|
|
"რეზონანსი "
"მორალური უფლება არ მექნება, უარი ვთქვა": ვახტანგ ხმალაძის თქმით, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ, ის ცესკოს თავმჯდომარეობას დათანხმდება ია აბულაშვილი
ლევან თარხნიშვილი, შესაძლოა, ვახტანგ ხმალაძემ შეცვალოს. არაოფიციალური ინფორმაციით, ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის ამ საკითხზე შეთანხება მიღწეულია. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ ოპოზიციის მემორანდუმის 17 პუნქტიდან ხელისუფლება 15-ზე მოლაპარაკების გამართვას დათანხმდა. ლევან თარხნიშვილს თანამდებობის დატოვება, სავარაუდოდ, მას შემდეგ მოუწევს, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია ახალ კანდიდატურაზე შეთანხმდებიან. რას ფიქრობს თავად ვახტანგ ხმალაძე ამ სიახლესთან დაკავშირებით და რამდენად მისაღები იქნება მისთვის ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა დღეს, როდესაც ქვეყანაში ასეთი დაძაბული სიტუაციაა. ამის გასარკვევად "რეზონანსი" ექსპერტს სამართლებრივ საკითხებში, ვახტანგ ხმალაძეს დაუკავშირდა. "რეზონანსი": რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თქვენ შეიძლება ცესკოს თავმჯდომარე გახდეთ. იცოდით, რომ ოპოზიცია თქვენს კანდიდატურას იხილავდა. ვახტანგ ხმალეძე: არანაირ ინფორმაციას ამის თაობაზე არ ვფლობ, მაგრამ ის, რომ ჩემი სახელი სადღაც ოპოზიციაში ტრიალებდა, ეს ვიცი. მე დამისვეს ასეთი კითხვა - თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება მიღწეული იქნა, დავთანხმდები თუ არა ამ შემოთავაზებას. "რ": საიდუმლო თუ არ არის, რა უპასუხეთ. ვ.ხ: ჩემი პასუხი იყო, რომ ჯერ თავად ოპოზიციაში უნდა მოხდეს შეთანხმება. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასთანაც იქნება შეთანხმება მიღწეული, მორალური უფლება არ მექნება, უარი ვთქვა. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ თუ მე უარს ვიტყვი, ოპოზიციას მოუწევს ახალი კანდიდატურის მოძებნა, ეს პროცესი კი დროში გაიჭიმება, რაც სასურველი არ არის, რადგან საკმაოდ მცირე დრო რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე. "რ": დავუშვათ და ორივე მხარე შეთანხმდა თქვენს კანდიდატურაზე, რა ცვლილებების გატარებას აპირებთ ამ სტრუქტურაში. ვ.ხ: ვფიქრობ, ამაზე საუბარი ნაადრევია.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |