"რეზონანსი "
# 40
ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2008 წელი

86 წლის კაცი შსს-ს მიწის წართმევაში ადანაშაულებს

(პრაიმ-ნიუსი) წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში მცხოვრები 86 წლის მიხეილ ხუბუტია შს სამინისტროსა და ხელისუფლებას კერძო საკუთრების ხელყოფაში ადანაშაულებს.

როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრში" აცხადებენ, ხუბუტიამ მათ შეატყობინა, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი შს სამინისტრომ დაისაკუთრა და უკანონო მშენებლობა წამოიწყო.

მათივე ინფორმაციით, ქართველმა ძალოვნებმა პოლიციის ლიის ქვეგანყოფილების ადმინისტრაციული შენობის აშენება დაიწყეს. მიხეილ ხუბუტიას საკუთრებაში არსებული 1 480 კვ.მ. მიწის ფართობის კანონიერება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2005 წლის 12 დეკემბერს დაადგინა. თავის მხრივ, წალენჯიხის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელ გია მებონიას პოლიციის ადმინისტრაციის მშენებლობაზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას დასტურად სარეგისტრაციო სამსახურიდან გაცემული ამონაწერი მოჰყავს და აცხადებს, რომ 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობი შსს წალენჯიხის რაიგანყოფილებას გადაეცა. მიხეილ ხუბუტია მიწის ნაკვეთის დათმობას არ აპირებს და ქონების დაბრუნებას სასამართლოს გზით შეეცდება, - აცხადებენ არასამტავრობო ორგანიზაციაში.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com