|
|
"რეზონანსი "
ოპოზიცია 100 ათას კაცს ვარაუდობს: მერიაში ვერ აკონკრეტებენ, როგორ მოიქცევა პოლიცია იმ შემთხვევაში, თუ ხალხის მასამ რუსთაველი გადაკეტა ლანა ბერიძე
დღეს გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი და მშვიდობიანი აქციის გამართვას გეგმავს. როგორც ეროვნული საბჭოს წევრები აცხადებენ, ოპოზიცია ხელისუფლებას ამ აქციებით ქართველ ხალხთან ერთად იმ 17 პუნქტიანი მემორანდუმის შესრულებას მიაღწევს, რომელსაც დიალოგის მაგიდასთან ვერ მიაღწია. ოპოზიციის ვარაუდით, დღეს პარლამენტთან 100 ათასი კაცი მივა. როგორც "რეზონანსს" "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა, დღევანდელი აქცია მშვიდობიანი სახის იქნება, აქციის მთავარი მოთხოვნა კი 17 პუნქტიანი მემორანდუმის შესრულება. რაც შეხება აქციის ფორმას და დეტალებს, დაიწყებენ თუ არა აქციის მონაწილეები შიმშილობას, დაიდგმება თუ არა რუსთაველზე კარვები და ა.შ უსუფაშვილის თქმით, ამას აქციის მსვლელობა აჩვენებს, რადგან წინასწარ მსგავსი ღონისძიებები დაგეგმილი არ არის. "ხაზს ვუსვამ, რომ ყველა შემთხვევაში აქცია მშვიდობიანი იქნება. რაც შეეხება პროტესტის გამოხატვის ფორმებს, ეს წინასწარ დაგეგმილი არ გვაქვს და ამას ხვალინდელი დღე გვიჩვენებს. თქვენს კითხვებს აქციაზე გაეცემა კონკრეტული პასუხები. რაც შეეხება იმას პერმანენტული ხასიათის იქნება თუ არა აქცია, ეს იმაზეა დამოკიდებული რამდენად მალე გაიგონებს ჩვენს მოთხოვნებს ხელისუფლება", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას დავით უსუფაშვილმა. რაც შეეხება კარვების დადგმას და თბილისის პარალელურად რეგიონებში აქციების გამართვას, როგორც ამას ჯონდი ბაღათურია და კობა დავითაშვილი ვარაუდობენ, უსუფაშვილის განცხადებით, არც ეს არის წინასწარ დაგეგმილი და ამასაც აქციის მსვლელობა აჩვენებს. დაარბევს თუ არა ხელისუფლება ოპოზიციის აქციას, ამაზე უსუფაშვილის პასუხი ასეთია: "ჩვენ ყველა საჭირო ზომას მივმართეთ, ერთი კვირით ადრე გავაფრთხილეთ თბილისის მერია, რომ აქციის ჩატარებას ვაპირებთ სადაც 100 ათას კაცს ველოდებით. შესაბამისად მათ იციან, რომ გზა გადაიკეტება და წინასწარ იზრუნებდნენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. "ჩვენ ყველაფერს კანონის მიხედვით ვაკეთებთ და გავაკეთებთ, შესაბამისად, აქციის დარბევის საფუძველი არავის ექნება", - ამბობს დავით უსუფაშვილი. როგორც ცნობილია დღევანდელ აქციას "ახალი მემარჯვენეებიც" უერთდებიან. "როგორც მემორანდუმის შემუშავებისას განვაცხადეთ, აქციაზე მივდივართ. რაც შეეხება მოთხოვნას, მოთხოვნა უცვლელია. ვითხოვთ ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული 17-პუნქტიანი მემორანდუმი აუცილებლად შესრულდეს", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას "მემარჯვენე" დავით საგანელიძემ. დღევანდელ აქციას იგივე მოთხოვნით ახლადდაფუძნებული პოლიტიკური პარტია "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრებიც შეუერთდებიან. გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე "ლეიბორისტებიც" მივლენ, თუმცა, როგორც კახა ძაგანიამ "რეზონანსს" განუცხადა, ისინი აქციაზე არა თარხნიშვილი და კინწურაშვილის გადადგომას, არამედ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების გადადგომის მოითხოვენ. "ხვალინდელი ღონისძიება ხალხის მიერ მოწყობილია და ჩვენც ხალხის გვერდით ვიქნებით. მოგეხსენებათ ლეიბორისტული პარტია დაარსების დღიდან, ამ ხელისუფლებასთან მიმართებაში ყოველთვის ყველაზე რადიკალური იყო, შესაბამისად ამ აქციაზე ჩვენი მთავარი მოთხოვნა ეროვნული შეურიგებლობა, სააკაშვილის გადადგომა იქნება და არა მხოლოდ თარხნიშვილის და კინწურაშვილის წასვლა", - განაცხადა კახა ძაგანიამ. როგორც ცნობილია, 8 თებერვალს გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა თბილისის მერიას გაფრთხილება გაუგზავნეს. გაფრთხილებაში ნათქვამია, რომ ოპოზიცია 2008 წლის 15 თებერვლის - 3 საათიდან, 25 თებერვლის 22.00 საათამდე პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვას აპირებს. გაფრთხილებაში ასევე აქციის მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა - 100 ათასი ადამიანი. აქციის ორგანიზატორებმა ასევე მიმართეს სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებს და გააფრთხილეს, რომ მანიფესტაციას გეგმავენ და მათი მხრიდან საჭირო ზომების მიღებას ელოდებიან. როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, აღნიშნული გაფრთხილება დედაქალაქის მერიამ განიხილა და განცხადებაზე პასუხი თბილისის პორტალზე ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია. მერიის პასუხი იმის განმარტებით იწყება, კანონის თანახმად თუ სად არ შეიძლება მანიფესტაციების გამართვა. მერიის პასუხში საუბარია, რომ კანონით მანიფესტაციებზე დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციის დამხობისკენ მოწოდება, ან ისეთი მოწოდება, რომელიც ომის ან ძალადობის პროპაგანდას ეწევა, ან მოწოდება, რომელიც ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს აღვივებს. ამავე განცხადების მიხედვით, მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: შეკრებებისას თან იქონიონ იარაღი, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, ცრემლმდენი, რადიაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების და მომწამვლელი ნივთიერებანი, ალკოჰოლიანი სასმელები ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას განზრახ შეუქმნან დაბრკოლება. კანონის თანახმად, ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, შეკრება ან მანიფესტაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნით. მანიფესტაციაში მონაწილე ადამიანები კი ვალდებულნი არიან, შეკრება ან მანიფესტაცია მოთხოვნისთანავე დატოვონ. ასევე კანონის თანახმად, თუ მანიფესტაციის დროს კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევამ კერძო პირს ან სახელმწიფოს ზიანი მიაყენა, წესების დამრღვევი პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მძიმე ზიანის მიყენების პირობებში კი წესის დამრღვევი პირი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან ერთ წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოს დაკისრებით დაისჯება.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |