|
|
"რეზონანსი "
7 ნოემბერს დაჭრილთა მდგომარეობა კვლავ მძიმეა: ისინი სახელმწიფოსგან შეპირებულ მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას ითხოვენ
ამჟამად რამდენი დაზარალებული მკურნალობს საავადმყოფოებში, ეს ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ. რამდენიმე მათგანი ამჟამადაც მძიმედაა. ზოგი მათგანი კომპენსაციას ითხოვს, ზოგი კი მკურნალობის ანაზღაურების იმედითღაა. ბევრი სამართლიანობას, ანუ დამნაშავეების დასჯას. თბილისის პროკუტარურაში, დაახლოებით, 65 საჩივარია შესული. თუმცა, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ამ ეტაპზე ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან. ზოგიერთ დაზარალებულს პრესასთან საუბარი საერთოდ არ სურს. სრული ჭეშმარიტებისთვის უნდა ითქვას, რომ მაინცდამაინც არც პრესა, მითუმეტეს - ტელევიზიები - მათი ბედით დიდად არ ინტერესდებიან. "რეზონანსი" რამდენიმე დაზარალებულს ესაუბრა.
ვახტანგ ინასარიძე
ვახტანგ ინასარიძე აცხადებს, რომ რიყეზე გასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსთაველზე აქციის დარბევა ტელევიზიით იხილა: "ტელევიზორში ვნახე რაც ხდებოდა... ძალიან ნეგატიურად განვეწყვე ამ ყველაფრის მიმართ და გადავწყვიტე წავსულიყავი. პირველი შეტევის მერე ხალხი ღვინის აღმართს მიაწყდა. მერე სპეცრაზმმა უკვე ძველი თბილისის მიმართულებით დაიწყო სროლა და ყრიდნენ გაზიან ბალონებს. იმ დროს, როცა ქვაფენილის დასაწყისში ვიდექი, უეცრად დარტყმა ვიგრძენი. დაახლოებით ორი მეტრით გადავვარდი, გონება არ დამიკარგავს, მაგრამ მარცხენა ფეხი უკვე ვეღარ ავწიე. როგორც შემდეგ ვნახე, ორივე ძვალი გადამიტყდა." როგორც ინასარიძე იხსენებს, იგი შემთხვევითმა გამვლელებმა სავაადმყოფოში წაიყვანეს, სადაც დაახლოებით 75 დღე გაატარა. როგორც დაზარალებული აღნიშნავს, ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოში მკურნალობის ხარჯი აუნაზღაურა, თუმცა, მისი თქმით, მინიმუმ ერთი წლის მანძილზე მკურნალობა ესაჭიროება. "ყოველთვიურად კონსულტაციებზე დავდივარ ექიმთან. უახლოეს ხანში რენტგენი უნდა გადავიღო და მაისისთვის სავარაუდოდ მომიხსნიან იმ აპარატს, რაც ფეხზე მაქვს დამაგრებული. შემდგომი მდგომარეობა როგორი იქნება, არ ვიცი." ინასარიძის თქმით, პროკურატურა დაკითხვაზე მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მივიდა და, რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, არა დაზარალებულის, არამედ მოწმის სტატუსი აქვს. "უკვე სამი თვეა ვერაფერს ვაკეთებ, ოჯახში ერთადერთი მე ვმუშაობდი და კიდევ როგორც მინიმუმ სამი თვე დამოუკიდებლად ვერ გავივლი. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ ერთი წელი, შემდეგ რეაბილიტაციას უნდა ასევე ძალიან დიდი ხანი. რა და როგორ იქნება, არ ვიცი." მისი თქმით, პროკურატურას ექსპერტიზის შედეგები არ გამოუქვეყნებია, ხოლო ალტერნატიული სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ: "ინასარიძეს აღენიშნება კანის დაჟეჟილი ჭრილობა (დაახლოებით 6\2სმ ფართობზე), კანქვეშა რბილი ქსოვილების დაზიანებით და ჭრილობის შესაბამისად ორივე წვივის ძვლის მსხვრევადი მოტეხილობა. მოქ. ვ. ინასარიძეს სხეულის დაზიანება მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ტრავმის მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე, დაზიანება განვითარებული უნდა იყოს საკმაო კინეტიკური ენერგიის მქონე, რაიმე ფეთქებადი საგნის მოქმედებით." ინასარიძეს, ექიმების დასკვნით, ესაჭიროება ამბულატორიული მკურნალობა მინიმუმ ექვსი თვის მანძილზე, თუმცა კიდურის ფუნქციონალური მდგომარეობის სრულად აღდგენის თაობაზე ისინი ჯერჯერობით პროგნოზს ვერ აკეთებენ.
