|
|
"რეზონანსი "
ვესთერნი - ეს უნივერსალური ფორმაა: საზოგადოებას აქვს ბნელი და საძაგელი მხარეც, ჩვენ მას ვერასოდეს გამოვასწორებთ, თუ სიმართლეს თვალს არ გავუსწორებთ ლელა ოჩიაური
ბოლო წლებში, უამრავი გამომცემლობისა და გამოცემის არსებობის მიუხედავად, იშვიათად გამოდის ლიტერატურა (სამეცნიერო იქნება ეს თუ ე.წ. შემეცნებით-პოპულარული - ანუ მაყურებლის ფართო წრეებისთვის განკუთვნილი) კინოს შესახებ; ხოლო ის, რაც არსებობს და ევროპულ თუ ამერიკულ კინემატოგრაფს ეძღვნებოდა, საბჭოთა კავშირის დროს, ჯერ ერთი, ძალიან მწირი იყო და მეორეც, კომუნისტური იდეოლოგიის საფუძველზე იყო დამყარებული. მაშინდელი საზოგადოება არც ხარისხიანი უცხოური ფილმების დიდი რაოდენობით იყო განებივრებული. დღეს არჩევანი დიდია, შეზღუდვა არ არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად ამ სამყაროში არც "გზამკვლევი" არსებობს. ამდენად, მნიშვნელოვანია და საჭიროც, რომ კინოს მოყვარულებისა თუ სპეციალისტების ბიბლიოთეკები ისეთი კინოლიტერატურით გამდიდრდეს, რომელიც თანამედროვე კინემატოგრაფისა თუ მისი ისტორიის შესახებ თანამედროვე "ენითა" თუ ხედვით გვიამბობს. სწორედ ამგვარ, "დუმილის დარღვევის", მაგალითს წარმოადგენს გამომცემლობა "არეტეს" ახალი გამოცემა "ერთი მუჭა ვესთერნი", რომელიც (როგორც სათაურიდანაც ჩანს) ერთ-ერთ უძველეს და პოპულარულ კინოჟანრს ვესთერნს ეძღვნება. სათაური - "ერთი მუჭა ვესთერნი" - სერჯო ლეონეს პირველი სპაგეტი ვესთერნის - "ერთი მუჭა დოლარი" პერიფრაზს წარმოადგენს და წიგნის თემას, მასში წამოჭრილ და გადაჭრილ საკითხებს მეტად ზუსტად და მკაფიოდ გამოხატავს. წიგნს ორი ავტორი ჰყავს - ირაკლი მახარაძე და რევაზ მახარაძე და ის ორ რეჟისორს - სერჯო ლეონესა და სემ ფექინფას ეძღვნება. როგორც ავტორები შესავალში აღნიშნავენ, წიგნში მთავარი აქცენტი გადატანილია "ორ მეამბოხე და ნოვატორ ხელოვანზე, რომელმაც უარყო ვესთერნის ჟანრში გაბატონებული დოგმები და დაარღვია ყველანაირი ტაბუ. მათ შეცვალეს და დახვეწეს არამარტო ვესთერნის, არამედ საერთოდ კინემატოგრაფის სახე." ციტატა, რომელიც წიგნის გარეკანზეა გამოტანილი, სემ ფექინფას ეკუთვნის და ისიც მკაფიოდ მიგვანიშნებს, ჟანრისა თუ მისადმი მიძღვნილი ტექსტის არსზე: "ვესთერნი - ეს უნივერსალური ფორმაა, რომელიც საშუალებას გაძლევს, გამოთქვა საკუთარი მოსაზრება დღევანდელობის შესახებ." ავტორები იუწყებიან: "წინამდებარე წიგნში შევეცადეთ თავი მოგვეყარა იმ მასალებისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში ვესთერნის შესახებ ვაგროვებდით." ისინი იხსნებენ ვესთერნის გამოჩენას საქართველოს კინოეკრანებზე, იმ ინტერესს, რომელიც ამ ფილმებმა გამოიწვია და ყურადსაღებ მოსაზრებას გვთავაზობენ, თუ რა იყო ამის მიზეზი. "... ეს ინტერესი არ იყო კულტის პერიოდის გალაქული ფილმებით დაღლილი მაყურებლის რეაქცია. ალექსანდრე ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, კონსტანტინე ლორთქიფანიძის, ლეო ქიაჩელის და სხვათა ლიტერატურაზე აღზრდილი და ასეთი ისტორიის მქონე ერთი (ჩვენი ისტორია ხომ ნაღდი ვესთერნია, რომელიც ქართველმა კინემატოგრაფისტებმა ღირსეულად ვერ ასახეს) ვერ დარჩებოდა გულგრილი შთამბეჭდავი სათავგადასავლო სანახაობისადმი, რისი კეთებაც ამერიკელებს ხუთიანზე შეუძლიათ. ადამიანები კი, ნებისმიერი ფორმაციის და პოლიტიკური რეჟიმის დროს მოწყურებულნი არიან კარგ სანახაობას." წიგნში ვეცნობით ვესთერნის ჟანრის ჩამოყალიბების პირობებსა და მიზეზებს, მისი განვითარების გზას, ქაუბოის (როგორც ამერიკული კინემატოგრაფის მიერ შექმნილი ყველაზე ცნობილი და ვესთერნის მთავარი გმირის) არსებობის ისტორიულ თუ სახელოვნებო (ლიტერატურაში, თეატრსა თუ შოუებში) პროცესებს და მათ გადასვლას ფილმებში კინემატოგრაფის ადრეულ წლებში. ავტორები საუბრობენ ჟანრის სპეციფიკაზე, მის თავისებურებებზე, პირველ ვესთერნზე - "მატარებლის დიდი გაძარცვა" (1903 წ.), რომელიც "მიჩნეულია არა მარტო პირველ ვესთერნად, არამედ პირველ ფილმად, რომელსაც გამართული სიუჟეტი ჰქონდა", რომელმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა იმ პერიოდის სხვა კინორეჟისორებსა და კინოფირმებზე და აღნიშნავენ, რომ: "ამერიკულმა კულტურამ მოგვცა ორი უნიკალური ჟანრი: ჯაზი და ვესთერნი, - თქვა ცნობილმა მსახიობმა და რეჟისორმა, ქლინთ ისთვუდმა. ფრანგმა რეჟისორმა, ჟან ლუკ-გოდარმა ვესთერნს ყველაზე კინემატოგრაფიული ჟანრი უწოდა, ხოლო კინოკრიტიკოსმა ლუი დელუკმა ის ანტიკურ დრამას შეადარა." საუბარია იმ რეჟისორებზე, ვინც ვესთერნის ჟანრში მუშაობდა - მუნჯი კინოდან, ვიდრე 21-საუკუნემდე; მის სახეცვლილებებზე, ჟანრის კრიზისზე; მის გავლენაზე "რკინის ფარდის" მიუხედავად, აღმოსავლეთის ბლოკის კინემატოგრაფზე, (ე.წ. "ისთერნები" ან "წითელი ვესთერნები"); მის გავლენაზე მოდაზე, ჩაცმულობის სტილზე, კინოკულტურაზე თუ საერთოდ, კულტურაზე. "ამერიკულ ვესთერნზე, ამ თანამედროვე რაინდულ რომანებზე, ამერიკელების არაერთი თაობა აღიზარდა. მათ აზროვნებაში მყარად იყო გამჯდარი ის იდილიური, ტრადიციული თქმულება ბოროტებისა და სიკეთის ორთაბრძოლის შესახებ, სადაც, რაც თქმა უნდა, სიკეთე იმარჯვებს. ბევრი ამერიკული ვესთერნის სიუჟეტი აღებულია ცხოვრებიდან და ძალიან ხშირად, ნეგატიური პროტოტიპებიდან იქმნებოდა დადებითი გმირი. ის ფილმებიც კი, რომლებიც განთქმული ბანდიტების ხასიათსა და ცხოვრებას ასახავდნენ, არავითარ შემთხვევაში არ ქადაგებდნენ ძალადობას, ქურდობასა და მკვლელობას, პირიქით, ისინი ვაჟკაცობისკენ, მეგობრობისაკენ, თავგანწირვისკენ მოუწოდებდნენ. თანამედროვე ვესთერნის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, სემ ელიოთმა ამ ჟანრის შესახებ თქვა: "არა მგონია, ეს ზნეობრივი მოძღვრება სიკეთე - ბოროტების წინააღმდეგ, როდესმე მოდიდან გამოვიდეს..." შემდეგ ავტორები უშუალოდ საკვლევ თემას ავითარებენ საუბრობენ ევროპული ვესთერნის, მისი ჩამოყალიბების, განვითარების, არსის და შემდეგ უკვე ძირითადად - სერჯო ლეონესა და მომდევნო თავში - სემ ფექინფას შესახებ. მათ სერჯო ლეონეს გამონათქვამი მოჰყავთ, სადაც იგი ამბობს: "მე ჯონ ფორდის ფილმები განსაკუთრებულად მიყვარდა... შემიძლია განვაცხადო, რომ ვესთერნის გადაღება მხოლოდ მისი წყალობით გადავწყვიტე. ჩემზე ძლიერ იმოქმედა ფორდის პატიოსნებამ და პირდაპირობამ. მისი გმირები, როგორც წესი, ვარდებით მოფენილი მომავლისკენ იცქირებოდნენ და ამით ფორდი უხვევდა ისტორიული სიმართლის გზიდან... ჩემგან განსხვავებით, ფორდი ნაღდი ოპტიმისტი იყო. ჩემს ფილმებში იგრძნობა მისი გავლენა, პირველ რიგში, ვიზუალურ მხარეს ვგულისხმობ." ავტორები აქცენტს აკეთებენ სერჯო ლეონეს პირველი ვესთერნის "ერთი მუჭა დოლარისა" და იმ დავის შესახებ, რომელიც მას აკირა კუროსავასთან, საავტორო უფლებების დარღვევასა და პლაგიატობაში დადანაშაულებაში (ავტორების თქმით, სამართლიანად) ბრალდების გამო ჰქონდა; ისტორიის გაგრძელებაზე წლების შემდეგ, ამ ფილმის სიუჟეტის კავშირზე გოლდონის პიესის "ორი ბატონის მსახურის" სიუჟეტთან, ამერიკული კინოს გავლენაზე იაპონურ კინემატოგრაფზე და პირიქით, ამერიკული კინოს გავლენაზე ლეონეს ფილმებზე. წიგნში მოთხრობილია ფილმთან დაკავშირებულ კიდევ ბევრ საინტერესო ფაქტზე (ისევე, როგორც ეს შემდგომ მთელ ტექსტში ხდება); საუბარია მსახიობებზე, ვინც ამ ფილმში მიწვეულნი იყვნენ და ვინც მასში მონაწილეობა მიიღო; საუბარია ქლინთ ისთვუდის ვარსკვლავადქცევისა (სერჯო ლეონეს წყალობით) და სხვა რეჟისორებთან მისი მოღვაწეობის შესახებ. ამ ფილმის და ანალოგიური ვესთერნების წარმატების) საიდუმლოს ავტორები ამგვარად ხსნიან: "ლეონეს ფილმში თითქოს ახალი არაფერი მომხდარა. მოქმედება ისევ ველური დასავლეთის ტიპურ პატარა ქალაქებში ხდებოდა, მთავარი პერსონაჟებიც შესატყვისად ჩაცმულდახურული იყვნენ, მაგრამ კლიშედქცეულ ტრადიციულ გარემოში მყოფი გმირების მოქმედება ვესთერნის დაკანონებულ ჩარჩოებს სცილდებოდა..." წიგნში იგივე პრინციპითაა გაანალიზებული ლეონეს "დოლარის ტრილოგიის" ფილმები, "რამდენიმე დოლარით მეტი", "ერთი მუჭა დინამიტი", "კარგი, ცუდი, ბოროტი", "ერთხელ დასავლეთში". მათი მიმოხილვისა და ანალიზის შემდეგ ავტორები თანამედროვე ვესთერნის მეორე ფიგურის - სემ ფექინფას შესახებ საუბრობენ და წერენ: "ძალადობა ხელოვნებაში - ეს დრამატული კონფლიქტის გამოხატვის ფორმაა. შოკი, გამოწვეული ეკრანული ძალადობის შედეგად, ერთგვარი საშუალებაა, რათა მაყურებელმა კათარზისს მიაღწიოს. ალფრედ ჰიჩკოკი ამბობდა, რომ ძალადობამ ეკრანზე მხოლოდ ავადმყოფურ ტვინში შემოძლება გამოიწვიოს ავადმყოფური რეაქცია, ანუ სურვილი მიბაძვისა..." ისინი თვალს ადევნებენ ხელოვნებაში ძალადობის თემას, იქნება ეს შექსპირი, რომანტიკული ოპერა თუ თანამედროვე კინემატოგრაფი, ვესთერნის ჩათვლით და ამგვარი ნაწარმოებების შექმნის "აუცილებლობაზე", მათ მიმართ საზოგადოების მოთხოვნილებაზე, ინტერესის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ, იმ პერიოდის ხაზგასმით, როდესაც ფექინფას კინემატოგრაფი შეიქმნა. "60-იანი წლების ახალგაზრდა თაობის მაყურებელს სჭირდებოდა უფრო მეტი თავისუფლება, საკუთარი თავისა და მისწრაფებების გამოხატვის საშუალება და რაც მთავარია, ნაკლები ცენზურა... როცა ამერიკასა და მსოფლიოს დიდ ნაწილში სექსუალური რევოლუცია ბობოქრობდა, ისეთი გმირების ჩვენება, როგორც ეს 30-40 წლებში იყო, უბრალოდ სასაცილო იქნებოდა." ფექინფას ფილმები იმ პერიოდის მსოფლიო თუ ამერიკის ისტორიის თავისებური გამოძახილი, მათზე რეაქცია იყო, დამოკიდებულებისა ვიეტნამის ომის მიმართ, მოქალაქეობრივი პროტესტი იმ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც ამ ომის ეპიზოდებსა თუ საერთოდ სამყაროში სუფევდა. ავტორები აღწერენ, თუ როგორ ასახავდა იმ ძალადობას ფექინფა, რომელიც ერთნაირად აწუხებდათ და აწუხებთ ინგლისში, ამერიკასა თუ საქართველოში, რომლის მიმართაც საზოგადოების დამოკიდებულება ყველა დროში ერთნაირია. "სემ ფექინფამ სულ 15 ფილმი გადაიღო, ეს არცთუ ისე ბევრია, მაგრამ დღემდე ის ამერიკული კინოს ყველაზე საკამათო რეჟისორად ითვლება. "ველური ბანდისა" და "ჩალის ძაღლების" შემდეგ რეჟისორის შემოქმედება გახდა სინონიმი სასტიკი და, ამავე დროს, მშვენიერი ძალადობისა ეკრანზე და მოუტანა მას საეჭვო სახელი - "სისხლიანი" სემი..." ავტორები გვაცნობენ, თუ როგორ აფასებენ ფექინფას შემოქმედებას კრიტიკოსების და რეჟისორები და რას ფიქრობს თვითონ რეჟისორი: "კაცის კვლა არ არის სუფთა, სწრაფი და ადვილი საქმე - ეს სისხლიანი და საშინელი საქმეა. ფილმის ნახვის შემდეგ რამდენიმე ადამიანი მაინც თუ მიხვდა, რომ კაცისკვლა არ არის გართობა და თამაში. ესე იგი, რაღაცას მივაღწიე... "ველური ბანდა" იყო ჩემი პასუხი, ჩემი რეაქცია ყველა იმ ფილმის მიმართ, სადაც ძალადობა არის იოლი, არაბუნებრივი და არარეალური. სამწუხაროდ, ხალხის დიდი ნაწილი ძალადობის სანახავად კინოთეტრებში დადის იმიტომ, რომ ეს მათ აღაგზნებთ. ეს არ არის გართობა, ქაუბოებისა და ინდიელების თამაში - და აღნიშნავენ, - ფექინფა არ ადიდებდა ძალადობას, იგი მოგვითხრობდა ისტორიებს ადამიანებზე, რომელთაც სახელი ძალადობის კეთებით გაითქვეს... როგორც ირაკლი და რევაზ მახარაძეები წერენ: "მისი ცხოვრების ისტორია - ეს ბრწყინვალე ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანის თანამედროვე ტრაგედიაა, რომელიც ვერ შეეგუა სისტემის მოთხოვნებს და თავისი გმირების მსგავსად დაიღუპა. აკი თვითონაც ამბობდა, რომ იგი სხვა დროში უნდა გაჩენილიყო... ... თანამედროვე მძაფრსიუჟეტიანი კინო შეიძლება დაიყოს ორ პერიოდად - ფექინფამდე და ფექინფას შემდგომ. მისმა ორიგინალურმა სტილისტიკამ გავლენა იქონია ისეთ შემოქმედებზე, როგორც მართინ სქორსეზე, ბრაიან დე ფალმა, ჯონ ვუ, ქვენთინ თარანთინო, რობერთ როდრიგესი, უოლთერ ჰილი... 60-70-იან წლებში ფექინფას ფილმები იყო ალტერნატივა იმ ჰოლივუდური სიამოვნებისა, რომელსაც ამერიკული კინო აწარმოებდა. თუკი კინოძალადობა სხვა ფილმებში იყო ნიველირებული და ჩვეულებრივი, მან ის აჩვენა, როგორც არის სინამდვილეში." მათ მიერ მოხმობილ ციტატაში, თავად ფექინფა ამბობს: "მე მესმის, თუ რატომ აღიქვამს ზოგიერთი ჩემს ფილმებს, როგორც მძიმეს და შემაძრწუნებელს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ არად ჩააგდონ დღევანდელი სამყარო. მთელი მსოფლიოს ადამიანებმა უნდა შეიგნონ, რომ თანამედროვე საზოგადოებას აქვს ბნელი და საძაგელი მხარეც. ჩვენ ვერასოდეს გამოვასწორებთ მას, თუ სიმართლეს თვალს არ გავუსწორებთ." როგორც ავტორები წერენ: "სემ ფექინფას უდიდესი მიღწევა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აგრესიულად და შეუბრალებლად უგულებლყოფდა და ანგრევდა იმ ტაბუსა და დოგმებს, რითაც სულდგმულობდა ვესთერნი და საერთოდ კინემატოგრაფი. მისი დამსახურებაა, რომ კინემატოგრაფში თავისუფლების ახალი ტალღა შემოიჭრა... მან გვიჩვენა ახალი ტიპის გმირები, აუთსაიდერები, არცთუ სიმპათიური, მაგრამ ამავე დროს, ტრაგიკული ბიოგრაფიის ადამიანები, ბორხესის სადარი პერსონაჟები, რომლებიც ხანდახან იძულებული არიან, თავიანთი სინდისის საწინააღმდეგოდ წავიდნენ, რათა თავი გაიტანონ ამ ნიჰილიზმითა და სისასტიკით გაჟღენთილ სამყაროში, თუმცა საბოლოოდ ისინი საკუთარი ღირსების კოდექსს მიჰყვებიან და იღუპებიან." "ერთი მუჭა ვესთერნი" - ის, რაც ერთი შეხედვით, მსუბუქ, იოლ საკითხავად შეიძლება წარმოგვიდგეს (ვინაიდან ე.წ. მსუბუქ თუ "დაბალ" ჟანრს - ვესთერნს ეძღვნება), სინამდვილეში სერიოზული კვლევის საგანი აღმოჩნდა. წარმოდგენილი მასალა კონკრეტულ თემას სცილდება, არაა ჩაკეტილი მხოლოდ ამა თუ იმ ფაქტის, თუნდაც ფილმების შინაარსობრივი, სტილური გადაწყვეტის აღწერითა და ანალიზით, არამედ თავისთავად მოვლენის (სხვადასხვა კონტექსტში), ორი რეჟისორის შემოქმედების არსს ფართო სპექტრში ხსნის და ამავე დროს, თავისუფლად და "იოლად" იკითხება. წიგნის ბოლოს ავტორები ამბობენ: "დღეს ამერიკელი კინემატოგრაფისტები ისევ განაგრძობენ ფილმების კეთებას "ველური" დასავლეთის შესახებ... ზოგიერთ მათგანში კვლავ იგრძნობა ლეონესა და ფექინფას გავლენა და სული. იმედი გვაქვს, რომ მომავალი შედევრები (არა მარტო ამერიკული, არამედ ქართულიც) წინ გველის, რადგან ბევრ დიდი რეჟისორს ჯერ კიდევ არ გადაუღია თავისი პირველი ვესთერნი."
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |