|
|
"რეზონანსი "
დიალოგი ჩაშლილია, აქციების ახალი ტალღა იწყება: "ბურჯანაძემ ეს მემორანდუმი სახლში წაიღოს და სააკაშვილს ყოველდღე უკითხოს" რუსიკო მაჩაიძე
ოპოზიციის ყველა ფრთა ხელისუფლებასთან დიალოგს წყვეტს და დღეიდან პარლამენტთან მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყება. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების მემორანდუმმა გამოიწვია, სადაც ოპოზიციის 17 პუნქტიან მოთხოვნას 21 პუნქტიანი პასუხი გაეცა. თუმცა, ოპოზიცია იმაზე მეტად აღმოჩნდა იმედგაცრუებული, ვიდრე ამას თავად წარმოიდგენდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპონენტების მხრიდან კომპრომისს და დიალოგის გაგრძელებას ელოდება. ოპოზიცია კი ურჩევს, რომ "ბურჯანაძემ ეს მემორანდუმი სახლში წაიღოს და სააკაშვილს ყოველდღე უკითხოს." ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციაც და საზოგადოებაც ხელისუფლების საპასუხო მემორანდუმს ელოდა. ამ მემორანდუმზე იყო დამოკიდებული, თუ რა გაიმათებოდა 15 თებერვალს პარლამენტის შენობასთან - ოპოზიციის საინფორმაციო მიტინგი, თუ ახალი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია. ხელისუფლება აცხადებს, რომ გუშინ მის მიერ წარმოდგენილი 21-პუნქტიანი მემორანდუმი "ითვალისწინებს კომპრომისს ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ დასმულ ყველა საკვანძო საკითხთან დაკავშირებით". რაც შეეხება ამ დოკუმენტის შინაარსს, ხელისუფლების მემორანდუმიც დაყოფილია 4 ნაწილად, ისევე როგორც ეს არის ოპოზიციის მემორანდუმში.1-ლი ნაწილი ოპოზიცია "5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმური შედეგების დაძლევის მიზნით" ითხოვს: 1. საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით გადაითვალოს ამომრჩეველთა ხმები სადავო ოლქებში, მათ შორის ვიდეოთვალის მონაცემების გამოყენებით; 2. კენჭისყრის დროს აღმოჩენილი დარღვევები გამოძიებულ იქნას და დამნაშავეები დაისაჯონ სისხლის სამართლის წესით; 3. განხორციელდეს კონსტიტუციური ცვლილება, რომლის თანახმადაც ახლადარჩეულ პარლამენტს წარედგინება მთავრობის ახალი შემადგენლობა; ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ხელისუფლება შემდეგნაირად აპირებს: 1. ვიდეო-თვალის ჩანაწერები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. ცესკომ წერილობით დაადასტურა, რომ უზრუნველყოფს ამ ჩანაწერების ადგილზე გაცნობას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი მიმართვის შემთხვევაში; 2. დარღვევები, რომელიც გამოვლენილია ან გამოვლინდება ვიდეოთვალის ჩანაწერების გაცნობის შემდეგ, აგრეთვე ის დარღვევები, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით შექმნილი დოკუმენტური მტკიცებულებები გამოძიებული იქნება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში; 3. მომზადებულია პროექტი საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება, რომ ახლადარჩეულ პარლამენტს, ნდობის მოსაპოვებლად, წარედგინება მთავრობის შემადგენლობა კონსტიტუციით დადგენილი წესით. პროექტი გამოქვეყნდება საჯარო განხილვისათვის და პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, ეს ცვლილება მიღებული იქნება არაუგვიანეს აპრილის თვის დასაწყისისა.
მე-2 ნაწილი ოპოზიციის მემორანდუმის მეორე ბლოკი ეძღვნება მოთხოვნებს "პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით": 4. დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტიკური მოსაზრებების გამო დაკავებული პირები; 5. გამოძიებულ იქნას 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის და ზეწოლის ფაქტები; 6. გადაყენებულ იქნან შს მინისტრი და გენერალური პროკურორი. რეორგანიზებულ იქნას პოლიტიკური პოლიციის ქვედანაყოფები (სოდ-ი, კუდ-ი, სასჯელ-აღსრულების სპეცდანიშნულების დანაყოფი); 7. შეიქმნას სამართალდამცავ სისტემაზე მონიტორინგის სისტემა: პარლამენტის საგამოძიებო კომისია (პარიტეტულ საწყისებზე) და მონიტორინგის რეგიონული საბჭოები, რომლებიც გამოიძიებენ ძალოვანი სტრუქტურების უკანონო ქმედებებს; ამ მოთხოვნების შესრულებას კი ხელისუფლება ასე აპირებს: 4. 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირები გათავისუფლებული იქნებიან ერთი კვირის განმავლობაში. ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ორივე სიაში მოხსენიებულ პირთა უმრავლესობა არ უკავშირდება 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს ან საერთოდ არ არის დაკავებული. 5. პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, ახლადარჩეულ პარლამენტის მიერ შეიქმნება კომისია, რომელიც გამოიძიებს 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის მასობრივი არეულობისა და კონსტიტუციური წყობილების დამხობის, სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმისა და ზეწოლის ფაქტებს და მისცემს მათ პოლიტიკურ შეფასებას. კომისიის დასკვნას არ მოჰყვება რომელიმე პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. 6. 2007 წლის ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით გამოვლენილი ფაქტები არ გახდება დაპირისპირების, პოლიტიკური ანგარიშსწორების და სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი. 7. პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, ერთი თვის ვადაში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ, როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე დამოუკიდებელი ექსპერტები. კომისია განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, შეიმუშავებს წინადადებებს შსს შემდგომ რეფორმირებასთან დაკავშირებით, აგრეთვე წინადადებებს სამართალდამცავ ორგანოების მონიტორინგის საბჭოს (ე.წ. "რეიგანის კომისიის" მოდელი) შექმნასთან დაკავშირებით. 8. პოლიტიკური დიალოგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიის გამჭვირვალე და სამართლიანი გარემოს შექმნის მიზნით, არაუგვიანეს 15 მარტისა, შეიქმნება პოლიტიკური ძალების საკოორდინაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში იქნებიან პარლამენტის წევრებიც. საკოორდინაციო საბჭო განახორციელებს მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობაზე.
მე-3 ნაწილი ოპოზიციის მემორანდუმის მესამე ბლოკის მოთხოვნებით უნდა მოხდეს სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფა. ამისთვის ოპოზიცია ითხოვს: 8. საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭო დაკომპლექტდეს პარიტეტის პრინციპით შემჭიდროებულ ვადებში, გენერალური დირექტორი დაინიშნოს მხარეებს შორის შეთანხმებით; 9. კომუნიკაციების ეროვნული კომისია დაკომპლექტდეს პარიტეტის საფუძველზე; 10. რეალურად ამოქმედდეს კერძო ტელევიზიებზე მონიტორინგის სისტემა; 11. აღსდგეს საჯარო დაწესებულებების, მ.შ. სასამართლოს სხდომების საჯაროობა და მედიის დასწრების თავისუფლება; ხელისუფლება კი სთავაზობს: 9. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სრულად კომპლექტდება ახლიდან. გამოცხადებულია კონკურსი ყველა ვაკანტურ ადგილზე. თებერვლის ბოლომდე საბჭო დაკომპლექტდება ახალი შემადგენლობით, ამასთან, პოლიტიკური დიალოგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საბჭოს წევრების და თავმჯდომარის შერჩევა მოხდება პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის საფუძველზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგენლობა დანიშნავს ახალ გენერალურ დირექტორს. 10. ჟურნალისტური სტანდარტების დაცვაზე მონიტორინგი განხორციელდება მაუწყებლებისა და საზოგადოების მიერ შემუშავებული თვითრეგულირების მექანიზმების მეშვეობით. ერთი თვის განმავლობაში შემუშავდება წინადადებები შესაბამისი ფუნქციის მქონე ჯგუფის შექმნის წესისა და საქმიანობის თაობაზე. 11. გარანტირებულია სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენელთა თავისუფალი დასწრება ვიდეოკამერის გარეშე. უზრუნველყოფილი იქნება სასამართლო სხდომების აუდიო ჩანაწერების ხელმისაწვდომობა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შესაბამისი სუბიექტის მოთხოვნისთანავე.
მე-4 ნაწილი რაც შეეხება მოთხოვნების მეოთხე ბლოკს, რითაც უნდა მოხდეს არჩევნების პროცესის კანონიერად წარმართვა, ოპოზიცია შემდეგ რეფორმების გატარებას ითხოვს: 12. პარლამენტის არჩევნები დაინიშნოს მოქმედი პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე (აპრილი). აჭარის პარლამენტის არჩევნები დაინიშნოს აჭარის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე (ივლისი); 13. რეფორმირებულ იქნას დღეს მოქმედი ე.წ. მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა იმგვარად, რომ მანდატები განაწილდეს მიღებული ხმების პროპორციულად; 14. სრული პარიტეტის პრინციპით (ანუ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების თანაბარი წარმომადგენლობით) დაკომპლექტდეს ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია. ცესკოს თავმჯდომარე დაინიშნოს მხარეებს შორის შეთანხმებით. საოლქო და საუბნო კომისიის თავმჯდომარეების, მოადგილეების და მდივნების თანამდებობები განაწილდეს საარჩევნო სუბიექტებს შორის; 15. აიკრძალოს საარჩევნო კამპანიაში პრეზიდენტის და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობა; 16. ყველა საარჩევნო უბანი აღიჭურვოს ვიდეოთვალით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის; 17. შემუშავებულ იქნას საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქცია სადაც გათვალისწინებულ იქნება წინასწარი გამოკითხვების გამოქვეყნების, ამომრჩეველთა სიების შედგენის და დარღვევების გასაჩივრების ეფექტური მექანიზმები, აგრეთვე საერთაშორისო დამკვირვებლების სხვა შენიშვნები. ხელისუფლება კი მზადაა, ეს მოთხოვნები შემდეგნაირად შესრულდეს: 12. პარლამენტის არჩევნები გაიმართება არაუადრეს 14 და არაუგვიანეს 24 მაისისა. ეს საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ სუბიექტს სწორად დაგეგმოს საარჩევნო პროცესი და გათვალოს რესურსები. 13. პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შეიცვლება რეგიონული პროპორციული სისტემით ეუთოს ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად. ამ მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე ინიცირებულია და შესაბამისი ცვლილებები კონსენსუსის შემთხვევაში განხორციელდება მარტის ბოლომდე. 14. კონსენსუსის შემთხვევაში მარტის ბოლომდე კონსტიტუციაში შეტანილი იქნება ცვლილება, რომლის თანახმადაც პროპორციული საარჩევნო სისტემის საარჩევნო ბარიერი დაიწევს შვიდიდან ხუთ პროცენტამდე. 15. შემუშავებული იქნება მექანიზმი ვიდეოთვალის მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის, რათა ერთის მხრივ მოხდეს დარღვევებზე დროული რეაგირება და ამავდროულად, გამოირიცხოს ამ საბაბით არჩევნების შედეგების შეჯამების ხელოვნური გაჭიანურება. 16. ცესკო 25 მარტამდე წარმოადგენს წინადადებებს დარჩენილი უბნების ვიდეოთვალით აღჭურვის ტექნიკური შესაძლებლობის შესახებ. 17. პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიები საარჩევნო პერიოდში დაკომპლექტდება იმავე პრინციპით, როგორც ცესკო. შესაბამისად, საოლქო კომისიაში (სულ 13 წევრი) არჩევნების პერიოდში იქნება 6 წევრი ოპოზიციური პარტიებიდან. 18. დაზუსტდება საარჩევნო კოდექსის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს პოლიტიკური თანამდებობის პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისას საბიუჯეტო სახსრების და თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენების შეზღუდვას. (მარტის ბოლომდე) 19. კონსენსუსის შემთხვევაში, საარჩევნო დავების განხილვის ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბების მიზნით, შეიქმნება საარჩევნო დავების განხილვის სპეციალური საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პოლიტიკურ ძალებს შორის კონსულტაციების გზით. საბჭო დაკომპლექტდება 4 ან 6 წევრისაგან, დამატებითი წევრი კონსენსუსის შემთხვევაში შერჩეული იქნება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით. (მარტის ბოლომდე) 20. პოლიტიკური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით შემუშავდება საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, რომელიც ძირითადად ასახავს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში გათვალისწინებულ შენიშვნებს. (მარტის ბოლომდე) 21. პოლიტიკურ ძალებს შორის სრული კონსენსუსის და კონკრეტულ კანდიდატურებზე შეთანმხების მიღწევის შემთხვევაში, მარტის შუა რიცხვებამდე გადაიხედება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა.
"ნეტა არ მენახა..." ეს მემორანდუმი ოპოზიციის არც ერთი ფრთისთვის არ არის მისაღები, ვინაიდან, მათი თქმით, "ფაქტობრივად არც ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ ხდება" და აცხადებენ, რომ პირველ რიგში დაიწყებენ მასობრივ საპროტესტო აქციებს. ხოლო შემდგომი მოქმედების გეგმას უკვე ერთობლივად შეიმუშავებენ. "ეს მემორანდუმი ვნახე და ნეტავ არ მენახა. საერთოდ არ დატოვა სერიოზული შთაბეჭდილება. არც ერთი არსებითი საკითხი არ არის გათვალისწინებული. მაგალითად, ჩვენ ვითხოვდით, რომ ახლადარჩეულმა პარლამენტმა დაამტკიცოს ახალი მთავრობა. ესენი კი გვთავაზობენ, რომ ძველი მთავრობა დაამტკიცოს. "საერთოდ არაფერი არ არის ნათქვამი ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნაზე. ერთადერთი არის ის, რომ შეიცვლება საარჩევნო საოლქო კომისიების შემადგენლობა. მაგრამ, გვთავაზობენ, რომ ყველა დონეზე იყოს 13 კაციანი კომისია, სადაც ოპოზიციას ეყოლება 6 კანდიდატი. ეს როგორი პარიტეტია, არ მესმის. "პოლიტპატიმრებზე საერთოდ გაუგებარია რა პოზიცია უკავიათ. არ ვიცით, იმ პირებს, ვინც ნოემბრის აქციების გამო დააკავეს, მაგრამ დააკავეს ან ნარკოტიკების ჩადებით ან სხვა რაიმე ასეთი მიზეზით, რას უპირებენ. ასევე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით არაფერი კონკრეტული და არსებითი არ არის," - აცხადებს ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრი დავით ზურაბიშვილი. ეროვნულმა საბჭომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეს დაწყებულ აქციას საპროტესტო ხასიათი ექნება. "ჩვენ დავიწყებთ აქციებს ჩვენი მოთხოვნების შესრულების მოთხოვნით. აქციები იქნება პერმანენტული, ვიდრე ეს მოთხოვნები არ შესრულდება. ბურჯანაძეს შეუძლია ეს მემორანდუმი სახლში წაიღოს და სააკაშვილს ყოველდღე უკითხოს," - აცხადებს ზვიად ძიძიგური. ერთიანი ეროვნული საბჭოს მოსაზრებას დანარჩენი ოპოზიციაც იზიარებს და როგორც "ახლების" წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე აცხადებს, ხელისუფლებასთან დიალოგს წყვეტენ. "ეს მემორანდუმი არის აბუჩად აგდება, პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან საკუთარი თავის. მოლაპარაკებებისას გაცილებით მკაფიო რეზულტატები ჩანდა და საკუთარი თავის მიმართ მიჩნდება პროტესტის განცდა, რადგან ბოლო წუთებამდე მეგონა, რომ ხელისუფლების მხრიდან უფრო გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ჩვენ დავამთავრეთ საუბარი ხელისუფლებასთან და ამის შემდეგ ჩვენ, "ახლები" ერთიან ეროვნულ საბჭოსთან ერთად გადავწყვეტთ, როგორ გავაგრძელოთ მოქმედებები," - აცხადებს მამუკა კაციტაძე.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |