|
|
"რეზონანსი "
ბურჯანაძის თქმით, 17-დან 15 მოთხოვნა შეჯერებულია: ეროვნული საბჭო კვლავ კონკრეტულ ქმედებებს ელის სოფო ქვლივიძე
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, შესაძლოა, ერთობლივი მემორანდუმი გაფორმდეს. ამის შესახებ გუშინ პარლამენტის თავმჯდომანე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. მან ისიც აღნიშნა, რომ დიალოგის გაგრძელების თაობაზე ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეთანხმება მიღწეულია. თუმცა, ბურჯანაძის ნათქვამი ოპოზიციონერებისათვის სიურპრიზი აღმოჩნდა. ოპოზიცია მოთხოვნების შეუსრულებლობამდე მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობას არ აპირებს და არც პოლიტპატიმრების სიას აქვეყნებს. მიუხედავად ამისა, "მემარჯვენეები" და "მრეწველები" მემორანდუმის გაფორმებას ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ საჭიროა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული დიალოგი დოკუმენტურად გაფორმდეს. მათი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ მმართველმა ძალამ მიღწეულ შეთანხმებაზე შემდეგ უარი თქვას. ბურჯანაძის მტკიცებით, ოპოზიციის 17 მოთხოვნიდან, ორის გარდა, ყველა საკითხი შეჯერებულია. თუმცა, რა საკითხები დაკმაყოფილდება და რა არა, ამის შესახებ კონკრეტული განცხადებები ჯერჯერობით არ კეთდება. ეროვნული საბჭოს წევრები გუშინ რესპუბლიკელების ლიდერის დავით უსუფაშვილისა და ნინო ბურჯანაძის სატელეფონო საუბრის დეტალებზე მსჯელობდნენ. გაირკვა, რომ უსუფაშვილსა და ბურჯანაძეს შორის გამართული საუბრის შესახებ არაფერი იცოდნენ ოპოზიციის დანარჩენმა წარმომადგენლებმა და შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი განცხადება ერთიანი მემორანდუმის შემუშავებასა და ოპოზიციის ცალკეულ ლიდერებთან მოლაპარაკებების თაობაზე მათთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. გუშინ გადაწყდა, რომ ეროვნული საბჭო აღარ გამოაქვეყნებს იმ პოლიტპატიმრების გვარებს, რომელთა გათავისუფლების საკითხიც დიალოგის შეწყვეტის მიზეზად იქცა. კახა კუკავას თქმით, "საერთო სახალხო კრებამ" ეს გადაწყვეტილება 8 ნოემბერს დაკავებულთა უსაფრთხოების მიზნით მიიღო. "არც ერთი ადამიანი იმ 43-დან, რომელთა გათავისუფლებასაც ჩვენ ვითხოვთ, კრიმინალი არ არის. მაგრამ არა გვაქვს გარანტია, რომ მათ და მათ ოჯახებს ცილს არ დასწამებენ. ამიტომ ვამჯობინეთ, მათი გვარები არ გამოვაქვეყნოთ," - აღნიშნა კუკავამ. ეროვნული საბჭო დიალოგის განახლებაზე კვლავ უარს ამბობს. რესპუბლიკელი თინა ხიდაშელის განცხადებით, ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელიან და დიალოგს დიალოგისთვის აღარ გააგრძელებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არავითარი შეთანხმების გაფორმებას არ აპირებენ, სანამ კონკრეტული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. დავით ბერძენიშვილი კი ვარაუდობს, რომ ბურჯანაძეს ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში ხელს "თავისუფლების ინსტიტუტი" უშლის. საუბარია ამ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ ხელისუფლება უხეშად ერევა მედიის საქმიანობაში, კერძოდ საუბარია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებაზე. "ვფიქრობ, რომ ნინო ბურჯანაძის ფრთას ხელისუფლებაში ხელს უშლიან სხვები, რომლებიც ცდილობენ, სააკაშვილი მძევლის მდგომარეობაში ამყოფონ," - აღნიშნა ბერძენიშვილმა. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით კი, ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის მთავარი ამოცანა არა პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა, არამედ დიალოგის თემის გამოყენებით აგრესიული და არაკორექტული წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |