|
|
"რეზონანსი "
... და ან ცაზე ვარსკვლავები: "მაისთარი" ოფიციალურად გამოცხადდა და პირველი უჩვეულო საჩუქრებიც დაარიგა ლელა ოჩიაური
შეიძლება "ვალენტონობა" საქართველოში დიდი მასშტაბით არ აღინიშნება და საერთო-სახალხო დღესასწაულის "სტატუსი" ჯერ არ შეუძენია, მაგრამ "სიყვარულის დღეს" ბევრი ზეიმობს (ძირითადად ახალგაზრდები, რომლებიც 14 თებერვალს განსაკუთრებულად მიიჩნევენ) და ერთმანეთს "სასიყვარულო" საჩუქრებს უძღვნიან. ცოტა ხნის წინ ტრადიციულ, "თემატურ" თუ "მიზნობრივ" საჩუქრებს კიდევ ერთი უჩვეულო, არაორდინარული შეემატა, ოღონდ არა მატერიალური, არამედ რომანტიკული - ვარსკვლავი. "რეზონანსი" უკვე იუწყებოდა იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ დააფუძნა შოთა ბეზარაშვილმა ფირმა "მაისთარი" და რას ისახავს "სახელობითი" ვარსკვლავის საქართველოში გამოჩენა მიზნად. ამჯერად ფირმის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიუმში, მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე მფლობელი იქვე კიდევ სამ ვარსკვლავს გამოუჩნდა. "მაისთარი" შოთა ბეზარაშვილმა (რომელიც მანამდე ბევრს აკადემიკოსი ეგონა. გამორიცხული არაა, იგი ოდესმე ასეთად იქცეს, თუმცა ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ისიც უნდა ითქვას, რომ "მაისთარს" მეცნიერებასთან უშუალო კავშირი არა აქვს) წარადგინა. შოთა ბეზარაშვილი: "ვფიქრობ, რომ ვარსკვლავების ჩუქება უნდა ხდებოდეს ვალენტინობას, სიყვარულის დღეებში, დაბადების დღეებზე. საქორწილო საჩუქარიც მშვენიერი გამოვა. ახლობელ ადამიანს ყოველთვის ვერცხლის კოვზებსა და ჭიქებს ხომ ვერ აჩუქებ, არა.! შეიძლება, ერთმა ორგანიზაციამ მეორეს აჩუქოს, ადამიანების ერთმა ჯგუფმა - მეორეს და ერთმა პიროვნებამ - რომელიმე ფირმას. შეზღუდვა არანაირი არაა. ეს შეუძლია გააკეთოს ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც საშუალება აქვს და არ უნდა, დიდად დაიტანჯოს საჩუქრაზე ფიქრით. ასეთი ვარსკვლავი ძალიან ბევრ ცნობილ სახეს აქვს, თითქმის ყველას - ესტრადის ვარსკვლავებს, მსახიობებს, პოლიტიკოსებს, სპორტსმენებს; ამერიკაში - ბეისბოლის (როგორც სპორტის ნაციონალური სახეობის) ძალიან ბევრ მოთამაშეს. ესაა სიმბოლური საჩუქარი - ადამიანის მიმართ პატივისცემის გამოხატულება. ვარსკვლავის შერჩევა ადამიანს ჰოროსკოპის მიხედვითაც შეეძლება, ანუ დაბადების თარიღთან დაკავშირებით. კოორდინატები შეირჩევა იქ, სადაც მისი თანავარსკვლავედია განთავსებული." შოთა ბეზარაშვილის თქმით, მართალია, მან ადრეც იცოდა, რომ მსოფლიოში, ევროპასა და ამერიკაში, არსებობს ვარსკვლავის ჩუქების პრაქტიკა, რის შედეგადაც ესა თუ ის ვარსკვლავი ვინმეს "მფლობელობაში" გადადის, ანუ მისი "სახელობის" ხდება, მაგრამ ამ პრაქტიკის საქართველოში დანერგვის იდეა ორ წლის წინ რუსთავი 2-ის ეთერში ნანახი სიუჟეტის შემდეგ გაუჩნდა. სწორედ ეს სიუჟეტი და შემდეგ უკვე სიუჟეტი (ასევე მომზადებული რუსთავი 2-ის მიერ) "მაისთარის" შესახებ აჩვენეს ეროვნულ მუზეუმში შეკრებილ საზოგადოებას (სხვადასხვა ასაკის - ახალგაზრდებიდან ხანდაზმულებამდე); შოთა ბეზარაშვილმა წარმოადგინა სერტიფიკატის ნიმუში, რომელიც მფლობელის ვინაობას ადასტურებს და სადაც ვარსკვლავის კოორდინატებია დაფიქსირებული. შემდეგ შოთა ბეზარაშვილმა, "მაისთარის" სახელით, ვარსკვლავებით ორი ორგანიზაცია დაასაჩუქრა - ეროვნული მუზეუმი და ტელეკომპანია - რუსთავი 2; შემდეგ კი სახელდახელო აუქციონი გამართა, სადაც გასაყიდად გამოტანილი ვარსკვლავის ფასი - 10 დოლარი იყო. ვაჭრობამ დაძაბულად და აზარტულად ჩაიარა და ბოლოს 200 დოლარზე შეჩერდა. ასე რომ, ახალგაზრდამ, რომელმაც ის მეგობარი გოგონასთვის შეიძინა, 99 დოლარი "დაზოგა", ვინაიდან ვარსკვლავი 299 დოლარის ეკვივალენტი ლარებში ღირს. (ისე, უნდა ითქვას, რომ ვარსკვლავი საერთაშორისო ბაზარზე, ევროპა-ამერიკაში 299 დოლარზე გაცილებით ძვირია). შოთა ბეზარაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ვარსკვლავის შეძენის მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ან ფირმაში ეწვიონ. ანკეტა შეიძლება ტელეფონზე დარეკვითაც შეივსოს. შემდეგ მოხდება ბანკში ფირმის ანგარიშზე თანხის შეტანა და ორ დღეში სერტიფიკატს დამკვეთს გაუგზავნიან, ან მას შეეძლება საჩუქრის თვითონ წაღება ან, თუ სურვილი ექნება, "მაისთარი" პირდაპირ იმ ადამიანს გადასცემს, ვისაც საჩუქარი ეძღვნება. "მაისთარი" ანალოგიური საერთაშორისო ორგანიზაციიდან კოორდინატებს იღებს, ხოლო "პროდუქტს" კი თავად "აწარმოებს". ყველა ვარსკვლავის კოორდინატი სერტიფიკატში (რომელიც ინგლისურ ენაზეა, ვინაიდან საერთაშორისოა) ფიქსირდება. ამ მონაცემების მიხედვით კი, მფლობელებს საკუთარი ვარსკვლავების პოვნა მათი კოორდინატების ტელესკოპში შეყვანით შეეძლებათ. თუმცა, როგორც შოთა ბეზარაშვილი ამბობს, ვარსკვლავი მატერიალურ კუთვნილებას არ წარმოადგენს, მხოლოდ ვინმეს სახელს ატარებს. ისევე, როგორც ქუჩა, რომელიც, ცხადია, მას არ ეკუთვნის, ვისი სახელობისაცაა. მართალია, შოთა ბეზარაშვილი აკადემიკოსი "არ აღმოჩნდა" (ვერც იქნებოდა, ვინაიდან 20 წლისაა) მაგრამ საღამოს აკადემიკოსის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. სიტყვა ასტროფიზიკოსმა, ჯუმბერ ლომინაძემ ითხოვა, მან მოკლედ ისაუბრა "მაისთარის" შესახებ და გამოთქვა შენიშვნა, წარმოდგენილ სიუჟეტში ასტროლოგის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომელიც ამტკიცებდა, რომ ვარსკვლავები პლანეტები არაა და მათ არ შეუძლიათ ადამიანის ბედზე გავლენა მოახდინონ. აკადემიკოსის თქმით, ვარსკვლავები მცირე პლანეტებია, რომელთაგან ზოგიერთ მათგანს კულტურისა და საზოგადოების ქართველი მოღვაწეების სახელებიც ჰქვია და მაგალითად მოიყვანა თავისი კოლეგა - რიჰარდ ვესტის მიერ აღმოჩენილი ვარსკვლავი (მრავალთაგან ერთი), რომელსაც მეცნიერმა გორგასალის სახელი უწოდა. ბოლოს ჯუმბერ ლომინაძემ საზოგადოება "დაამშვიდა", რომ ვარსკვლავი უთვალავია, ასე რომ არამხოლოდ დამსწრეთ, არამედ ყველას ეყოფა, ვინც კი მათი შეძენის სურვილს გამოთქვამს. პრეზენტაციის ბოლოს, შოთა ბეზარაშვილმა ყველა "მაისთარის" საპატივცემულოდ გამართულ ფურშეტზე მიიწვია, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა - შამპანურის (რომლითაც ახალ ფირმასა და პროექტს გზა დაულოცეს) ჭიქებში პატარა ვარსკვლავები იყო მოთავსებული, როგორც სამახსოვრო სიმბოლო და იმპულსი, ცაზე საკუთარი ვარსკვლავის შესაძენად. ფიროსმანი საფრანგეთში მიემგზავრება, პიკასო საქართველოში ჩამოდის
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |