|
|
"რეზონანსი "
ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი საეჭვოდ ჯანჯლდება: "საქართველოს რკინიგზის" პრივატიზებამ ბევრი უცნაური კითხვა წარმოშვა ქეთი ბერიკაშვილი
რუსეთმა, შესაძლოა, აზია-ევროპის სატრანსპორტო კორიდორი გააკონტროლოს. რუსული გამოცემა "ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით, ამას ადასტურებს ის, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის საბჭოს ორშაბათს დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა ჩაიშალა. მიზეზი - ქართული მხარის შეხვედრაზე გამოუცხადებლობაა. ექსპერტთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს "საქართველოს რკინიგზის" შესაძლო მფლობელის - რუსეთის - აქტიურობაზე. კრემლი თავის მხრივ არ მალავს, რომ "საქართველოს რკინიგზის" შესყიდვით დაინტერესებულია. "ნოვაია გაზეტას" ცნობით ის, რომ რუსეთმა, შესაძლოა, აზია-ევროპის სატრანსპორტო მაგისტრალი გააკონტროლოს, ხელს არ აძლევს ანკარასა და ბაქოს. ამის საშიშროება მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, კრემლმა სომხეთის რკინიგზა ხელში ჩაიგდო. რუსეთმა სომხეთის რკინიგზის საკონტროლო პაკეტი იანვარში შეიძინა და "სამხრეთ კავკასიის რკინიგზის" შექმნის ამბიციაც გაუჩნდა. "რუსეთის რკინიგზის" პრეზიდენტმა ამ შენაძენისთანვე განაცხადა, რომ სომხეთისა და ირანის რკინიგზა, შესაძლოა, ერთმანეთს შეუერთდეს. მისი თქმით, ინვესტიციების გაზრდა კი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ აფხაზეთზე გამავალი რუსულ-ქართული რკინიგზა გაიხსნება. მანვე დაადსტურა რუსეთის ინტერესი სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული მთლიანი სარკინიგზო ხაზის მიმართ. კერძოდ, ის რომ საქართველოს მთავრობის მიერ რკინიგზის გასხვისების მიზნით გამოცხადებული ტენდერით რუსეთი დაინტერესებულია. "ნოვაია გაზეტა" წერს, რომ თავად ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს ქართული საზოგადოება არაერთგვაროვნად აფასებს. ექსპერტები აღიარებენ მის პოლიტიკურ მნიშვნელობას, მაგრამ ეკონომიკურ მომგებიანობაში დარწმუნებულნი არ არიან. ისინი თვლიან, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედებით, ტვირთების დიდი რაოდენობა თურქეთის მხარეს გადავა და ამით შემცირდება ქართული პორტების და თავად "საქართველოს რკინიგზის" შემოსავლები. 2007 წლის 21 ნოემბერს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო. რკინიგზის მშენებლობის დაწყების ოფიციალური ცერემონია აღმოსავლეთ საქართველოში, სოფელ მარაბდაში გაიმართა. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტები აბდულა გიული, ილჰამ ალიევი და მიხეილ სააკაშვილი იღებდნენ. "ეს არის დიდი გეოპოლიტიკური რევოლუცია, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად ვაკეთებთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ასეთი ურთიერთგაგების პირობებში შესაძლებელი იყო ამ პროექტის დაწყება. საქართველო ხდება ევროპის ნაწილი არა მხოლოდ კულტურული და ისტორიული გაგებით, არამედ გეოგრაფიულადაც. ვფიქრობ, რკინიგზის მშენებლობა დამთავრდება კიდევ უფრო მალე ვიდრე ეს დაგეგმილია. ვვარაუდობ, რომ ჩემს მეორე საპრეზიდენტო ვადაში. მე მსურს ვიყო ბაქო-თბილისი-სტამბულის ექსპრესის პირველი მგზავრი, რომელიც გაივლის ბოსფორს და გააგრძელებს გზას დანარჩენი ევროპისკენ", - განაცხადა მშენებლობის დაწყებისას, ჯერ კიდევ პირველი ვადით საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. 2007 წლის 7 თებერვალს საქართველომ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მაგისტრალი ერთმანეთს აზერბაიჯანსა და თურქეთს დაუკავშირებს. აქამდე ორ სახელმწიფოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა არ ხორციელდებოდა. პროექტის ფარგლებში საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე 105 კილომეტრი სიგრძის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაა გათვალისწინებული. აქედან 29 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო 76 თურქეთში გაივლის. ამას გარდა საქართველოს ტერიტორიაზე 183-კილომეტრიანი ახალქალაქი-მარაბდა-თბილისი სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. პირველ ეტაპზე მაგისტრალით წლის განმავლობაში 5 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება. სამომავლოდ გადაზიდვების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. პროექტის ღირებულება, პირველადი გათვლებით, 422 მილიონს მიაღწევს, რომლისგან 202 მილიონი ქართული მონაკვეთის მშენებლობას, ხოლო 220 მილიონი თურქულ მონაკვეთს მოხმარდება. რუსული გამოცემის ცნობით, პროექტის მონაწილეებს, თურქეთსა და განსაკუთრებით კი აზერბაიჯანს "საქართველოს რკინიგზის" მოსალოდნელ პრივატიზაციასთან დაკავშირებით, ქართულ მხარესთან არაერთი მწვავე კითხვა ჰქონდათ. შესაძლოა, პროექტის განხორციელების გარანტიებიც მოეთხოვათ. ეკონომიკური ექსპრეტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ბუნებრივია, თუ აზერბაიჯანს და თურქეთს არაერთი კითხვა აქვთ "საქართველოს რკინიგზის" მართვის უფლებით გადაცემის საკითხთან დაკავშირებით. "საქართველოს რკინიგზის" რუსეთისათვის გადაცემის შემთხვევაში, ყარსი-ახალქალაქის პროექტის განხორციელება სერიოზულ რისკებს უკავშირდება. ამ კითხვებზე რა თქმა უნდა, ქართული მხარე ვალდებულია, რომ პასუხები გასცეს. არ ვიცი რას უკავშირდება არჩასვლა - მზად არ არიან პასუხების გასაცემად თუ კიდევ რაიმე სხვა მიზეზებია. მოგეხსენებათ, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება მხარეებისგან გარკვეულ ვალდებულებებს მოითხოვს. რამდენად გადადის ეს ვალდებულებები შემდეგ მმართველზე და ა.შ. მით უმეტეს, თუ რუსული მხარე ჩაერთო და სომხური ინტერესებიც იქნა გათვალისწინებული, ამან, შესაძლოა, ჩაშალოს პროექტი და მხარეებს შორის გაუგებრობები გამოიწვიოს ", - აცხადებს ხუხაშვილი. "ნოვაია გაზეტა" იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ორშაბათს დილით, პარლამენტარმა ლადო პაპავამ საქართველოს მთავრობას "საქართველოს რკინიგზის" პრივატიზების შეჩერება მოუწოდა. ამავე დღეს, კი ქართულმა მხარემ "ყარსის" პროექტთან დაკავშირებით, ბაქოელ და თურქ კოლეგებთან შეხვედრა არ ისურვა. "დღეს რამე ქმედების განხორციელება საქართველოს რკინიგზასთან დაკავშირებით, იქნება ეს მისი სრული პრივატიზაცია თუ მმართველობის უფლებით გადაცემა რომელიმე კომპანიისთვის, შექმნის ძალიან სერიოზულ საფრთხეს ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციის შესასრულებლად. დღეს უკვე აშკარაა, ვის აქვს ყველაზე დიდი ინტერესი აკონტროლებდეს საქართველოში რკინიგზას. მით უფრო, რომ "სამხრეთ კავკასიის" სახელწოდების რკინიგზა უკვე არსებობს", - განაცხადა პაპავამ. საქართველოს მთავრობამ რკინიგზის პრივატიზაციაზე კონკურსი პირველად 2007 წლის ზაფხულს გამოაცხადა და ქვეყნის სტრატეგიული ობიექტი 89 წლით, მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად ცნობილ ბრიტანულ კომპანია "ფარფილდ ინვესთმენთს" გადასცა. საბოლოოდ კი, მთავრობამ გამარჯვებული კომპანია დაიწუნა. შესაბამისად, "ფარფილდ ინვესთმენთს" რკინიგზა ჩამოერთვა. მიმდინარე წლის 25 იანვარს ამოიწურა მეორედ გამოცხადებულ ტენდერში განაცხადების წარდგენის ვადა. ამ ეტაპზე გარდა იმისა, რომ ტენდერში 5 კომპანია მონაწილეობს სხვა არაფერია ცნობილი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კომპანიისა და მისი მფლობელების წარმომავლობის გარდა, ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა გამახვილდეს სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |