"რეზონანსი "
# 41
პარასკევი, 15 თებერვალი, 2008 წელი

ბიზნესს საარჩევნო "ინვესტიციის" განსახორციელებლად უკვე მიადგნენ: თანხა, რომელსაც შემოწირულობა ჰქვია, 100 000 ლარიდან იწყება

ეკა გულუა

დაშინებულია თუ არა ბიზნესი და უწევთ თუ არა მათ წინასაარჩევნო პერიოდში მორიგი პოლიტიკური ინვესტიციების განხორციელება, ამ თემაზე თავად ბიზნესმენებისგან ღიად საუბარი წარმოუდგენელია. კულუარულად და ნდობის არსებობის შემთხვევაში კი, ისინი იმ ანგარიშის ნომრებსაც ამბობენ, სადაც თანხებს ახდევინებენ. ეს "სახალხო ბანკში" გახსნილი ნაციონალური მოძრაობის ანგარიშია: ა-ნ 3608898998 (ლარებში); ს-კ 20078888; მფო: 220101480. მათ მიერ გადარიცხულ თანხებს კი ნებაყოფლობითი შემოწირულობა ჰქვია, რომელიც 100 000 ლარს არ აღემატება, რადგან ეს კანონმდებლობითაა განსაზღვრული.

"რადგან საარჩევნო პერიოდი ჯერ არ დამთავრებულა, ბიზნესს კიდევ მოუწევს პოლიტიკური ინვესტიციების გაღება. შესაბამისად, ეს ყველაფერი ფასებზე აისახება. პირველ რიგში, ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე გაიზრდება", - ამბობს ეკონომიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას და ბიზნესის, პოლიტიკასა და გაძვირებული ცხოვრების კავშირებზე საუბრობს.

ის, რომ ბიზნესს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ინვესტიციების გაღება უწევს, ეს მხოლოდ კულუარული თემაა და ბიზნესმენები ამაზე ღიად ვერ საუბრობენ. ისინი ამ საკითხს ერთმანეთში ხშირად განიხილავენ. მიზეზები, რის გამოც აღნიშნული თემა ტაბუდადებულია, რამდენიმეა. ერთი ის, რომ აღნიშნული ინფორმაციების გაჟღერების შემდეგ, ბიზნესი აუცილებლად "მოკვდება", მეორე ის, რომ მისი მფლობელი ციხეში აღმოჩნდება, მესამე კი ის, რომ ხმის ამოღებას აზრი არა აქვს, რადგან ვერაფერი შეიცვლება.

ბიზნესს 100 000-ის გადასახდელად მეორედაც მიადგნენ

ერთ-ერთი ბიზნეს-ჯგუფი, ვინც საპრეზიდენტო არჩევნებში აღნიშნულ ანგარიშზე 100 000 ლარი გადარიცხა, ამ პრობლემის წინაშე ამჟამადაც აღმოჩნდა. მან დათქმულ დროში, საპარლამენტო არჩევნებისთვის იმავე ანგარიშზე იგივე თანხა უნდა გადარიცხოს. აი, რას ამბობს მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი:

"სქემა მარტივია, ფინანსურ პოლიციაში გიბარებენ, გგონია რომ გარკვეულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, თუმცა ანგარიშის ნომერს გითითებენ და გეუბნებიან, რომ ქვეყანას უჭირს და 100 000 ლარი უნდა გადარიცხო. საუბარი ამით არ მთავრდება. იმასაც გიხსნიან, წინააღმდეგობის შემთხვევაში რას უნდა ელოდე. აუცილებლად შესამოწმებლად შემოვლენ, რაღაც მიზეზს აუცილებლად გიპოვიან, დაგლუქავენ, სასამართლო პროცესები წლობით გაგრძელდება და საბოლოოდ, შენი ბიზნესი მოკვდება. ბიზნესის მფლობელი კი ციხეში აღმოჩნდება. ამიტომ, წინააღმდეგობას აზრი არა აქვს.

წარმოიდგინეთ, ბანკიდან კრედიტი გვაქვს აღებული, ჯერ არ დაგვიფარია და პარალელურად 100 000 გადავრიცხეთ. ერთი წელი ნაცმოძრაობისთვის ვიმუშავეთ. ახლა კი მეორედ მოგვადგნენ და იგივე თანხის გადახდა მოგვთხოვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ გადავიხდით, თუმცა ბიზნესი უნდა გავაჩეროთ, რადგან არათუ მოგებაზე, კრედის გასასტუმრებლადაც ვერ ვიმუშავებთ. მოსახლეობას კი უჭირს და წარმოებული პროდუქციის ფასი სანამდე უნდა გაზარდო, რომ გასაღების საშაულება გქონდეს".

ბიზნესი ჯერ იხარჯება, მალე ამოღებაზე გადავა

"ის, რომ ბიზნესმა პოლიტიკურ ინვესტიციებში ჩადებული თანხა უნდა ამოიღოს, ბუნებრივი პროცესია", - ამბობს გია ხუხაშვილი და ამიტომაც იგი ფასების კიდევ უფრო მატებას რეალურად მიიჩნევს:

"როცა ბიზნესი პოლიტიკურ ინვესტიციას აკეთებს, ეს არის კონკრეტული ფული, რომელიც კონკრეტულ მიზანზე იხარჯება. საიდან უნდა ამოიღოს ბიზნესმა ეს ფული. ეს ფული უნდა მოაქციოს მის მიერ ნაწარმოები პროდუქციის თვითღირებულებაში ერთ-ერთ კომპონენტად. ბუნებრივია, შემდგომ პროდუქცია ძვირდება. ეს ეკონომიკის ელემენტარული კანონია. სხვა წყარო ბიზნესს არა აქვს. თუ ის რაღაც ინვესტიციას ახორციელებს, ეს შემდგომ ხარჯებში აისახება, ანუ ფასწარმოქმნაში მონაწილეობს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი ფასების მატებისა, თუმცა ესეც არ არის პროდუქციის გაძვირების ერთადერთი მიზეზი. არსებობს როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზები.

მთავარი პრობლემა არა პურის გაძვირება, არამედ ისაა, რომ მოსახლეობა გადახდისუუნაროა. კი ბატონო, ღირდეს პური 1 ლარი, მაგრამ მოსახლეობას მისი ყიდვა არ შეუძლია. ხელისუფლების ძირითადი დანაშაული ის არის, რომ მოსახლეობა გადახდისუუნაროა. მათ არათუ 1-ლარიანი, 50-თეთრიანი პურის ყიდვა არ შეუძლიათ. პრობლემა ამ კუთხით უფრო დიდია, ვიდრე ის, რომ ვიღაცამ პოლიტიკური ინვესტიცია განახორციელა და შემდეგ ამ ფულის ამოღება ისევ ჩვენი ჯიბეებიდან ხდება. კომბინაცია კი შემდეგია - ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით ისევ ჩვენს ხმებს ყიდულობენ. ეს ძალიან ცინიკური კომბინაციაა".

"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა ბიზნესის ხელშეწყობით ფასების შენარჩუნება.

გ.ხ: რა თქმა უნდა, შესაძლებელია. სხვა საკითხია, რომ ამას, პირველ რიგში, პოლიტიკური ნება სჭირდება. ხელისუფლების ცნობიერება უნდა შეიცვალოს, რომ ასეთი გარემო შექმნას. თეორიულად ეს დასაშვებია, თუმცა როცა ადამიანი დაჩვეულია სხვა რამის კეთებას, მისი შეცვლა ასე მარტივი არ არის. ხელისუფლება კი დაჩვეულია ბიზნესის დირექტორობას, პოლიტიკური ინვესტიციების იძულებას, რეკეტისა და მუდმივი ზეწოლის პირობებში ჰყავს ბიზნესი. ეს ყველაფერი უნდა შეცვალოს. ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებას ამისი შინაგანი რესურსი გააჩნია.

"რ": თქვენი, როგორც ეკონომისტის გათვით, შესაძლებელია, პურის ფასი 1 ლარი გახდეს, 1 ლიტრი ზეთი 8 ლარი და ასე შემდეგ.

გ.ხ: სავსებით შესაძლებელი და ძალიან რეალურიცაა. პირველ რიგში, ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე გაიზრდება. ამის ობოიექტური მიზეზია გლობალურად მიმდინარე პროცესები - ის, რომ ფასები რეალურად ძვირდება და სუბიექტური - ჩვენთან ძირითადად მონოპოლიები მოქმედებს. მონოპოლიებს ფასწარმოქმნაში პრობლემები არ ექმნებათ, რადგან კონკურენტები არ ჰყავთ.

მეორე მხრივ, ის პოლიტიკური ინვესტიციები, რომელსაც არჩევნებზე ბიზნესი დებს, უნდა ამოიღოს. ეს პროცესი მდორედ, თუმცა მაინც მიდის. რადგან საარჩევნო პერიოდი ჯერ არ დამთავრებულა, ბიზნესს კიდევ მოუწევს პოლიტიკური ინვესტიციების გაღება. ეს თანხები კი შემდეგ ყველაფრის ფასში აისახება".

სააკაშვილისეული ბრძოლა სიღარიბის გარეშე

ის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ბიზნესი სერიოზულად ზარალდება, საპარლამენტო ოპოზიციისთვის უკვე კარგად გაცვეთილი თემაა. მათ კონკრეტული ბიზნესის სიაც გააჩნიათ, ვინც პოლიტიკური ინვესტიციების მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, თუმცა ზემოთაღნიშნული 3 მიზეზის გამო, მათ ვერ ამხელენ. სწორედ ამას უკავშირებს ოპოზიცია ფასების კატასტროფულ მატებას.

მამუკა კაციტაძე, "მემარჯვენე ოპოზიციის" წარმომადგენელი: "იმ ტიპის საარჩევნო კამპანიის შემდგომ, რომელიც ხელისუფლებამ ჩაატარა (ვგულისხმობ ასეულობით მილიონის დახარჯვას სააკაშვილის რეიტინგისა და რეპუტაციის გადასარჩენად), ბუნებრივია, ის ეკონომიკური და სოციალური შედეგები მოჰყვებოდა, რის წინაშეც ქართული საზოგადოებს აღმოჩნდა. როცა ბიზნესს ძალადობით ართმევ ფულს, ჟარგონზე რომ ვთქვათ, აწერ ფულს, ბიზნესმა ეს თანხა უნდა ამოიღოს, რათა ის არ გაკოტრდეს და ფუნქციობა არ შეწყვიტოს.

ეს მწვანე შუქი მათ ხელისუფლებამ აუნთო იმისათვის, რომ მომავალში ამ ბიზნესებიდან ფული კიდევ დასჭირდება. სწორედ ამის გამოძახილია ის, რომ დღეს დაფარული თემები არ არის პურის, ზეთისა თუ სხვადასხვა სახის პროდუქტების კიდევ გაძვირება. პრობლემებია ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფებთან დაკავშირებით, წამლებზე საერთოდ არ ვსაუბრობ, რადგან სააკაშვილის საარჩევნო კამპანიამ ფარმაცევტულ კომპანიებს სერიოზულად დაარტყა და ეს არჩევნების შემდგომ ფასებზე აისახა. ეს ყველაფერი არაჯანსაღი პოლიტიკური გარემოს ბრალია. მთლიანობაში, ამას ჰქვის სააკაშვილისეული ბრძოლა სიღარიბის გარეშე.

"რ": მწვანე შუქში რა იგულისხმეთ, ბიზნესს ფასების მატება განუსაზღვრელად შეუძლია.

მ.კ: დიახ. როცა ხელისუფლების ნება არსებობს, ტარიფებთან დაკავშირებით გარკვეულ რეგულიაციებს ახდენს. ალბათ, გახსოვთ, ფასების ზრდასთან დაკავშირებით, ცალკეულ შემთხვევებში, უხეში ჩარევები. იგივე დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები ფართების თუ მიწების დაკანონებაზე. ამ შემთხვევაშიც, მისი მიდგომა გამომდინარეობს იქიდან, რომ ერთის მხრივ არ გაანაწყენოს ბიზნესი და უბრალოდ, რესურსი გააჩინოს ამ ბიზნესში იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის კვლავ ჰქონდეს რამდენიმე ასეული მილიონი ლარი კამპანიის საწარმოებლად.

ბუნებრივია, აღნიშნული პრობლემებით შეწუხებული ბიზნესმენები მოგვმართავენ, მაგრამ ამის დაკონკრეტება ჩვენი მხრიდან სრული სისულელე იქნებოდა, რადგან ეს ინფორმაცია დახურულ ფორმატში მოდის და მოდის იმიტომ, რომ იქნებ რაღაც ვუშველოთ. თუ ეს თემა გაიხსნა, ჩათვალეთ, რომ ის ბიზნესი განადგურებულია, ხოლო მისი მფლობელი - დაპატიმრებული. ასეთები საკმაოდ ბევრნი არიან. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერები სწორედ ბიზნესიდან მოდიან და ბიზნესმენთა შორის კავშირები და პარტნიორული ურთიერთობები არსებობს. შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან რეკეტიორობის შესახებ სერიოზული და ღრმა ინფორმაციები მოდის".

გაძვირებული ცხოვრება

რაც შეეხება რიგით მოსახლეობას, რომლებიც საბაზრო ფასებზე არიან მიჯაჭვულები და ნებისმიერ ცვლილებას მტკივნეულად განიცდიან, ამბობენ, რომ ვერც 1-ლარიან პურს იყიდიან და ვერც ფასების შემდგომ ზრდას გაუძლებენ. გამოკითხული 30 რესპონდენტიდან 30-ვემ აღნიშნა, რომ პურის ფასი თუ 20 თეთრითაც გაიზარდა, მათ პურის გემოს დავიწყება მოუწევთ. გთავაზობთ ერთ-ერთის კომენტარს.

ელენე გაგოშიძე: "რაო. 1 ლარი კატასტროფაა. ოჯახში დღეში 4 პური გვინდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეში 4 ლარი მარტო პურისთვის უნდა დავხარჯო. ჩემნაირი ოჯახებისთვის, რომელიც საქართველოს მოსახლეობის 80%-ს შეადგენს, ფასების მატება კატასტროფული კი არა, დამღუპველი იქნება. დღეს 50-თეთრიან პურს ძლივს ვყიდულობთ და მოთხოვნიულებას სწორეთ ამით ვიკმაყოფილებთ. ამასაც რომ ვერ ვიყიდით, ჩათვალეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის უფასო სასადილოების გახსნა მოუწევთ. არაფერს ვამბობ სხვა პროდუქტებზე.

ამბობენ, ზეთი 8 ლარი გახდებაო, შაქარი 2 ლარი და ყველაფერს ცეხლი წაეკიდება. თუ ეს ყველაფერი მართალია, მოსახლეობამ აზრი უნდა მოიკრიბოს, არჩევნებზე დაირაზმოს და ამით გადაარჩინოს საკუთარი არსებობა".

ინფლაციის მაჩვენებელი

სტატისტიკის დეპარტამენტს 2008 წლის თებერვლის თვის სამომხმარებლო ფასების ცვლილებები ჯერ არ გამოუქვეყნებია. რაც შეეხება 24-30 იანვრის მაჩვენებელს, შემდეგია: 2008 წლის 24 იანვრიდან 31 იანვრამდე ფასების ინდექსმა 98.65 პროცენტი შეადგინა (ეს ინდექსი ასახავს 49 დასახელების საქონლისა და მომსახურებისაგან შედგენილი კალათის ფასების ცვლილებას). წინა კვირასთან შედარებით, ფასების საერთო დონე 1.35 პროცენტით შემცირდა, მათ შორის, სასურსათო საქონელზე 2.27 პროცენტით და არასასურსათო საქონელზე 0.14 პროცენტით. მომსახურებაზე ფასები უცვლელი დარჩა.

რაც შეეხება სურსათს, წინა კვირასთან შედარებით, ფასები შემცირდა მწვანილზე 18.8 პროცენტით, ფოთლოვან კომბოსტოზე 6.5 პროცენტით, სტაფილოზე 6.1 პროცენტით, ვაშლზე 3.9 პროცენტით, ხახვზე 3.7 პროცენტით, კარტოფილზე 3.7 პროცენტით, ყველზე 3.3 პროცენტით, ქათმის ბარკლებზე 1.7 პროცენტით და კვერცხზე 1.6 პროცენტით, ხოლო ფასები გაიზარდა პომიდორზე 6.7 პროცენტით, კიტრზე 6.1 პროცენტით, ძროხის ხორცზე 1.3 პროცენტით და ღორის ხორცზე 1.3 პროცენტით.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com