"რეზონანსი "
# 39
ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2008 წელი

გოგიას ოჯახი აცხადებს, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ მკვლელობის ვერსია დაადასტურა

დასკვნას ხელს აწერენ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დირექტორი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტი კახა ერისთავი და ამავე ცენტრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ნუგზარ თოფურიძე.

რვაგვერდიან დასკვნაში ცხედრის გარეგანი დათვალიერების შედეგად დაფიქსირებული უთვალავი ჭრილობებიდან ყველაზე პატარა ორმილიმეტრიანია, ხოლო ყველაზე დიდი - 48 სანტიმეტრიანი.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ გოგია გახლდათ ზვიად გამსახურდიასდროინდელი ეროვნული გვარდიის წევრი და პარტია "თავისუფლებას" აქტიური მხარდამჭერი. ოჯახის წევრები და თანამებრძოლები 1 თებერვალს ჩატარებულ სპეცოპერაციას გოგიას პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებენ, ხოლო ტელევიზიით გავრცელებული ვერსიის მიხედვით, თენგიზ გოგია ორი კაცის მკვლელობის გამო იძებნებოდა, თავს აფხაზეთს აფარებდა და სენაკში სპეციალურად აკაკი ელიავას დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდა.

გასულ შაბათს 9 თებერვალს ჩვენ გახლდით სენაკში, თენგიზ გოგიას დაკრძალვაზე, სადაც შევხვდით როგორც მისი ოჯახის წევრებს, ისე თანამებრძოლებს, მეზობლებს, ზოგადად სენაკელებს. ცალ-ცალკე და ყველამ ერთად აღნიშნა, რომ თენგიზ გოგია აფხაზეთის ომის დროს ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა, რის გამოც გამორიცხული იყო აფხაზებს შეეფარებინათ; გოგიას ახლობლები კატეგორიულად უარყოფენ მკვლელობის გამო მასზე გამოცხადებულ ძებნას და ამბობენ, რომ სამართალდამცავებს გოგიას დაკითხვა ან დაპატიმრება თუ უნდოდათ, ამის გაკეთება ადვილად შეეძლოთ, რადგან ბოლო 7-8 წლის განმავლობაში თენგიზ გოგია სენაკში ჩვეულებრივად ცხოვრობდა და გადაადგილდებოდა.

"როგორ გგონიათ, ადამიანი, რომელსაც ასეთი დიდი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და იმალებოდა, დღის 11 საათზე სახლში იქნებოდა წამოწოლილი.! თენგო იყო ოპოზიციაში. ამ მხარეში ძალიან ძლიერი, ანგარიშგასაწევი ფიგურა გახლდათ; კოკო გამსახურდიას "თავისუფლებას" უჭერდა მხარს. ხელისუფლებიდან რამდენჯერმე შემოუთვალეს, გაჩერდიო. ჩვენი რეგიონიდან თბილისში საპროტესტო აქციებზე ჩასული ხალხის თავი და ლიდერი თენგო გახლდათ. ხედავდნენ, რომ გამჩერებელი არ იყო და მოკლეს," - გვითხრა სენაკში ყოფნისას თენგიზ გოგიას ძმისცოლმა ნატო გოგიამ.

თენგიზ გოგია სენაკში საკუთარ სახლში ლეონ შამათავას #3-ში 1 თებერვალს დღის თორმეტ საათზე დაიღუპა. მის სახლს ნატყვიარები სამი მხრიდან ემჩნევა. როგორც თვითმხილველებმა და ოჯახის წევრებმა გვითხრეს, გოგიას დედა ფენია შამათავა სახლიდან რამდენიმე წუთის გასული იყო, როცა ნიღბიანმა სპეცნაზელებმა სახლს ალყა შემოარტყეს, მეზობლები აიძულეს სახლებში შესულიყვნენ, ერთხელ დაიყვირეს დაგვნებდიო, ყოველგვარი პაუზის გარეშე სიტყვას ტყვიები მიაყოლეს და ბოლოს ფანჯრიდან ოთახში ხელყუმბარა შეაგდეს. ოჯახის წევრები და თანამებრძოლები დარწმუნებულები არიან, რომ სამი ტყვია, რომელიც თენგიზ გოგიას თავში აქვს ნასროლი, სპეცნაზელებმა საკონტროლო გასროლის შედეგად განახორციელეს.

მომავალი თვის დასაწყისში ცნობილი გახდება სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი, რომელიც სენაკის პროკურატურამ გოგიას სიკვდილის მიზეზის დასადგენად დანიშნა. დღეს კი ალტერნატიული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის დეტალებს პოლიტიკური პარტია "თავისუფლებას" ლიდერები პრესკონფერენციაზე გაახმოვანებენ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com