"რეზონანსი "
# 40
ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2008 წელი

რა შემოუთვალა ოქრუაშვილმა პარიზიდან სააკაშვილს: "იგი ყველა წესს და პროცედურას მაქსიმალურად იცავს, რომ არავითარი ხელოვნური გართულებები არ შეიქმნას"

ნინო მიქიაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი ეროვნულ საბჭოში შემავალ პოლიტიკოსებს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საკუთარ ამბიციებზე მაღლა დგომას ურჩევს, ხოლო თავად მიხეილ სააკაშვილს - მასთან ბრძოლის მეორე რაუნდისთვის მომზადებას.

ამის შესახებ "რეზონანსს" პოლიტიკური მოძრაობა "ერთიანი საქართველოს" წევრმა და ოქრუაშვილის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ განუცხადა. იგი გია თორთლაძესთან და გია ცაგარეიშვილთან ერთად პარიზიდან თბილისში გუშინ დაბრუნდა.

"რეზონანსი": როგორ არის ირაკლი ოქრუაშვილი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ეკა ბესელია: იგი ჯანმრთელადაა და მზად არის აქტიური პოლიტიკური საქმიანობის გასაგრძელებლად.

"რ": როგორ, რა ფორმით გაარძელებს პოლიტიკურ საქმიანობას.

ე.ბ: მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მას საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება ეკრძალება და საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა არ აქვს, იგი შეზღუდული შესაძლებლობით, თავისი რესურსით პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთვება. ის არის პოლიტიკური მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი და ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ეს ორგანიზაცია მიიღებს, მასთან შეთანხმებული იქნება. ახლა ჩვენ პარტიული მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავდივართ.

"რ": რაში გამოიხატება განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლა.

ე.ბ: ყველა რეგიონში პარტიული სტრუქტურული ორგანიზაციები შეიქმნება. მოგეხსენებათ, პოლიტიკური მოძრაობა ახალი დაფუძნებულია. ამიტომ მისთვის პრიორიტეტია პარტიული საქმიანობის გაძლიერება და რეგიონალური წარმომადგენლობების შექმნა. ჩვენი საუბრის ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ ამას ეხებოდა; უახლოეს დღეებში რეგიონებში ჩვენი პარტიული ორგანიზაციების შექმნას დავიწყებთ.

ბატონი ირაკლი ამბობს, რომ ყველა ძალა უნდა იქნა მობილიზებული გაერთიანებული ოპოზიციის მიერ სააკაშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. ასევე, მისი განაკუთრებული შეხედულება გახლავთ ის, რომ გართიანებულ ოპოზიციაში შემავალ ნებისმიერ ძალას აკისრია ვალდებულება დადგეს საკუთარ ამბიციებზე მაღლა და ერთიანი ძალით მოხდეს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. თუ ვინმეს მის შესაძლებლობებთან დაკავშირებით განსაკუთრებული ილუზიები გააჩნია (ახლა მის სიტყვებს გიკითხავთ) და ამით საფრთხეს შეუქმნის ერთიანობას, უნდა გააცნობიეროს მისი პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი და საკუთარი ხალხისადმი.

ამასთან, ის მიმართავს სააკაშვილს, მოემზადოს მასთან ბრძოლის მეორე რაუნდისათვის. ჩვენ ვთვლით, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს.

"რ": არის ერთიანობის რღვევის საფრთხე შიგნიდან და ამიტომ უსვამთ ხაზს ერთიანობის შენარჩუნებას.

ე.ბ: რღვევის საფრთხე ნამდვილად არ არსებობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ხელისუფლება თავისი მანიპულაციებით ცდილობს იმის ილუზია შექმნას, თითქოს ეს ერთიანობა მყარი არ არის და ამისთვის რაღაც პატარა მაპროვოცირებელ გარემოებებს ქმნის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, საერთო სახალხო მოძრაობაში გაერთიანებულ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, ქვეყნის ინტერესების და პრიორიტეტების გათვალისწინებით, ერთიანობის შესანარჩუნებლად ნამდვილად ექნება საკუთარ ინტერესებზე მაღლა დგომის ძალა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ხალხის მოთხოვნა.

"რ": ესაუბრეთ თუ არა ოქრუაშვილს კოკა გუნცაძის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ის თქვენი პოლიტიკური ორგანიზაციიდან მიდის.

ე.ბ: ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვისაუბრია. ამასთან დაკავშირებით მე ახლა კომენტარს არ გავაკეთებ.

"რ": მიიღებს თუ არა მონაწილეობას ირაკლი ოქრუაშვილი საპარლამენტო არჩევნებში.

ე.ბ: უპირველესად, აუცილებელია საპარლამენტო არჩევნების ნორმალურად ჩატარებისთვის წინაპირობის შექმნა. მინიმალური გარანტიები მაინც უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ამ არჩევნების ჩატარებას აზრი მიეცეს. ასეთ შემთხვევაში გადავწყვეტთ, რომ მივდივართ ერთიანი სიით (იმედია ასე იქნება) და ამ შემთხვევაში ბატონი ირაკლის არჩევნებში მონაწილეობა გამორიცხული არ არის.

