|
|
"რეზონანსი "
"საარჩევნო სიების ფორმირება სამოქალაქო რეესტრის პრეროგატივა უნდა იყოს" სოფო ქვლივიძე
ასოციაციამ "კანონი ხალხისთვის" საარჩევნო სიების დაზუსტებისათვის 7 ინიციატივა შეიმუშავა. "საარჩევნო სიები წარმოადგენს თანამედროვე ქართული არჩევნების პრობლემას, რაც დაძლეული უნდა იყოს," - მიაჩნია ასოციაციის წარმომადგენელს ზაქარია ქუცნაშვილს. მიის აზრით, შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამომრჩეველთა სიებში და სამოქალაქო რეესტრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში შესატანი მონაცემები. ქუცნაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ საინფორმაციო ბაზა მონაცემების სხვა თანმიმდევრობით განლაგების გამო გადაწყობას აღარ საჭიროებდეს, ვინაიდან ეს დამატებით შრომას, სახსრებსა და განზრახ თუ უნებლიედ ბევრი შეცდომის დაშვებას განაპირობებს. ქუცნაშვილის აზრით, სამოქალაქო რეესტრში შეყვანილი მონაცემები საარჩევნი სიაში შეყვანილ მონაცემებთან სინქრონიზებული უნდა იყოს. (შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო რეესტრში მონაცემები სხვა თანმიმდევრობით შედის: ჯერ სახელი იწერება, ხოლო შემდეგ გვარი. ამომრჩეველთა სიაში კი, ჯერ გვარი ფიქსირდება, ხოლო შემდეგ სახელი. სხვადასხვა თანმიმდევრობით იწერება ასევე დაბადების თარიღიც.) ქუცნაშვილის აზრით, უკეთესი იქნება თუ საარჩევნო სიების ფორმირება სამოქალაქო რეესტრის პრეროგატივა იქნება, რომელიც საკუთარ ბაზაში არსებული მონაცემებს სიაში გადმოიტანს. რაც შეეხება სხვა ინიციატივებს, ასოციაციის წევრების აზრით, ამომრჩეველთა 6-გრაფიან სიას უნდა დაემატოს კიდევ ერთი ახალი გრაფა "გარდაცვლილია". კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნებამდე 12 დღით ადრე ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანა არ შეიძლება. ამ გრაფის დამატების შემთხვევაში, ჩანაწერის გაკეთება არჩევნებამდე ერთი დღით ადრეც შესაძლებელია და აღარ არის საჭირო სიების თავიდან ამობეჭდვა და გამოკვრა. ამასთან, აუცილებლად უნდა გაუქმდეს ამომრჩეველთა დამატებითი სიები. ვინაიდან, ქუცნაშვილის თქმით, 5 იანვრის არჩევნებზე ხდებოდა პირადობის მოწმობების კოპირება და დამატებითი სიების საშუალებით ხმის მიცემა. გარდა ამისა, უნდა შევიდეს კანონმდებლობაში ცვლილებები და პასპორტით ხმის მიცემა აიკრძალოს. პასპორტში მისამართი მითითებული არ არის, შესაბამისად, თუ ამომრჩეველი წინასწარ იქნება შეყვანილი სხვადასხვა საარჩევნო უბნის ერთიან სიის ფიქტიურ მისამართზე, ეს სიების ხელოვნურ გაბერვას იწვევს. ხმის მიცემა მხოლოდ პირადობის მოწმობის საშუალებით უნდა იყოს ნებადართული. ასევე, ბრუნვიდან ამოსაღებია 2002 წლიდან გაუქმებული უსურათო რეგისტრაციის მოწმობები, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ ვადა და რომელთა კოპირებით არჩევნების გაყალბება ხდება. ქუცნაშვილის აზრით, 7 კალენდარულ დღემდე შესამცირებელია საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე შეტყობინების გაკეთების ვადები. დღეს ვადა 6 თვეს მოიცავს. ასოციაციის წევრების აზრით, ეს ვადა უნდა შემცირდეს. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები აღარ ცხოვრობენ ამა თუ იმ მისამართზე, თუმცა, კვლავ რჩებიან დარეგისტრირებულად. ქუცნაშვილის თქმით, სიების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ამომრჩევლების ნაწილი რეგისტრირებულ მისამართზე არ ცხოვრობს. გარდა ამისა, ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში უნდა დაემატოს სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღი და ეს ელექტრონული ბაზა უნდა უზრუნველყოფილი იყოს იმ სპეციალური საძიებო პროგრამით, რაც მოგვცემს საშუალებას გადამოწმებული იყოს ყველა მონაცემი რაც შეიძლება საჭირო გახდეს ამ სიების დაზუსტებისათვის.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |