|
|
"რეზონანსი "
მეტისმეტი "ზრუნვისაგან" მეწარმეები უკვე სულს ღაფავენ: სალარო-აპარატების შეცვლის ინიციატივამ ბიზნესმენები აღაშფოთა მაკა ხარაზიშვილი
მეწარმეები სალარო-აპარატების შეცვლასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს დადგენილებას აპროტესტებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავრობის ლობირებით, მათ ხარჯზე ჩინოვნიკები ფულს "აკეთებენ". მეწარმეებს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწუნებული სალარო-აპარატები ერთხელ უკვე გამოაცვლევინეს. მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო მამუკელაშვილი მიიჩნევს, რომ აპარატების მუდმივი ცვლილების გამო ვიღაც პირადი ინტერესებით მოქმედებს და ამ ინტერესის განხორციელებას მთავრობა უწყობს ხელს. "წარმოუდგენელია მეწარმეებს სალარო აპარატები ყოველწლიურად აცვლევინონ. ხომ არ შეიძლება, ვისაც აპარატის იმპორტი მოესურვება, ყველას ჩვენ გავუსაღოთ. ეს არის დიდი ფულის კეთების საშუალება. 50 დოლარად შეძენილ აპარატებს 350 დოლარად ყიდიან. მილიონები "კეთდება". თვითონ ვარ მომსწრე, როგორ აძალებდნენ მეწარმეებს კონკრეტული პირების აპარატები შეეძინათ. ჩემს ასოციაციაში გაწევრიანებული მეწარმეები ახლანდელ აპარატებს არაფერს უწუნებენ. თუ რამე გაფუჭდა, არის სპეციალური სამსახურები, რომელთა წარმომადგენლები თვითონ მოდიან და არემონტებენ. გარდა ამისა, საქართველოშიც შესანიშნავი აპარატები იწყობა", - ამბობს ნინო მამუკელაშვილი. რეესტრიდან 14 სახეობის სალარო-აპარატი ამოიღეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 25 დეკემბერის ბრძანებულებით, სამინისტრომ მეწარმეებს 1-წლიანი ვადა მისცა დაჯარიმების გარეშე, ეტაპობრივად ამოიღონ ხმარებიდან რეესტრიდან ამოღებული აპარატები. იმ ობიექტების მესაკუთრეებს კი, რომლებიც ამჟამად აპირებენ აპარატების შეძენას, ფინანსთა სამინისტრო აფრთხილებს, რომ "ისეთი ტიპის სალარო-აპარატები აღარ იყიდონ". ფინანსთა სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი მომხმარებლებთან გამართული კონსულტაციები გახდა, ვინაიდან სალარო აპარატების იმპორტიორები დღეისათვის კონკრეტული სახეობის სალარო-აპარატებისა და სათადარიგო ნაწილებს იმპორტს ვეღარ ახორციელებენ. ასევე მოქმედი აპარატების პატრონებს ტექნიკური მომსახურებით ვეღარ უზრუნველყოფენ. მამუკელაშვილის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაციაში, კონსულტაციის გამართვის სურვილით, ფინანსთა სამინისტროს არც ერთი წარმომადგენელი არ გამოცხადებულა და მის ასოციაციაში გაწევრიანებული ბიზნესმენებისათვის ამ ბრძანებულების მიღება მოულოდნელი აღმოჩნდა. "ნათქვამია ძალა აღმართ ხნავსო, ჩვენც იძულებულნი ვიქნებით ახალი აპარატები შევიძინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ჩვენი ბიზნესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. წინა აპარატებიც მათი "რეკომენდაციით" შევიძინეთ. არა მგონია, ბიზნესი, რომელიმე ქვეყანაში ისეთი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდეს, როგორც საქართველოშია. იმის ნაცვლად, რომ ჩვენი საქმიანობა გავაფართოოთ, მთავრობის ხუშტურების შესრულებას ვუნდებით. საერთოდ, მიკვირს, საქართველოში მცირე ბიზნესი როგორ არსებობს. ისიც გასაკვირია, ამ პირობებში სამუშაო ადგილების შექმნას როგორ აპირებენ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში ერთ-ერთი მეწარმე. ლეიბორისტი იოსებ შატბერაშვილიც მეწრამეების მსგავსად ამტკიცებს, რომ სალარო-აპარატების თვითღირებულება 40 აშშ დოლარია, მაგრამ სააკაშვილთან დაახლოებული სახელისუფლებო გარემოცვა "ჯიბეების გასასქელებლად და საარჩევნო კამპანიისათვის ბიუჯეტის შესავსებად" ახალ სალარო-აპარატებს მინიმუმ 300-400 ლარად გაყიდის. "დღესდღეობით მოქმედი აპარატების 80 პროცენტი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაა შემოტანილი და ახლა რატომ გახდა უვარიგისი, საკვირველია. მეწარმეებს ახალ აპარატებს იძულებით შეაძენინებენ", - განაცხადა შატბერაშვილმა. მას შემდეგ, რაც მთავრობამ სალარო-აპარატებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში ცვლილებები განახორციელა, ეს საკითხი დღის წესრიგიდნ არ მოხსნილა. აპარატების გაუქმებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიების ლიდერობით ბაზრისა და ბაზრობების მოვაჭრეები ფართომასშტაბიან გამოსვლებს მართავდნენ. ამ მიმართებით მთავრობამ მცირედით დათმო და მოვაჭრეები ამ ვალდებულებისაგან ცოტა ხნით გაათავისუფლა. მსხვილი და საშუალო ბიზნესი კი მძევლად დაიტოვა. ბიზნესმენები აპარატების წინააღმდეგები არ არიან, თუმცა ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობიდან მათ საქმეებში ჩარევა ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს. სალარო-აპარატების შემოღების შესახებ კანონში ცვლილებები აღრიცხვის ჟურნალის გაუქმებასთან ერთად განხორციელდა. საყურადღებოა, რომ ეს ცვლილებაც მთავრობის მიერ მეწარმეებზე "ზრუნვის" მიზნით განხორციელდა. კერძოდ, აღრიცხვის ჟურნალის გამოყენებამ და აღრიცხვის წესებისთვის დაკისრებულმა სანქციებმა გადასახადის გადამხდელებს მთელი რიგი პრობლემები შეუქმნა. რაც მთავარია ჟურნალებმა ვერ უზრუნველყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალური აღრიცხვა. ამიტომაც გადაწყდა სასაქონლო ჟურნალის გაუქმება და სალარო-აპარატების შემოღება. მეტისმეტი "ზრუნვისაგან" კი მეწარმეები უკვე სულს ღაფავენ
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |