|
|
"რეზონანსი "
ატომურ ელექტროსადგურებს თურქებიც ააშენებენ ქეთი ბერიკაშვილი
2015 წლისთვის თურქეთი სამ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს. 21 თებერვალს ქვეყანაში პირველი ატომური სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერის შესახებ განაცხადებენ. თურქეთის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ სამიდან პირველი სადგური ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ააგოს. ამას ეწინააღმდეგებიან თურქი ეკოდამცველები. ისინი ამბობენ, რომ ეს მიდამოები სეისმურად აქტიურ ზონას მიეკუთვნება და იქ რეაქტორის არსებობა უნდა გამოირიცხოს. თურქი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სამივე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 7-8 მილიარდი დოლარი დაჯდება. წინასწარი გათვლებით, სამივეს საერთო სიმძლავრე 5 ათასი მეგავატი იქნება. ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის სურვილი, თურქეთს, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ გაუჩინა. მთავრობა ამბობს, რომ მზარდი მოთხოვნილებისათვის არა მხოლოდ ერთი, არამედ სამი სადგურია აუცილებელი. 21 თებერვალს გამოცხადდება ტენდერის პირობები და ვადები თურქეთში პირველი ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. თურქეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ პირველი სადგური ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიმდებარედ, დასახლებულ პუნქტ აკუიუსთან აიგება. გამოცემა "ჰიურიეტის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური კომპანიებიც. 2007 წლის ნოემბერში თურქეთში ძალაში შევიდა კანონი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობისა და ექსპლოატაციის შესახებ. კანონის მიხედვით, ის კომპანიები, რომელთაც სადგურის მშენებლობა დაევალებათ, პასუხს აგებენ რადიაქტიური მასალების გადაზიდვაზე; ამასთანვე სადგურზე შესაძლო ავარიებზე თუკი ის კომპანიის ბრალი აღმოჩნდება. კანონის აღნიშნული პუნქტი შემუშავებულია 1960 წლით დათარიღებული, პარიზისა და სხვა საერთაშორისო კანონიური აქტების საფუძველზე. საგულისხმოა, რომ თურქეთის მთავრობა აკუიუში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ჯერ კიდევ 2000 წელს ცდილობდა. მაშინ ამ გეგმებზე თურქებმა თავადვე განაცხადეს უარი ფინანსური პრობლემებისა და ეკოდამცველთა პროტესტის გამო. თურქული გარემოსდამცავი ორგანიზაციები აცხადებდნენ და დღესაც აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სადგურის მშენებლობა ყოვლად დაუშვებელია, რადგანაც აკუიუ სეისმურად აქტიურ ზონას მიეკუთვნება. 2006 წელს მთავრობამ მოიწონა ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის ახალი პროექტი. ამ გეგმის მიხედვით, სადგური უნდა აშენებულიყო შავ ზღვასთან ახლოს მდებარე თურქულ სოფელში, სინოპში. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის, ჰილმი გიულერის განცხადებით, სინოპში ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი მიწის ლიცენზირებასთან დაკავშირებული საკითხები. გამოცემა "ჰიურიეტი" წერს, რომ თურქეთის მთავრობა სინოპში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას კვლავ აქტიურად განიხილავს და მის აგებას რამდენიმე წელიწადში დაიწყებს. ურბანულმა სამსახურმა დღემდე 947 ობიექტის ლეგალიზება მოახდინა (პირველი) თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურმა დღემდე 947 ობიექტის ლეგალიზება მოახდინა. ქონების ლეგალიზაციის კომისიის წევრის, თამარ ჭანტურიძის თქმით, ამ დროისთვის სამსახურში ქონების ლეგალიზაციასთან დაკავშირებული 300-ზე მეტი განაცხადია შესული და მათგან უარყოფითი პასუხი მხოლოდ 2%-ს გაეცა. როგორც ცნობილია, შარშან პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე ძალაში შევიდა ახალი ინიციატივა, რომელიც მიწისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების ლეგალიზაციას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონის მიხედვით, ყველა ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს შეუძლია, მოიპოვოს საკუთრების უფლება იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელსაც იგი რეალურად ფლობს, მაგრამ დოკუმენტურად მისი მესაკუთრე არ არის.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |