|
|
"რეზონანსი "
"თუ დაგვჭირდება, კარვებსაც გავშლით": "ეროვნული საბჭო" 15-ში 100 ათას კაცს ელის მარი ოთარაშვილი
15 თებერვალს ოპოზიცია მრავალრიცხოვან აქციას პროგნოზირებს. როგორც ერთიანი ეროვნული საბჭოს წარმომადგენლები "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში, აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. მათი რწმენით, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს. ჯონდი ბაღათურია, "ერთიანი ეროვნული საბჭოს" წევრი: "აქციების გამართვის ნებართვა ჩვენ აღებული გვაქვს 15-დან 25 თებერვლამდე. გამოსვლებს საჭიროების შემთხვევაში (ვნახავთ, როგორი რეაქცია ექნება ხელისფლებას) გავაგრძელებთ. მიტინგი პარლამენტის შენობის წინ 15 თებერვალს, 14 საათზე დაიწყება და ჯერ მხოლოდ თბილისში გაიმართება. თუ ხელისუფლება არაფრად ჩააგდებს ჩვენს მოთხოვნებს, რეგიონებშიც გადავინაცვლებთ. თუ ვნახეთ, რომ ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებზე რეაგირებას არ აპირებს, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებენ. თუ დაგვჭირდება, კარვებსაც გავშლით და ღამეებს რუსთაველის გამზირზე გავათევთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ. მოგეხსენებათ, ხელისუფლებასთან ჩვენ მიერ წარდგენილი მემორანდუმის შესრულებაზე მხოლოდ სიტყვიერ შეთანხმებას მივაღწიეთ. აქციაზე ჩვენი მთავარი მოთხოვნები იქნება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ცესკოდან თარხნიშვილის, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კი კინწურაშვილის გადადგომა. თქვენ კარგად გახსოვთ, ბურჯანაძემ ერთ დილას როგორ გვახარა, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელი შეიცვლებოდა, მაგრამ ეს განაცხადი განაცხადვედვე დარჩა. აღმოჩნდა, თურმე კინწურაშვილის გადადგომას მთელი პროცედურები სჭირდება. ჩვენ არ ვაპირებთ ასეთი "აღმოჩენების" ლოდინს და არაფერს მოვითმენთ. სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები, არ შევჩერდებით. ბოლო აქციაზე 250 ათასი კაცი გვყავდა. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ უკვე იცის, რომ საზოგადოება მხარს გვიჭერს. შესაბამისად, ეყოფა გონიერება და საზოგადოებისთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს." "ერთიანი ეროვნული საბჭოს" წევრის, კობა დავითაშვილის პროგნოზით, ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებს არ წაუყრუებს: "აქციაზე 100 000 კაცს ველოდებით. საამისოდ დღეს გვქონდა მთელ ქალაქში მანქანებით შემოვლა. საზოგადოებას მოვუწოდეთ აქციაზე გამოსვლისთვის. აქცია მშვიდობიანი იქნება. იმედი მაქვს, რომ მთავრობა ჩვენს მოთხოვნებს არ წაუყრუებს." დავით ზურაბიშვილი უფრო სკეპტიკურია: "მშვიდობიანი აქციის გამართვას ვგეგმავთ და ჩვენი მხრიდან ექსცესებს ადგილი არ ექნება. აი, მთავრობა რას იზამს, ნამდვილად ვერ გეტყვით. ის კი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ აქციაზე ძალიან ბევრს ველოდებით. ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ რუსთაველის გამზირი რომ გადაკეტილი იქნება, ეს ცხადია. მთვარობა რას იზამს, არ ვიცი. მიჭირს ამის წინასწარ განჭვრეტა, რადგან მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. წარმოდგენა არც იმაზე მაქვს, რას იზამს ჩვენ მიერ წამოყენებულ მოთხოვნებზე. ამათი იმედი ჩვენს მტერს ჰქონდეს..."
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |