავშირებით სიტუაცია შეიცვალა. ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ დიალოგი შეწყვიტა, არადა აღმოჩნდა, რომ კონსულტაციები გვიან ღამით გაუმართავთ და დიალოგი გრძელდება. საერთოდ, გახსნილი ურთიერთობების მომხრე ვარ. არ მესმის, შუა დიალოგში დემარშის მოწყობა და მერე ზურგს უკან, გვიან ღამით, მოლაპარაკებებზე სიარული რას ემსახურება. ჩვენ ერთობლივი ვადა გვქონდა დათქმული, რომ 15 თებერვლამდე მოლაპარაკებები გაგვეგრძელებინა. გუშინდლამდე გაერთიანებული საბჭოდან ეს პოზიცია ისმოდა, პარალელურად კი თურმე ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან კულუარულ მოლაპარაკებებს მართავდნენ. ჩემთვის ეს ცოტა გაუგებარია. ის, რომ საბჭო დიალოგს წყვეტდა, ჟურნალისტებისგან გავიგეთ, ხოლო გვიან ღამიოთ გამართული შეხვედრის შესახებ კი თავად ნინო ბურჯანაძისგან." როგორც ჩიხრაძემ გვითხრა, მათთვის არც იმ შეხვედრის შედეგებია ცნობილი, რაც ნინო ბურჯანაძესთან გვიან შედგა: "შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ დიალოგში მონაწილეობა ცუდი ტონია, ღიად რადიკალური განცხადებები უნდა აკეთონ, ხელისუფლებას კი კულუარულად ელაპარაკონ. მგონია, რომ პოლიტიკა უფრო საჯარო რამ უნდა იყოს, რასაც აკეთებ და რა ნაბიჯებსაც დგამ, მისი ხმამაღლა გამოცხადებისაც არ უნდა გეშინოდეს. ამ ყველაფერმა რაღაც უცნაური ფორმა მიიღო." გაერთიანებული საბჭოს შეხვედრების შესახებ "მრეწველებმაც" არაფერი იცოდნენ. მიუხედევად ამისა, ზურაბ ტყემალაძე კრიტიკული შეფასებებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ეს საერთო ინტერესებს დააზარალებს: "ოპოზიცია რომ დიალოგს წყვეტდა, ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა და, როგორც გაირკვა, დიალოგი არც შეწყვეტილა. ქალბატონმა ნინომ გამოაცხადა, რომ წუხელ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციები ჰქონდა. ისინი თუ ხვდებოდნენ, ამის შესახებ მე არაფერი ვიცოდი, მაგრამ რადგან შეხვდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ კონსულტაციები გრძელდება. ეს სწორიც არის. კონსულტაციები მანამ უნდა გაგრძელდეს, სანამ შედეგი არ იქნება. ამ საკითხზე შემიძლია საკმაოდ მწვავე შეფასება გავაკეთო, მაგრამ არ გავაკეთებ, რადგან მირჩევნია ოპოზიცია იყოს ერთიანი. დღეს თუ გარკვეული შეფერხებები არსებობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთიან პლათფორმაზე არ დავდგებით. აქედან გამომდინარე, კრიტიკული განცხადებებისგან თავს შევიკავებ." რაც შეეხება გაერთიანებული საბჭოს პოზიციას, მათი თქმით, ისინი ვალდებულები არც იყვნენ, ფეხის ყოველი ნაბიჯი "ახლებთან" და "მრეწველებთან" შეეთანხმებინათ. კახა კუკავას თქმით, თუ მათ მსგავსი მოთხოვნები ჰქონდათ, საბჭოში უნდა გაწევრიანებულიყვნენ. "რეზონანსი": საბჭო რომ დიალოგს წყვეტდა, ამის შესახებ დანარჩენმა ოპოზიციამ თუ იცოდა. კახა კუკავა: ის, რომ დიალოგის შეწყვეტას ვაპირებდით, "მრეწველებთან" და "ახლებთან" შეთანხმებული არ ყოფილა. არც წუხელ გამართული შეხვედრების შესახებ იცოდნენ მათ. ჩვენ ცალკე სუბიექტი ვართ, მემარჯვენე ოპოზიცია კი ცალკე სუბიექტია. რიგ საკითხებზე ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს, მაგრამ ძირითად საკითხებზე განსხვავებული ხედვა გაგვაჩნია. "რ": ოპოზიცია ამ ყველაფერ ფარულ მოლაპარაკებებს უწოდებს. ასეა. კ.კ: 2007 წლის ოქტომბერში, როცა ეროვნული საბჭო შეიქმნა, ჩვენ მათ შევთავაზეთ, საბჭოში შემოსულიყვნენ. მათ უარი განაცხადეს და თქვეს, რომ პოლიტიკურ საქმიანობას ცალკე აგრძელებენ. თუ ასეა, იმუშაონ ცალკე. ჩვენ ცალკე ვმუშაობთ. ეროვნული საბჭოს არაწევრებს საბჭოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ვერ ჩავრთავთ. ჩვენ პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებებს და მიგვაჩნია, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები მათი მონაწილეობით ვერ იქნება მიღებული. ყველამ კარგად იცის, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ძირითადი მხარე გაერთიანებული ოპოზიციაა. შეუძლებელია, ყველა გადაწყვეტილება მათთან ერთად იყოს მიღებული. ფეხის ყოველი ნაბიჯი მათთან შეთანხმებული ვერ იქნება. მაშინ ეროვნულ საბჭოში უნდა გაწევრიანდნენ."
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |