|
|
"რეზონანსი "
გაზსა და დენს გაიაფების ნაცვლად აძვირებენ? ლარის კურსი იმდენად გამყარდა, რომ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ღირებულება სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს მაკა ხარაზიშვილი
მთავრობა მოსახლეობას არ უთმობს. გაბერილი გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა დღის წესრიგში აღარ დგას. სატარიფო თემა პარლამენტში ხანდახან გაიელვებს ხოლმე, თუმცა ამ სფეროს ლობირება იმდენად ძლიერია, რომ საკითხი ჩანასახშივე კვდება. კანონის თანახმად, სემეკს გაზის ტარიფის გადახედვა დოლარის 1,58 ნიშნულამდე დაწევის შემდეგ უნდა დაეწყო. ამ ეტაპზე დოლარი 1,5650 ლარი ღირს, ტარიფის გადახედვას კი არავინ აპირებს. მიზეზი აზერბაიჯანული გაზის გაძვირება გახდა. რამდენიმე კვირის წინ ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა გაზის ტარიფის გადახედვა მოითხოვა. მისი განცხადებით, ელექტროენერგიისა და გაზის დანახარჯებთან დაკავშირებით სტრუქტურა შესაბამისმა კომიტეტემა ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიასთან ერთად უნდა შეისწავლოს. ვინაიდან დოლარი ლართან მიმართებაში უფასურდება, ამ ვალუტით შეძენილი პროდუქტიც იაფი უნდა იყოს. "ვთხოვ კომიტეტს, მარეგულირებელ კომისიასთან ერთად გაარკვიოს ყველაფერი. თუ არის საკითხები, რომელიც გადახედვას მოითხოვს, მას გადავხედოთ, თუ არა - ჩვენ ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რაც უნდა ველაპარაკოთ ჩვენს მოსახლეობას", - აღნიშნა მაჭავარიანმა. ბუნებრივია, ამ საკითხის იგნორირება მოხდა. ტარიფის საკითხი პარლამენტში არავის აინტერესებს. მაშინ, სემეკში განაცხადეს, რომ გაზის არსებული ტარიფი ეკონომიკურ დანახარჯებზეა გათვლილი. ბუნებრივი აირის სატარიფო მეთოდოლოგიაში დოლარის კურსი ლართან მიმართებაში 1,7 ნიშნულზეა დაფიქსირებული. ხოლო, ტარიფის გადახედვა კურსის 7%-იანი ცვლილების შემთხვევაში უნდა მომხდარიყო. 7%-იანი ცვლილება კი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,581 ნიშნულამდე გამყარდება. ამჟამად კი 1 აშშ დოლარი 1,5650 ლარს შეადგენს. შესაბამისად, გაზის ტარიფი, დაახლოებით 7%-ით, საშუალოდ, 3,5 თეთრით უნდა შემცირდეს. ამჯერად სემეკში აზერბაიჯანული გაზის ტარიფთან დაკავშირებით აზერბაიჯანელი და ქართველი ენერგეტიკის მინისტრების მოლაპარაკებების დასრულებას ელიან. სემეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნინო ასათიანის განცხადებით, აზერბაიჯანული გაზის ტარიფის გაზრდის შემთხვევაში შეიძლება შეწონილი ტარიფი არ გაიზარდოს, თუმცა გარკვეული კორექტირება მაინც მოხდება. "ამ ეტაპზე სემეკი ტარიფის განხილვას ვერ დაიწყებს. ველოდებით მინისტრების მოლაპარაკებების შედეგს", - ამბობს ნინო ასათიანი.
აზერბაიჯანული ვერდიქტი გამოტანილია აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია. ქართველმა ენერგეტიკოსებმა მეზობელთან მოლაპარაკებებისას შეთანხმებას გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებაზე და არსებული ტარიფის შენარჩუნებაზე ვერ მიაღწიეს. უფრო მეტიც, ბაქო გაზის იმპორტს მოსალოდნელზე ბევრად მეტით გვიძვირებს. ქართველი ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ აზერბაიჯანი ბუნებრივ აირს 160-170 დოლარამდე გაგვიძვირებდა. ბაქოელმა ჩინოვნიკებმა უკვე განაცხადეს, რომ, რომ 1000კბ-მ აირის ღირებულება, 120 დოლარის ნაცვლად, 180-200 დოლარის ფარგლებში იქნება. ამ განცხადების მიუხედავად ქართული მხარე არ აკონკრეტებს თუ რა ფასად მოხდება აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა. ან რომელი კომპანიები მოგვაწვდიან. ქართველი ჩინოვნიკები, როგორც ყოველთვის, ენერგეტიკულ საკითხებზე საეჭვო დუმილს ამჯობინებენ. ექსპერტები აცხადებენ, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაცია სახელმწიფო კომპანიაა, ამიტომ კორპორაციის მმართველები ვალდებულები არიან საზოგადოების ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცენ.
გაზის ტარიფი არ შეიცვლება აზერბაიჯანთან საგაზო მოლაპარაკებების ფონზე, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნისათვის შესასყიდი აირის საფასურის ზრდა სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება. როგორც ენერგეტიკოსები აცხადებენ, საქართველოში ძირითადად აზერბაიჯანული გაზი შემოდის. შეწონილ ტარიფში, რომელიც 167 დოლარს შეადგენს, მნიშვნელოვანი წილი რუსულ 235-დოლარიან გაზს უჭირავს. თუ აზერბაიჯანული გაზი მთლიანად რუსულ გაზს ჩაანაცვლებს, მისი ღირებულება 190 დოლარიც რომ იყოს, ადგილობრივ მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ უნდა გაუძვირდეს. ამას ლარის გამყარებაც ემატება და როგორც ექსპერტები აცხადებენ ამ სიტუაციაშიც კი სემეკმა ხელოვნურად გაბერილი ტარიფის რამდენიმე თეთრით გაიაფებაზე უნდა იფიქროს. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. ეკონომიკური ექსპერტის გია ხუხაშვილის განცხადებით, ხალხი უკვე დაზარალებულია, რადგან ბუნებრივ გაზზე უკვე არსებული ტარიფი, რომელიც გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია, მათთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.
იაფ დენში ისევ ძვირს გადავიხდით ასევე არ იგეგმება დენის ტარიფის გადახედვაც. სპეციალისტები კარგა ხანია ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში არსებული უხვი ჰიდრორესურსების ფონზე ელექტროენერგია 1 კილოვატ საათზე 13-დან 18 თეთრამდე არ უნდა ღირდეს. ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია დაახლოებით 2 თეთრამდე ღირს. თბოსადგურებისა და ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგია წლიურ ბალანსში 75%-25%-ის ფარგლებში ბალანსდება. ექსპერტების თქმით, თბოსადგურების წილი საკმაოდ მაღალია, თუმცა ვინაიდან ენერგეტიკა მონოპოლიზებულია, ამის განსაზღვრა ძალიან რთულია. "რატომ გვახდევინებს მთავრობა 17 თეთრს იმ ელექტროენერგიაში, რომლის გამომუშავება ჰიდროელექტროსადგურებს 1 თეთრი უჯდებათ. ვის ჯიბეში მიდის 16-თეთრიანი სხვაობა.", - კითხულობენ ექსპერტები. სხვათა შორის, წლიურ ბალანსში ჰიდრორესურსებისა და თბორესურსების წილის განსაზღვრაზე გავლენას ამინდიც ახდენს. წლეულს ზამთარი საკმაოდ უხვნალექიანი იყო, ამიტომ არ არის გამორიცხული ენერგეტიკაში ჰიდრორესურსების წილმა 75%-ს ბევრად გადააჭარბოს. ამ შემთხვევაში მონოპოლისტი ენერგოკომპანიები ზემოგებაზე გადიან. გარდა ამისა, ტარიფში შესამცირებელია "თელასის" მიერ განხორციელებული ინვესტიციების ზღვრული ოდენობა. ფაქტობრივად, როდესაც რუსებმა ამერიკელებისაგან "თელასი" შეიძინეს, სისტემის მოწესრიგებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციები უკვე განხორციელებული იყო. ამ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ რუსებს ამერიკელებისგან არანაირი ვალდებულება არ გადმოყოლიათ. ტარიფში კი ინვესტიციების წილი არ შეცვლილა. თავის დროზე, ელექტროენერგიაზე ფასის გაზრდა გაზის გაძვირებამ გამოიწვია. ყოველი შემთხვევისთვის მთავრობაში ასე ამბობდნენ. ექსპერტების განცხადებით კი, ეს მიზეზი იყო, რომელსაც ენერგეტიკოსები ხელიდან ვერ გაუშვებდნენ. თანაც მაშინ ჰიდროელექტროსადგურები განადგურებული იყო და ამიტომ მთლიან ენერგეტიკაში თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი დიდი იყო. ამ დროისათვის მთავრობამ ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონი ლარი დახარჯა. ასევე "უცხოელ" ინვესტორებს მთელი ქართული ენერგეტიკა ჩალის ფასად იმიტომ გადააბარა, რომ მათ ჰესების რეაბილიტაცია უნდა მოეხდინათ. შესაბამისად, ენერგეტიკაში ჰიდრორესურსების წილი მნიშვნელოვნად უნდა გაზრდილიყო, ჰესებს ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის გაზი არ სჭირდებათ. "განცხადება იმის შესახებ, რომ დენის ტარიფი გაიზარდა იმის გამო, რომ რუსეთმა გაზის ფასი გააძვირა, არის რუსეთის სახელით საკუთარი მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა. რუსეთმა გაზის ფასი რამდენადაც არ უნდა გააძვიროს, გაზით გამომუშავებული ელენერგიის წილი მოხმარებული ელენერგიის 25-30%-ს ვერ ასცდება მიწერების ჩათვლით (ყველაზე დიდი ფული სათბობი მასალის მიწერებში კეთდება). ჰიდროელექტროსადგურები ხომ არ მოიხმარენ გაზს, იქ რატომღა გაზარდეს ტარიფები 2-ჯერ და მეტად. ე.ი. ტარიფის მომატებისათვის გაზის ფასის ზრდა თვალთმაქცურად გამოიყენება", - აცხადებენ ექსპერტები. შესაბამისად,თუ პოლიტიკური ნება იქნება ელექტროენერგიის ტარიფიც უნდა შემცირდეს. ეს პროცესი ჯაჭვური რეაქციით, პურისა და სხვა პროდუქტის გაიაფებასაც გამოიწვევს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |