"რეზონანსი "
# 41
პარასკევი, 15 თებერვალი, 2008 წელი

ოპოზიცია ტყეშელაშვილისგან დარღვევების გამოძიებას მოითხოვს

(პირველი) ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები გენერალური პროკურორისგან, ეკა ტყეშელაშვილისგან, 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე გამოძიებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით საჩივარი გენპროკურატურაში ეკა ტყეშელაშვილის სახელზე ხუთშაბათს ეკა ბესელიამ, ზვიად ძიძიგურმა, ირაკლი მელაშვილმა, ჯონდი ბაღათურიამ და კახა კუკავამ შეიტანეს.

"ჩვენს მიერ შეტანილ საჩივარზე გენერალური პროკურატურა ვალდებულია გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს და 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში მხილებული პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრას, მათ შორის არჩევნების მთავარ გამყალბებელზე - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილზე," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე ინფორმაციით, გენპროკურატურაში შეტანილ საჩივარს მათ არჩევნების გაყალბების დოკუმენტალური მტკიცებულებები და ვიდეო მასალაც დაურთეს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com