|
|
"რეზონანსი "
ცხინვალში დაპატიმრებების სერია დაიწყო: მოსკოველი რევიზორების მოლოდინში კოკოითმა "კორუფციასთან ბრძოლა" გააჩაღა ელზა წიკლაური
ცხინვალის სეპარატისტულ ხელისუფლებაში დაპატიმრებები და გადაყენებები გრძელდება. დე ფაქტო განათლების მინისტრის ალა ჯიოევას შემდეგ ედუარდ კოკოითის განკარგულებით კვაისას მადნეულის სამმართველოს უფროსი თენგიზ ბაზაევი და თავდაცვის დე ფაქტო მინისტრის მოადგილე ვაჟა კოკოევი დააკავეს. დაპატიმრებულია ასევე თვითაღიარებული რესპუბლიკის სპეცსამსახურების რამდენიმე თანამშრომელი, რომელთაც "პასპორტების" გაცემისას მაქინაციებში ედებათ ბრალი. სააგენტო "ოსინფორმის" ცნობით, ანტიკორუფციულ ღონისძიებებს ედუარდ კოკოითის ინიციატივით შექმნილი სპეციალური კომიტეტი ატარებს, რომელსაც ბატრაზ ტოკაევი ხელმძღვანელობს. როგორც ცხინვალის ხელისუფლება ირწმუნება, შემოწმებას "შიდარესპუბლიკური" ხასიათი აქვს და ცხინვალში რუსეთიდან კომისია ჯერ არ ჩასულა. ცნობისათვის, მიმდინარე წლის 4 თებერვალს ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერმა თანამდებობიდან გადააყენა დე ფაქტო განათლების მინისტრი ალა ჯიოევა და მის წინააღმდეგ მეორე დღესვე სს საქმე აღძრა. მას ოფიციალურად თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დასდეს ბრალი და ჯიოევა დღემდე შინაპატიმრობაში იმყოფება. მაშინ სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში ამ ფაქტს კოკოითი-მინძაევის დაპირისპირებით ხსნიდნენ და აცხადებდნენ, რომ ალა ჯიოევას მოხსნაც სწორედ მინძაევთან მისი დაახლოების გამო მოხდა. სეპარატისტული ხელისუფლება დაპატიმრებების ამ სერიას კორუფიასთან ბრძოლად ნათლავს. თბილისში კი არ გამორიცხავენ, რომ კოკოითის მხრიდან ეს ერთგვარი თავის დაზღვევა იყოს, რადგანაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამ დღეებში ცხინვალში რუსეთის გენპროკურატურის დელეგაციას ელის. რუს გამომძიებლებს მოსკოვიდან ცხინვალში სხვადასხვა სოციალური პროექტებისათვის გადარიცხული თანხების ხარჯვითი ნაწილის შესწავლა სურთ. სეპარატისტულმა ხელისუფლებამ კი ამ თანხების დიდი ნაწილი მიითვისა და ახლა სურს შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკებს შეაწმინდოს ხელი. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წევრი ვლადიმერ სანაკოევის თქმით, თავისი მმართველობის 6 წლის განმავლობაში კოკოითი თავად იყო თანხების გაფლანგვით დაკავებული და ახლა ამ ნაბიჯით საკუთარი საქმიანობის სხვებზე გადაბრალებას ცდილობს. "საქმე ის არის, რომ 6 წლის განმავლობაში კოკოითი დაკავებულია რუსეთის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვით, რომლებიც ტრანშის სახით გზების მშენებლობისთვის, სოციალური სფეროს გაუმჯობესებისთვის, სამხედრო ტექნიკისა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების გაძლიერებისთვის ირიცხებოდა. ეს გაფლანგვა ხდებოდა ყოველთვის და მთავარ კორუფციონერად ითვლება თავად კოკოითი. "დღეს ცნობილი ხდება, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის გენპროკურატური წარმომადგენლები ცხინვალში ჩამოსვლას და მათ მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვითი ნაწილის შემოწმებას აპირებენ. რა თქმა უნდა, ეს კარგად ესმის კოკოითს და იცის, რომ თანხების გაფლანგვისთვის მასაც მოუწევს პასუხის გაცემა. ამიტომ აცხადებს, რომ ებრძვის კორუფციას და ამით ამტკიცებს, რომ ფულის გაფლანგვით არა ის, არამედ მისი მთავრობის წევრები იყვნენ დაკავებულები. "ყველაზე დიდი ფული კი გზების მშენებლობიდან არის მოპარული. გარდა ამისა, კოკოითი ამ ნაბიჯით ამტკიცებს იმასაც, რომ ვინც მის წინააღმდეგ წავა, კარგი დღე არ დაადგება", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბარში ვლადიმერ სანაკოევმა. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კოკოითის ამ ნაბიჯს ეჭვიანობით ხსნის და აცხადებს, რომ "კოკოითი პროოსური ფიგურების მოხსნით რუსეთის გულის მოგებას ცდილობს". "აშკარად ჩანს, რომ კოკოითი თავისი ქვეშევრდომებით არის უკმაყოფილო და მათზე ეჭვიანობს. მას სურს კიდევ უფრო გააძლიეროს რუსული კომპონენტი და მოსკოვის მიერ შემოთავაზებული ხალხი დანიშნოს ამ თანამდებობაზე. აშკარაა, რომ რუსეთი უკმაყოფილოა ცხინვალში მიმდინარე პროცესებით. ამიტომაც, კოკოითი გულის მონადირებაზეა გადასული და ჩინოვნიკების მოხსნას იმ პირებით იწყებს, ვინც ქართველებთან თუნდაც მეგობრულ ურთიერთობაშია შემჩნეული. "ამის პარალელურად ის საზოგადოებაში შიშს თესავს. ამით ხალხს აჩვენებს, რომ ვისაც ქართველებთან შეამჩნევს, პრობლემებს შეუქმნის. ყველა ჩინოვნიკი, ვინც დღეს კოკოითმა მოხსნა და კორუფციაში დასდო ბრალი, ქართველების მიმართ კეთილგანწყობილები იყვნენ. ამასთან, ისინი არ იყვნენ პრორუსულები და ოსი ხალხის დაკვეთას ასრულებდნენ", - დასძინა "რეზონანსთან" საუბარში პაატა ზაქარეიშვილმა. თბილისში არც იმას გამორიცხავენ, რომ კოკოითმა დაკავებული თანამდებობიდან კიდევ რამდენიმე პირი მოხსნას და მათ კორუფციის ბრალდებაც წაუყენოს. ვლადიმერ სანაკოევის თქმით, დე ფაქტო პრეზიდენტის მთავარი მიზანი სეპარატისტთა შს მინისტრი მიხაილ მინძაევი და "მთავრობის თავმჯდომარე" იური მოროზოვი არიან. "ასეთი სახის დაპატიმრებები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. მაგრამ, ყველაფერს აქვს დასასრული და გამოჩნდება, თუ ვინ არის მთავარი მფლანგველი. დღეს კოკოითის მთავარი მიზანია, რომ მოიშოროს მიხაილ მინძაევი, თუმცა, იმის გამო, რომ მას რუსეთის სახელმწიფო დუმაში ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატი არსენ ფაძაევი მფარველობს, კოკოითი ამ ნაბიჯს ვერ დგამს. "მისივე მიზანია, რომ მოიშოროს იური მოროზოვიც, ამის მიზეზი კი ის არის, რომ რუსებისთვის ამჯერად ის უფრო სანდო ფიგურაა, ვიდრე "პრეზიდენტი". მოკლედ, დე ფაქტო სახელისუფლებო წრეებში იქ არც თუ მშვიდი ვითარებაა", - დასძინა სანაკოევმა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორად ია ანთაძეს ასახელებენ (ინტერპრესნიუსი) საზოგადოების ერთი ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე ჟურანლისტ ია ანთაძის კანდიდატურას ასახელებს. რატი ამაღლობელი, ლელა გაფრინდაშვილი, ლევან გიგინეიშვილი, ზაზა ფირალიშვილი, ნანა ზარდიაშვილი, ზურაბ ქარუმიძე, ზაზა შათირიშვილი, მარინა ჩიტაშვილი და კოტე ჯანდიერი ქართულ საზოგადოებას ღია წერილით მიმართავენ და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის პოსტზე ია ანთაძის მხარდაჭერას თხოვენ. "დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა საინფორმაციო სივრცის თავისუფლების საკითხია. იმ დროს, როდესაც ფუნქციონირებენ კერძო ტელევიზიები, რომელნიც ამა თუ იმ ჯგუფის ინტერესებს გამოხატავენ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამოქალაქო კონსენსუსზე დაფუძნებული საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობას, სადაც ყველა ჯგუფს თანაბარი საშუალება ექნება, გამოხატოს თავისი აზრი და პოზიცია. ამისთვის კი, საჭიროა, რომ თავად ტელევიზიის მომავალ ხელმძღვანელს გააჩნდეს საზოგადოებრივი ნდობის რესურსი," - ნათქვამია ღია წერილში. როგორც აღნიშნულია, მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე განსახილველად საზოგადოებას ია ანთაძის კანდიდატურას სწორედ ამიტომ სთავაზობენ: "იგი ცნობილია, როგორც უაღრესად პრინციპული, განათლებული, ჟურნალისტური გამოცდილების მქონე და, ამავე დროს, მიუკერძოებელი ადამიანი. აქედან გამომდინარეობს ის ნდობა, რომელიც საზოგადოებაში მის მიმართ არსებობს. ჩვენი აზრით, პროფესიონალიზმთან ერთად, ეს ის თვისებებია, რომლებიც აუცილებლად უნდა გააჩნდეს ტელევიზიის ხელმძღვანელს."
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |