"რეზონანსი "
# 40
ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2008 წელი

საქართველომ და საფრანგეთმა სამუზეუმო ექსპონატებით დროებით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს

ლელა ოჩიაური

საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საფრანგეთის იონის მხარის დეპარტამენტს შორის სამუზეუმო ექსპონატების დროებით სარგებლობის შესახებ, რომლის მიხედვით, 2008 წლის 31 აგვისტოდან 11 ნოემბრამდე საფრანგეთში, ქალაქ ვეზელის "ზერვოსის" მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა (ალბათ, ის ისეთივე ზემოქმედებას მოახდენს ფრანგ დამთვალიერებელზე, როგორც 1968 წელს, როდესაც "ლუვრში" პირველად გამოიფინა).

პროექტის ფარგლებში, 2009 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ახლადგარემონტებულ და უახლესი სტანტარტებით აღჭურვილ სიღნაღის მუზეუმში) პაბლო პიკასოს ნამუშევრების (გრავიურების) გამოფენის მოწყობაც იგეგმება. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და იონის გენერალური საბჭოს პრეზიდენტმა სენატორმა ანრი დე რენკურმა.

აღნიშნულ პროექტზე სამუშაოდ იონის მხარიდან საქართველოს 15-კაციანი დელეგაცია ესტუმრა, მათ შორის იონის დეპარტამენტის გენერალური საბჭოს კულტურის მდივანი დანიელ პერუა.

გადაწყვეტილია, რომ ეს არ იქნება მხოლოდ მშრალი ექსპოზიცია, არამედ პროექტი ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროგრამებსაც, რომელიც ფრანგებს ქართულ კულტურას გააცნობს.

როგორც ეროვნული მუზეუმი გვაუწყებს, საფრანგეთში ფიროსმანის 17 ცნობილი და საუკეთესო ნამუშევარი (რომლებიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციას წარმოადგენს) გამოიფინება: "დათვი მთვარიან ღამეში", "ლუდხანა ზაქათალა", "ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან", "კახეთის მატარებელი", "აქტრისა მარგარიტა", "ჟირაფი", "შეთე გზას უჩვენებს ბარიატინსკის", "ხილის გამყიდველი თათარი" ("ხილის დუქანი"), აბრა "რასპივოჩნო ი ნა ვთნოსტქ", "თეთრი ღორი გოჭებით", "მეეზოვე", "უშვილო მილიონერი და ღარიბი შვილებით", "რუსეთ-იაპონიის ომი", "მარანი ტყეში" და "ბოლნისის წმინდა გიორგის დღეობა."

პიკასოს ის ნამუშევრები, რომლებიც საქართველოში ჩამოვა, "ზერვოსის" მუზეუმის კუთვნილებაა. ეს მუზეუმი ფრანგი მწერლის, რომენ როლანის სახლშია განთავსებული და იქ, პიკასოს გარდა დაცულია კალდერის, ჯაკომეტის, ერნსტის, ჰელიონის, მიროს, კანდინსკისა და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები.

მუზეუმის დამფუძნებელია ცნობილი ფრანგი გამომცემელი და ხელოვნებათმცოდნე ქრისტიან ზერვოსი, რომელმაც პარიზის ცენტრში გამომცემლობა დააარსა, რომელიც მოგვიანებით გალერეად გადაკეთდა. მან პირადი კოლექცია ქალაქ ვეზელს უანდერძა.

ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საფრანგეთის იონის მხარის დეპარტამენტს შორის და ურთიერთთანამშრომლობის უახლოესი გეგმები წარმოადგენს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს 2007 წლის მეტად წარმატებული პროექტის (რომლებიც საქართველოს ეროვნული მუზეუმი აქტიურად მონაწილეობდა "ოქრომრავალი კოლხეთის" საგანძურით) ერთგვარ გაგრძელებას, რაც ორ - საქართველო-საფრანგეთს (თუ სხვა არაერთ) - ქვეყანას შორის კულტურათა გაცვლისა და მსოფლიოში ქართული კულტურის (შესაბამისად, საქართველოს) პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ფინანსთა სამინისტრო ლეიბორისტების განცხადებას ეხმაურება

(ინტერპრესნიუსი) 2010 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებულ პირთა შრომას არ იყენებენ და ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე განლაგებულ არასტაციონალური სავაჭრო ადგილებიდან ვაჭრობენ, მათ შორის, დახლებიდან.

აღნიშნული განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო სამშაბათს ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელთა განცხადებას ეხმაურება.

"გადამხდელთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, დაშვებულ იქნა ერთწლიანი ვადა იმისათვის, რათა მსხვილი სავაჭრო ობიექტების მფლობელებს საშუალება ჰქონდეთ დაჯარიმების გარეშე, ეტაპობრივად ამოიღონ ხმარებიდან რესტრიდან ამოღებული სალარო აპარატები. იმ ობიექტების მესაკუთრეებს, რომლებიც სალარო აპარატების შეძენას ამჟამად აპირებენ, ფინანსთა სამინისტრო რეკომენდაციით მიმართავს, აღარ იყიდონ ისეთი ტიპის სალარო აპარატები. ამასთან, 2008 წლის განმავლობაში პრობლემები არ შეექმნებათ იმ მეწარმეებს, რომლებიც ამგვარი ტიპის სალარო აპარატებით სარგებლობენ," - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც ლეიბორისტული პარტიის ლიდერებმა იოსებ შატბერაშვილმა და პაატა ჯიბლაძემ განაცხადეს, ფინასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 38000 ბრძანებულებით, საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრიდან 17 დასახელების და მოდელის სალარო აპარატია ამოსაღები, რომლის ნაცვლად მცირე თუ საშუალო მეწარმემ ახალი აპარატები უნდა შეიძინოს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com