"რეზონანსი "
# 41
პარასკევი, 15 თებერვალი, 2008 წელი

აშშ-ს სენატის კომიტეტი ნატოში გაწევრიანებაში მხარდაჭერას გვიცხადებს

(ინტერპრესნიუსი) აშშ-ს სენატის კომიტეტმა ოთხშაბათს ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მხარდაჭერა გამოხატა საქართველოსა და უკრაინისათვის მოკლე ვადებში ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების შესახებ.

"სენატი მიიჩნევს, რომ აშშ-მ უნდა გამოიჩინოს ლიდერობა საქართველოსა და უკრაინისათვის მხარდაჭერის საქმეში, რათა შეუერთდეს უსწრაფესი გზით ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას," - აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.

ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოსა და უკრაინის მთავრობებმა სურვილი გამოხატეს ევროატლანტიკურ ალიანსში შესვლის და რომ საქართველო და უკრაინა მჭიდროდ თანამშრომლობენ ნატოსთან და მის წევრ ქვეყნებთან იმისათვის, რათა ნატოს მომავალი წევრობის კრიტერიუმებს შეესაბამებოდნენ. კომიტეტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია დეკლარაციულ ხასიათს ატარებს, რადგან ფორმირებულია, როგორც აშშ-ს სენატის მოსაზრება და თეთრი სახლისათვის იურიდიულად მოვალეობას არ წარმოადგენს და ასევე, არ მოითხოვს პრეზიდენტის ხელმოწერას.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com