|
|
"რეზონანსი "
მინძაევი "მზეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
(ინტერპრესნიუსი) ცხინვალი ქართულ მედიას ოსური მხარის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. როგორც სააგენტო "რეს"-ი იუწყება, ეს განცხადება დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა ტელეკომპანია "მზის" სიუჟეტის კომენტირებისას გააკეთა. "მზის" ინფორმაციით, რომელიც რუსულმა სააგენტო "როსბალტმაც" გამოაქვეყნა, რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ რუსული გრანტების არამიზნობრივი ხარჯვისთვის, შესაძლოა, დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი დააპატიმროს. მინძაევის თქმით, ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკაში არანაირი რევიზია არ ტარდება, თუმცა, უახლოეს მომავალში ცხინვალში რუსეთიდან კომისიას მართლაც ელოდებიან. "ისინი რევიზორები არ არიან, ეს ჩვეულებრივი კომისიაა, რომელიც სამხრეთ ოსეთში პირველად არ ჩამოდის. კომისია კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციის დონორთა პროგრამის ფარგლებში რუსული მხარის მიერ გამოყოფილი გრანტების ხარჯვას ამოწმებს და ამ დრომდე მათ არანაირი კითხვები არ გასჩენიათ", - განაცხადა მინძაევმა. მისი თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკაში ამჟამად ჩვეულებრივი ოპერატიული სამუშაო მიმდინარეობს, რომლის მიზანი კორუფციასთან ბრძოლაა და ამ მიმართულებით მუშაობის ინიციატორი თავად ედუარდ კოკოითია. მინძაევის განცხადებით, ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება ცხინვალის ხელისუფლების დისკრედიტაციის მასალებით ქართული მედიის "მომარაგებაა". "ტელეარხ "მზეზე" ეს გადაცემა სწორედ ამ მიმართულების ფარგლებში გამოჩნდა. რაც შეეხება გადაცემის შინაარსს, მის კომენტირებას აზრი არ აქვს. საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ასევე უნდა ითქვას, რომ ყველა ქართული მედია-საშუალება ანტიოსური მასალების მომზადებითა და გავრცელებით არის დაკავებული", - აცხადებს დე ფაქტო შს მინისტრი.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |