|
|
"რეზონანსი "
ხალხის ძარცვაში ცხინვალი და თბილისი ერთმანეთს ადანაშაულებენ ელზა წიკლაური
ცხინვალის ხელისუფლება თბილისს მორიგ ბრალდებას უყენებს და ქართულ პოლიციას ფრისის ოსური მოსახლეობის დარბევაში ადანაშაულებს. ქართული მხარე კოკოითის მთავრობის ბრალდებას კატეგორულად უარყოფს, მეტიც თბილისში ირწმუნებიან, რომ ქართული მოსახლეობის დარბევას და დაყაჩაღებას თავად ოსი მილიციელები ახორციელებენ. ცნობისათვის, სოფელი ფრისი ორად არის გაყოფილი, ერთ ნაწილს კოკოითის ხელისუფლება აკონტროლებს, მეორე ნაწილს კი ქართული მხარე. კონფლიქტის ზონის სოფელ ფრისის ოსური მოსახლეობის დარბევასთან დაკავშირებით ინფორმაცია ოსურმა მედიამ ცხინვალის ხელისუფლებაზე დაყრდნობით გაავრცელა. ამ ინფორმაციის თანახმად, ქართული პოლიცია ფრისელებს უკანონოდ ჩხრეკს, ძარცვავს და შეურაცხყოფს. როგორც ცხინვალის მედია იუწყება, ქართული პოლიციის წარმომადგენლები ფრისში მცხოვრებ 8 ოსურ ოჯახს "ყველაფერს ართმევენ, მათ შორის - შეშასაც კი. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი იარაღით ემუქრებიან." "მსგავსი სიტუაცია კონფლიქის ზონის სხვა ტერიტორიებზეც იქმნება, სადაც ქართული პოლიციის უკანონო პოსტებია განლაგებული," - იუწყება ცხინვალი. კოკოითის ხელისუფლება ფრისის ოსური ოჯახების მიმართ მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად ზომების მიღებას მოითხოვს. შესაბამისი შინაარსის წერილით შსკ-ის სამხრეთოსური მხარის თანათავმჯდომარე ბორის ჩოჩიევმა გუშინ კომისიის ქართული, რუსული და ჩრდილოოსური მხარეების თანათავმჯდომარეებს - დიმიტრი მანჯავიძეს, იური პოპოვსა და მურატ ტხოსტოვს, ასევე, შერეული სამშვიდობო ძალების სარდალ მარატ კულახმეტოვს და საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელ ტერი ჰაკალას მიმართა. ამასთან, ჩოჩიევი კონფლიქტის ზონაში ქართული პოლიციის ე.წ. უკანონო პოსტების გაუქმებას და ეუთოს დამკვირვებელთა მონაწილეობით მონიტორინგის ჩატარებასაც მოითხოვს. თბილისში კი ოსური მხარის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. მეტიც, როგორც "რეზონანსთან" საუბარში დიდი და პატარა ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ ვახტანგაშვილი აცხადებს, ოსური მხარე თავად აყაჩაღებს ქართულ მოსახლეობას. "ის რომ, ქართული პოლიცია ოსურ მოსახლეობას აყაჩაღებს, სრული აბსურდია. პირიქით, პატარა ლიახვის ხეობაში, ერედვსა და ვანათს შორის ოსებს თავად აქვთ უკანონო ბლოკ-პოსტი გახსნილი, სადაც შეშასაც კი ვერ გადაიტან, თუ 50-100 ლარი არ გადაიხადე. მეტსაც გეტყვით, ამ ბლოკ-საგუშაგოდან მოსახლეობაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაც კი ჭირს. გამოდის, რომ ოსური მხარე საკუთარი ქმედებების დასაფარავად, ბრალდებებს ჩვენ გვიყენებს," - განუცხადა "რეზონანსს" ვახტანგაშვილმა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |