"რეზონანსი "
# 40
ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2008 წელი

ლუგოვოი: ერთი კვირის წინ ბადრის ტელეფონით ვესაუბრე: მოსკოვში პატარკაციშვილის მოულოდნელ გარდაცვალებას არაერთგვაროვნად შეხვდნენ

დავით ახვლედიანი

ლონდონში, საკუთარ სახლში, ბადრი პატარკაციშვილის გაურკვეველ გარემოებებში გარდაცვალება რუსული ელექტრონული მედიისა და რუსი პოლიტიკოსების განსჯის საგანი გახდა. ეს გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი ერთ-ერთ იმ ფიგურათაგანია, რომელსაც პირდაპირ თუ ირიბად 1990-იანი წლების რუსეთის პოლიტიკის მართვაში გარკვეული წვლილიც მიუძღვის. გარდა ამისა, პატარკაციშვილმა თავისი მრავალმილიონიანი კაპიტალი სწორედ რუსეთში დააგროვა.

სააგენტო "ინტერფაქსის"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის საგრაფო სურეის პოლიციის პრესსამსახურის წარმომადგენლის, სარა ბეილის განცხადებით, პატარკაციშვილის ნაადრევი სიკვდილი ეჭვებს იწვევს, ამიტომ მისი მიზეზების დადგენას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა შეუდგება. "ინტერფაქსის" ცნობით, ბიზნესმენის თანამოაზრები დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებასაც მოითხოვენ.

სააგენტო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებისას მესამე ადგილზე გავიდა, თუმცა მას მერე, რაც მას საპრეზიდენტო ხელშეუხებლობის იმუნიტეტის ვადა გაუვიდა, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მასზე სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო წყობილების დამხობის მცდელობის ბრალდებით აღძრა. ამიტომ ამ ბრალდების წაყენების მერე ის საქართველოში აღარც დაბრუნებულა.

"ინტერფაქსის" ცნობით, პატარკაციშვილი ყოველთვის უარყოფდა კრემლთან თანამშრომლობის ბრალდებას, მეტიც, ის ყოველთვის მიუთითებდა იმ გარემოებაზე რომ მას რუსეთის ძალოვნები, როგორც დამნაშავეს, ისე სდევნიდნენ.

90-ანი წლების დასაწყისში ის ერთ-ერთი იმათთაგანი იყო, ვინც რუსეთის ტელეარხების "ორტ"-სა და "ტვ-6"-ის მაუწყებლობის პოლიტიკას წყვეტდა. ეს ის დროა, როცა მან ბორის ბერეზოვსკისთან თანამშრომლობა დაიწყო.

2001 წელს ის ორ ხმაურიან საქმეში ფიგურირებდა: რუსეთის გენპროკურატურამ 2001 წლის ივნისში პატარკაციშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას ბრალად ედებოდა კომპანია "აეროფლოტის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, ნიკოლაი გლუშკოვისთვის გაქცევაში ხელის შეწყობა და 1994-1995 წლებში "ავტოვაზის" მანქანების დატაცებაში მონაწილეობა.

შედეგად, 2002 წლის ოქტომბერში მოსკოვის სასამართლომ პატარკაციშვილის დაპატიმრების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო "უტრო რუს" ინფორმაციით, პატარკაციშვილი სხვა პირების მეშვეობით მართავდა საინვესტიციო ფონდ "ბერი დისქოვერდ ფართნერსის" აქციებს. ეს ფონდი კორპორაცია "ჯორჯიან გლას ენდ მინერალ ვოთერსის" ერთ-ერთი მთავარი მეწილეა. ასევე, ეს ფონდი საქართველოში ფლობს საკონდიტრო და რძის ნაწარმის ფაბრიკებს.

სააგენტო "რეგნუმთან" საუბარში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქცია "ედინაია რასიას" წევრის, ალექსანდრ ხინშტეინის მტკიცებით, ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილით ყველაზე მეტად ბორის ბერეზოვსკი იყო დაინტერესებული. დეპუტატის თქმით, მას არ სჯერა, რომ "პატარკაციშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა".

ხინშტეინის ინფორმაციით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში პატარკაციშვილსა და ბერეზოვსკის შორის კონფლიქტი მწვავდებოდა და ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც "აღარ სურდა თავის ბიზნესპარტნიორის არაჯანსაღი პოლიტიკური ამბიციებით დამძიმება", ერთობლივ ბიზნესში ბერეზოვსკის წილების გამოსყიდვას ცდილობდა.

დეპუტატის განმარტებით, ბერეზოვსკი ხშირად ადანაშაულებდა პატარკაციშვილს რუსეთის სპეცსამსახურების დავალების შესრულებასა და რუსეთის ინტერესების განხორციელებაში.

"რეგნუმთან" საუბარში რუსეთის სათათბიროს დეპუტატი ვლადიმირ ნიკიტინი აცხადებს: "არაფერია გასაკვირი, როცა საჭირო მომენტში ასეთი ადამიანი კვდება". ამასთან, რუსი დეპუტატი პატარკაციშვილის სიკვდილის შესახებ კომენტარის დროს სააგენტოსთან იყენებს ფრაზებს - "არაფერი შემთხვევით არ ხდება", "რა არის გასაკვირი, ახლა მიმდინარეობს ბრძოლა მსოფლიო ბატონობისთვის", "გასაგებია, რომ ვიღაცას შეიძლება აწყობდა პატარკაციშვილის სიკვდილი".

რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლეონიდ სლუცკის აზრით, პატარკაციშვილის სიკვდილი ტერაქტის შედეგი არ არის.

"სიკვდილი არავის ეკითხება, თუ როდის ეწვევა. არ მგონია, რომ რაიმე მოხდა, ან ბიზნესმენის სიკვდილი ტერაქტს უკავშირდება. თუ ამ საქმით დაკავებულია პოლიცია, მიმაჩნია, რომ ის უზრუნველყოფს ობიექტურ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას, რის შემდეგაც შეიძლება ვიმსჯელოთ გარდაცვალების მიზეზებზე", - განაცხადა სლუცკიმ.

სააგენტო "რია ნოვოსტისთან" ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და ბადრი პატარკაციშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ანდრეი ლუგოვოიც საუბრობს. ის პატარკაციშვილის სიკვდილს საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.

"ბადრის სიკვდილი დიდწილად უკავშირდება იმ მოვლენებს, რაც საქართველოში ორი თვის წინ მოხდა. იგი იყო თავისი ქვეყნის პატრიოტი. საქართველო მას სიცოცხლეზე მეტად უყვარდა, ერთი კვირის წინ ბადრის ტელეფონით ვესაუბრე, ამ ტრაგედიაზე არაფერი მიანიშნებდა", - განაცხადა ანდრეი ლუგოვოიმ.

სააგენტო "ინტერპერსნიუსთან" საუბარში "ეხო მოსკვის" ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ყურადღებას ტელეკომპანია "იმედის" მომავალზე ამახვილებს, რომლის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა.

"ვის მიყიდა ტელეკომპანია და რომელ ოპოზიციურ პარტიას აფინანსებდა პატარკაციშვილი, ეს არის საინტერესო და ეს ახლა გამოჩნდება", - აღნიშნა განაპოლსკიმ



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com