"რეზონანსი "
# 40
ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2008 წელი

"ახლები" მათ ზურგს უკან მიმდინარე მოლაპარაკებებს აპროტესტებენ: ცესკოს თავმჯდომარედ ხელისუფლება და ოპოზიცია, შესაძლოა, ხმალაძის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ

რუსიკო მაჩაიძე

17 საკითხიდან ხელისუფლება 15-ს შეასრულებს და ამასთან, შესრულების პირობას წერილობით დააფიქსირებს. ოპოზიციის მთოხოვნებიდან ხელისუფლება მხოლოდ ვანო მერაბიშვილის გადაყენებას და საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტინების გადათვლას არ თანხმდება. კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარედ ვახტანგ ხმალაძის დანიშვნაზეც უკვე შეთანხმდნენ. თუმცა ამ გადაწყვეტილების შესახებ, ისევე როგორც დიალოგის ახალ რეჟიმზე გადასვლაზე, "ახლებმა" და "მრეწველებმა" მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შეიტყვეს.

ის ფაქტი, რომ დიალოგი ახალ რეჟიმში გადავიდოდა და ხელისუფლება მემორანდუმის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას წერილობითი ფორმით დააფიქსირებდა, უკვე ცნობილია და ამის შესახებ საგანგებო განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ორი დღის წინ სესიაზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მემორანდუმის მიხედვით, ოპოზიცია ითხოვს განხორციელდეს კონსტიტუციური ცვლილება, რომლის თანახმადაც ახლადარჩეულ პარლამენტს წარედგინება მთავრობის ახალი შემადგენლობა, გამოძიებულ იქნას 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმისა და ზეწოლის ფაქტები, გადაყენებულ იქნას შს მინისტრი, გენერალური პროკურორი და პოლიტიკური პოლიციის ქვედანაყოფები, შეიქმნას სამართალდამცავი ორგანოების მონიტორინგის სისტემა.

ასევე, პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტდეს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რეალურად ამოქმედდეს კერძო ტელევიზიებზე მონიტორინგის სისტემა, აღდგეს საჯარო დაწესებულების, სასამართლოს სხდომების საჯარო და მედიის დასწრების თავისუფლება. პარლამენტის არჩევნები დაინიშნოს მოქმედი პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, სრული პარიტეტის პრინციპით დაკომპლექტდეს ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია, ცესკოს თავმჯდომარე დაინიშნოს მხარეებს შორის შეთანხმებით, შემუშავებულ იქნას საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქცია, სადაც გათვალისწინებული იქნება წინასწარი გამოკითხვების გამოქვეყნების და დარღვევების გასაჩივრების ეფექტური მექანიზმები.

როგორც ცნობილია, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი მემორანდუმის მონახაზი უკვე არსებობს და, სავარაუდოდ, დღეს უკვე გაცხადდება. ამასთან, როგორც ლევან ბეჟაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, შეთანხმება მიღწეულია მემორანდუმის უკვე ყველა საკითხზე, გარდა შსს მინისტრის გადადგომის და 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ხელახალ დათვლაზე.

კერძოდ, უკვე შეთანხმდნენ, რომ აუცილებლად გახდება ხელმისაწვდომი არჩევნების დროს გამოყენებული ვიდეოთვალის მასალები, განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილებები, შეიქმნება შსს უწყებებზე მონიტორინგის სისტემა და ა.შ.

რაც შეეხება ცესკო-ს თავმჯდომარეს, როგორც ცნობილი გახდა, ლევან თარხნიშვილი თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია ახალ კანდიდატურაზე შეთანხმდებიან. ოპოზიციის მხრიდან კი, შეთავაზება ვახტანგ ხმალაძესთან დაკავშირებით არსებობს და, როგორც ამბობენ, შესაძლოა, ხელისუფლება და ოპოზიცია ვახტანგ ხმალაძის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ.

ამ საკითხზე უმრავლესობის მხრიდან ოფიციალურად არანაირი კომენტარი არ კეთდება. თუმცა, პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ ასეთი შეთანხმება ნამდვილად არსებობს.

თუმცა საინტერესოა, რომ ამ შეთანხმებას ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები უარყოფენ. როგორც კახა კუკავა აცხადებს, ასეთი შეთანხმება არ მომხდარა, მაგრამ აცხადებს, რომ ვახტანგ ხმალაძის კანდიდატურა ოპოზიციისთვის ნამდვილად მისაღებია. ვინაიდან, მისი თქმით, "ეს ადამიანი პოლიტიკურად ნამდვილად მიუკერძოებელია და, რაც მთავარია, იგი იქნება ძალიან კარგი და სამართლიანი არბიტრი. ეს ორი ფაქტორი კი, ცხადია, გადამწყვეტი უნდა იყოს."

ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კი ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა, რომლებიც დიალოგში არიან ჩართულნი, არაფერი იციან.

"ცესკოს თავმჯდომარის შესაძლო კანდიდატურის თემა იყო ერთ-ერთი მსჯელობის თემა მემორანდუმის საკითხებიდან. ბუნებრივია, მოლაპარაკებები ჩიხში რომ არ შესულიყო და რომ არ გადასულიყო რაღაც "საიდუმლო სერობებში", ამ საკითხამდეც მივიდოდით და განვიხილავდით იმ კანდიდატურებს, ვინც დასახელდებოდა.

"არ ვიცი, როდის და ვის მიერ დასახელდა ბატონი ვახტანგ ხმალაძის კანდიდატურა. ჩვენ მასთან დაკავშირებით პარტიის შიგნითაც კი არ გვიმსჯელია, არათუ იმ ფორმატში, რასაც დიალოგი ჰქვია. ისე, როგორც სხვა კანდიდატურებს, მასაც აქვს უფლება, რომ განხილვის საგნად იქცეს, მაგრამ დღესდღეობით, როდესაც თქვენგან მესმის, როგორც კანდიდატურის არსებობა, ბუნებრივია, ჩვენ ვერანაირი კომენტარი ვერ გვექნება. ჯერ ოფიციალურად გაჟღერდეს ამ კანდიდატურის შესახებ, თუ ვის ეკუთვნის, რადგან შეიძლება ბევრს აწყობდეს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის იდეის ავტორი და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ," - აცხადებს "ახლების" წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე.

ეს საკითხი, წესით, მემორანდუმში უკვე უნდა იყოს ასახული. თუმცა, როგორც უმრავლესობის წარმომადგენელები აცხადებენ, ხელისუფლების პასუხი მემორანდუმში ასახული იქნება.

"ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, თუ რომელი საკითხის შესრულებისთვის ვართ მზად. ამის შემდეგ კი უნდა გაიმართოს დიალოგი და მოხდეს შეთანხმება, თუ თითოეული მათგანი როგორ უნდა შესრულდეს," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

მისი თქმით, დღეს ოპოზიციას ეს მემორანდუმი უკვე გადაეცემა, თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხელისუფლება დიალოგში მონაწილე "ახლებთან" და "მრეწველებთან" არანაირ მოლაპარაკებას და არანაირ შეთანხმებას არ აწარმოებს.

"მას შემდეგ, რაც მემორანდუმთან დაკავშირებით დაიწყო დიალოგი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, გაიმართა ორი შეხვედრა და კიდევ სამუშაო ჯგუფების ორი შეხვედრა საარჩევნო კოდექსთან და რეგიონალურ პროპორციულ სიებთან დაკავშირებით. არც ერთ საკითხან დაკავშირებით ხელისუფლების საბოლოო პოზიცია არ დაფიქსირებულა.

"ამის შემდეგ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს და ხელისუფლებას შორის რაღაც კულუარული შეხვედრები შედგა. ამ შეხვედრების თაობაზე არც ინფორმირებულნი ვიყავით და, ბუნებრივია, არც ვმონაწილეობდით. ამიტომ ბუნებრივად გაგვიჩნდა კითხვები, თუ რატომ ჩათვალა ამ ორმა მხარემ საჭიროდ საუბრის გაგრძელება ჩვენ გარეშე. ფაქტია, რომ ეს მოხდა, რასაც დადებითად ნამდვილად ვერ შევაფასებთ. შეიძლება ამის მიღმა რაღაც კატასტროფული არ დავინახოთ, მაგრამ ის, რომ საზოგადოებისთვის, ხალხისთვის, ჟურნალისტებისთვის, მათ შორის პოლიტიკური ორგანიზაციებისთვისაც ეს შეხვედრები მიდიოდა ერთიან განსაზღვრულ ფორმატში და უცებ ეს გადავიდა რაღაც კულუარულ მოლაპარაკებაში, ბუნებრივია, ამან გააჩინა კითხვის ნიშნები," - აცხადებს მამუკა კაციტაძე.

მისი თქმით, "ახლები" 15 თებერვლამდე დაელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას და თუკი არ მოხდა ოპოზიციის მოთხოვნების შესრულება, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ. თუმცა, აცხადებენ, რომ "ზურგს უკან მოლაპარაკებები პრობლემებს ვერ მოაგვარებს."

"ახლოვდება 15 თებერვალი და ბუნდოვანება კვლავინდებურად რჩება. ბუნებრივია, ჩიხში უფრო ღრმად შესვლის ალბათობაც იმატებს. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ნამდვილად ვერ წაადგება კულუარული ხასიათის მოლაპარაკებები ერთიან პოლიტიკური პროცესს.

"თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ "ახალ მემარჯვენეებთან" საუბარი ნაკლებად აქტუალურია და შეიძლება მათ გარეშე გადაწყდეს ცალკეული საკითხები, მათ გასაგონად ვიტყვი, რომ ძალიან ცდებიან და ვისურვებდი, რომ მუდმივი დეფიციტი გონიერებისა, რაც პოლიტიკოსებს ახასიათებთ, ამ შემთხვევაში მაინც იყოს დაძლეული. პრაგმატულად შეხედოს ყველამ დღევანდელ და პოლიტიკურ პროცესთა მოსალოდნელ სვლას და დაუბრუნდნენ იმ ფორმატს, რომელიც უფრო გამჭვირვალე და, რაც მთავარია, უფრო ნაყოფიერი იყო არა ცალკეული პარტიებისთვის, არამედ ზოგადად პოლიტიკური პროცესებისთვის," - აცხადებს მამუკა კაციტაძე.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com