თუმცა ამის თაობაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით გავახმოვანებთ; სამართლებრივ ბაზას გადავხედავთ. მიუხედავად ბრალდებულის სტატუსისა, საქართველოს კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსი მას არჩევნებში მონაწილეობას არ უკრძალავს.

"რ": თუ შეუნიშნავს, რომ მას პარიზში უთვალთვალებენ.

ე.ბ: ამას დადასტურებით არ ამბობს, მაგრამ კონტროლის ქვეშ ყოფნას არ გამორიცხავს.

"რ": მხოლოდ პარიზში შეუძლია მოძრაობა, თუ საფრანგეთის ნებისმიერ ქალაქში.

ე.ბ: მან ქალაქი არ უნდა დატოვოს. კვირაში ორჯერ თავისი ხელმოწერით ადასტურებს, რომ ქალაქში, იმ ოჯახში იმყოფება, რომელზეც სასამართლოშია მითითებული. ყველა წესს და პროცედურას მაქსიმალურად იცავს, რომ არავითარი ხელოვნური გართულებები არ შეიქმნას - როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურად აქტიურობის თაობაზე განცხადებას აკეთებს, ბუნებრივია, ეს ავტომატურად იწვევს ხელისუფლების გაღიზიანებას და რეპრესიული რეჟიმის გაძლიერებას. ის არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების მხრიდან გარკვეული მოქმედებები დაიწყება.

"რ": რა ტიპის მოქმედებებს ელოდება ხელისუფლების მხრიდან მისი აქტიურობის საპასუხოდ.

ე.ბ: ყველა დაუშვებელ მეთოდს, დაწყებული იმით, რომ ცდილობენ დააჩქარონ სასამართლოში მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლებრივი საქმეების განხილვა; თუმცა ექსტრადიციისა და თავშესაფრის საკითხის გადაწყვეტამდე, ამას საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს. ამის მიუხედავად, ის სხვა ტიპის პროვოკაციებსაც არ გამორიცხავს. ბუნებრივია, ის ასეთი საფრთხის არსებობას მუდმივად გრძნობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნეიტრალურ მდგომარეობაში დარჩენას არ აპირებს.

"რ": მასთან ერთად არის ოჯახი.

ე.ბ: ახლა ოჯახი არის პარიზში, თუმცა, დროებით.

"რ": საინტერესოა, რას ფიქრობს მისი შესაძლო ექსტრადირების საკითხზე. გარკვეულ ადამიანთა მოსაზრებით, საქართველოს მთავრობისთვის ოქრუაშვილის საპარლამენტო არჩევნებამდე ექსტრადირება ხელსაყრელი არ არის.

ე.ბ: ამაზე ნაკლებად ნერვიულობს. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის პოლიტიკური საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ ეს აზრი ლოგიკურად საფუძველს მოკლებული არ არის, საქართველოს მთავრობა ექსტრადირებას ითხოვს; მათ აყვანილი ჰყავთ საკმაოდ ძვირადღირებული ადვოკატი - ბატონი კეჟმანი, რომელსაც საქართველოს ბიუჯეტი საკმაოდ სოლიდურ თანხას უხდის. ალბათ გახსოვთ გენერალური პროკურორის განცხადებაც - დარწმუნებულები ვართ, ექსტრადირება მოხდებაო.

"რ": თავად ირაკლი ოქრუაშვილი რაშია დარწმუნებული.

ე.ბ: თვითონ არ გამორიცხავს, რომ ეს ინტერესი საქართველოს ხელისუფლებას აქვს, მიუხედავად იმისა, ეს ლოგიკურია თუ არა.

"რ": რას ფიქრობთ ბადრი პატარკაციშვილის დაღუპვის შესახებ.

ე.ბ: პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესახებ საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა - გაკეთდა განცხადებები, რომ ხელისუფლება პატარკაციშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა. ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა; თავად ბატონი პატარკაციშვილიც აკეთებდა ამგვარ განცხადებებს. ამიტომ ამ საქმეზე ბრიტანელმა სამართალდამცავებმა ობიექტური გამოძიება უნდა ჩაატარონ. მე ვფიქრობ, ასეც მოხდება.

ასევე უნდა ჩატარდეს სასამართლო სამედიცინო გამოკვლევა, სიკვდილის მიზეზი უნდა დადგინდეს და ამის შემდეგ შეიძლება კვალიფიკაცია მიეცეს ამ ფაქტს. თუმცა, მორალურ პასუხისმგებლობას ხელისუფლება ვერასდროს მოიხსნის, თუ იურიდიულსაც არა, იმის გამო, რაც პატარკაციშილის წინააღმდეგ ხდებოდა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com