ნიკა დიდიშვილი რიყეზე პროტესტის გამოსახატავად არ ყოფილა 19 წლის სტუდენტი ნიკა დიდიშვილი. ის იქ სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. თუმცა, ამ დღის შემდეგ უკვე სამი თვეა ლოგინიდან მხოლოდ მშობლების დახმარებით ახერხებს წამოდგომას. ნიკამაც, წინა რესპონდენტის მსგავსად, დაახლოებით ორთვენახევარი დაჰყო საავადმყოფოში. 7 ნოემბრის მოვლენებსა და თავსდამტყდარ უბედურებას ასევ იხსენებს. ნიკა დიდიშვილი: "7 ნოემბერს რიყეზე აღმოვჩნდი შემთხვევით. დეიდაჩემი ჩემს უნივერსიტეტში ასწავლის, მივაცილე მერიასთან, სანაპიროზე ვაპირებდი ჩასვლას და ტაქსით შინ წამოსვლას. სანაპიროზე რომ ჩავედი, სწორედ მაშინ დაიწყო სროლები და ევროპის მოედნისაკენ გავიქეცი. ზოგი ღვინის აღმართზე არბოდა, ზოგიც მეტეხის აღმართს მიაწყდა. მეც ვაპირებდი მეტეხის აღმართისკენ წასვლას და უეცრად აღმოვჩნდი იქ, სადაც პირველი კორდონი იყო." როგორც ნიკა იხსენებს, ფეხზე რაღაც საგანი მოხვდა, ძლიერმა ბიძგმა რამდენიმე მეტრით გადააგდო და წამოდგომა ვეღარ შეძლო. "ვიგრძენი, როგორ გამოგლიჯა ხორცი, წავიქეცი და ვეცადე ფეხზე დადგომა. დავინახე ხორციდან ძვლები როგორ იწეოდა. ვიღაც გამვლელებმა ამიყვანეს და რაღაც პერიოდი წამიღეს. მერე რამდენიმეს შეეშინდა, გაიქცნენ და მხოლოდ ერთი ადამიანი დარჩა ჩემთან. ყვირილი დაიწყო, მომეხმარეთო." მისი თქმით, შემთხვევითმა გამვლელმა მანქანამ ის საავადმყოფომდე მიიყვანა, სადაც თითქმის სამი თვე დაჰყო. ისიც პროკურატურამ მოწმის სტატუსით დაკითხა. "პროკურატურიდან მოვიდნენ რამდენიმე დღის მერე და როგორც მოწმე, დამკითხეს. ე.ი. დაზარალებული აღმოჩნდა ჩემი ფეხი და მე ვიყავი მისი მოწმე. დღემდე ამ სტატუსით ვარ," - ამბობს ნიკა, რომელიც უკვე მესამე თვეა, რაც უნივერსიტეტში არ ყოფილა და მეგობრები აქამდე მხოლოდ საავადმყოფოში სტუმრობდნენ. სწორედ საავადმყოფოში მოუწია მე-19 დაბადების დღის აღნიშვნა, 23 ნოემბერს. როგორც ნიკა დიდიშვილის დედა ჯულია ბერია აცხადებს, მას სახელმწიფოსგან ერთადერთი მოთხოვნა აქვს, რომ მისი შვილის რეაბილიტაციის ხარჯები სახელმწიფომ სრულად აანაზღაუროს. ჯულია ბერია: "მოთხოვნა მაქვს ერთი, მკურნალობა რომელიც სჭირდება ჩემს შვილს, იყოს ანაზღაურებული. ბავშვს აქვს ძალიან მძიმე ფონი. სამი თვის განმავლობაში ფაქტობრივად დღე და ღამე თავზე ვადექი. ოჯახიდან მარტო მე ვმუშაობ, საბავშვო ბაღში, და არ გამაჩნია არც ვაუჩერი, არც პოლისი. ამჟამად მეგობრის დახმარებით უნდა დავიწყოთ მკურნალობა." რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნებს, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, აქაც ოფიციალური შედეგი ჯერჯერობით უცნობია, ხოლო რაც შეეხება დამოუკიდებელი ექსპერტზის დასკვნებს, ექსპერტები მიიჩნებენ, რომ დაზიანება სიცოცხლისათვის საშიშ მძიმე კატეგორიას განეკუთვნება. "მოქ. ნ. დიდიშვილს დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა წვივის ძვლების ზემო მესამედის ღია დამსხვრეული მოტეხილობა. ოპერაცია - დისტრაქციული ოსტეოსინთეზის შემდგომი მდგომარეობა. შეხორცებადი ჭრილობა მოტეხილობის დონეზე. მარცხენა ქვემო კიდურის ტრავმის შემდგომი ქრონიკული ვენური უკმარისობა ||| ხარისხის, ლიმფოსტაზი || ხარისხის. ჭრილობის სრულ შეხორცებამდე მიზანშეწონილია განხორციელდეს სტაციონარის პირობებში. ელიზაროვის აპარატით კიდურის იმობილიზაციის გაგრძელება მოტეხილი ძვლების სრული კონსოლიდაციის მისაღწევად არანაკლებ 5-6 თვის განმავლობაში," ვკითხულობთ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნაში, სადაც მითითებულია, რომ კიდურის სრული ფუნქციონალური აღდგენაზე დასკვნა ვერ კეთდება.
გიორგი თევდორაშვილი
19 წლის შესრულება საავადმყოფოში აღნიშნა გიორგი თევდორაშვილმაც, ოღონდ დეკემბერში, რომელმაც სხვა დაზარალებულის მიხმარება გადაწყვიტა, თუმცა ანალოგიურ მდგომარეობაში თავად ჩავარდა. დღეს გიორგი მხოლოდ ხელჯოხის დახმარებით გადაადგილდება და 7 ნოემბერს ასე იხსენებს: "ღვინის აღმართზე ჩავდიოდი, როდესაც დავინახე, რომ ძირს ბავშვი ეგდო და მის წამოყენებას შევეცადე, უცბად რაღაც ფეხზე მომხვდა და ვეცადე წამოდგომას, თუმცა თავად წავიქეცი. მხედველობა და სმენა მომენტალურად დავკარგე." გიორგიმ, საავადმყოფოში მიყვანამდე, დაახლოებით ორი ლიტრი სისხლი დაკარგა და გონს მხოლოდ პირველი საავადმყოფოს პალატაში მოვიდა. როგორც გიორგის დედა ნინო ჩიჩუა აღნიშნავს, შვილის გადარჩენაზე უკვე აღარ ფიქრობდა, თუმცა გადარჩენილ და 40 დღის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერილი გიორგისთვის სხვა პრობლემებმა იჩინეს თავი. "ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი იღებდნენ საკუთარ თავზე ყველა ხარჯს, მაგრამ ამ მომენტისათვის არ არის დაფარული ფიქსატორის თანხა, რომელიც ფეხზე სჭირდებოდა გიორგის ჯერ კიდევ ორი თვის წინ," აცხადებს გიორგის დედა და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუკი გიორგი ამ მდგომარეობაში დარჩა, სარჩელს აუცილებლად აღძრავს. "არ ვაპირებთ გაჩუმებას და მაინტერესებს, რამდენ ხანს გააჭიანურებენ ამ პროცესს. არ მაქვს საშუალება, რომ ვუმკურნალო, ბავშვმა ორი ლიტრი სისხლი დაკარგა, იყო ჰომორაგიული შოკის დიაგნოზით შეყვანილი და, შესაძლოა, ფეხის ამპუტაციაც დასჭირვებოდა. დღეს კი არავინ არ იცის, შვიდ ნოემბერს ასეთი რაღაცები რომ მოხდა," - ამბობს ნინო ჩიჩუა. მისი თქმით, მივიდა თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე, რადგან (ალტერნატიული) ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული, რომ გიორგიმ იქ მინიმუმ ექვსი თვე მაინც უნდა გაატაროს. იქ კი 20-დღიანი მკურნალობა 13 000 ლარი დაუფასეს. გიორგიც, ისევე როგორც სხვა დაზარალებულები, მოწმის სტატუსითაა დაკითხული. დაზარალებულის სტატუსი აქაც ფეხსაა აქვს. "კანის და რბილი ქსოვლების დეფექტი (დაახლოებით 10\12 სმ ფართობზე), მუხლქვეშა არტერიის, ვენის, მცირე წვივის ნერვის და სასახსრე ჩანთის დაზიანებით. გაკეთდა ოპერაცია - სისხლძარღვების, ნერვის და ა.შ. მთლიანობის აღდგენა, კანის პლასტიკა. პოსტოპერაციული კონსრევატული მკურნალობის ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, "სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის სასამართლო-სამედიცინო განსაზღვრის წესების" მეორე ნაწილის პირველი თავის მე-7 პუნქტის "უ" ქვე-პუნქტის მიხედვით, მოქ. გ. თევდორაშვილის სხეულის დაზიანება მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს," - აღნიშნულია ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნაში. რაც შეეხება დაზარალებულ ინასარიძის და დიდიშვილის მკურნალ ექიმს, ჩვენ მას ვერ დავუკავშირდით, თუმცა ე.წ. "არამიანცის" საავადმყოფოს ტრავმატოლოგიური განყოფილების მთავარი ექიმი აცხადებს, რომ ავადმყოფები მათთან მკურნალობის კურსს ორთვენახევარი გადიოდნენ და მათ საავადმყოფოში მხოლოდ კონსულტაციებზე მოუწევთ მისვლა. "არამიანცის" რეანიმაციული განყოფილების გამგემ საერთოდ უარი განაცხადა 7 ნოემბერს მიღებულ პაციენტთა შესახებ რაიმე კომენტარზე. "რეზონანსი" ასევე დაუკავშირად თბილისის პროკურატურის წარმომადგენელ გიორგი ხვედელიძეს, რომელიც 7 ნოემბრის საქმეებს იძიებს. მისი თქმით, ამჟამად უწყებაში 65 საჩივარია შესული და ძიება კვლავაც მიმდინარეობს. ხვედელიძის თქმით, ექსპერტიზის შედეგები დაახლოებით თვის ბოლოს იქნება ცნობილი. ზემოთმოყვანილი 3 შემთხვევა, სამწუხაროდ, მხოლოდ დეტალია 7 ნოემბრის ტრაგიკული ამბებისა. "რეზონანსი" მომავალშიც გააგრძელებს ამ თემის გაშუქებას.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |